მოქალაქის შეკითხვები მოსამართლეობის კანდიდატებს
რეზონანსი
(20.10.2019)

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ორი წლის წინ ჩატარებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსების ლოგიკური გაგრძელებაა... იუს მიერ შერჩეული კანდიდატების მიმართ სწორედ იმიტომ ჩნდება ამდენი კითხვა, რომ იუს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებისთვის არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და არც პარლამენტის სხდომაზე ერთი კითხვაც არავის დაუსვამს, ვინაიდან პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურები, ფაქტობრივად, წინასწარ შეთანხმდნენ კვოტებისა და ასარჩევი კანდიდატურების თაობაზე... 

იუს–ში გასაუბრების დაწყებამდე მის თითოეულ წევრს წარვუდგინე მტკიცებულებები კონკურსში მონაწილე ორი მოსამართლის არაკეთილსინდისიერების თაობაზე, თუმცა, საბჭოს წევრებს მათზე განმარტება არ მოუთხოვიათ და 20 –კაციან სიაშიც უპრობლეწნმოდ შეიყვანეს... 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლობად მივიჩნიე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებსაც და დაინტერესებულ საზოგადოებასაც ვაცნობო, რომ რამდენიმე კითხვა მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძის მიერ იუს ვებგვერდზე ატვირთული ავტობიოგრაფიის გაცნობის შემდეგ გამიჩნდა. ფაქტია, გარდა იმისა, რომ იმ უნივერსიტეტის დასახელებაა არასწორად მითითებული, რომელიც კანდიდატმა დაამთავრა, არ არის აღნიშნული, თუ სად მუშაობდა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე და უშუალოდ დიპლომის აღების შემდეგ. ამასთან, დამაინტერესა, თუ რა დამსახურებისთვის გადაიყვანეს 1998 წლის „რევოლუციური რეფორმისას“ მოსამართლედ პირველად და თანაც პირდაპირ საოლქო სასამართლოში გამწესებული ბატონი ნუგზარი, ერთი წლის შემდეგ უზენაეს სასამართლოში?

მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური ხარისხი არ აქვს, რატომ დათანხმდა შესულიყო თსუ იურიდიული ფაკულტეტის 8 კაციანი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში და 2008 წლის 11 აგვისტოს (ფაქტობრივად, ომის დროს), კონკურსში მონაწილე სამართლის დოქტორების სამეცნიერო კონცეფციების, ფაქტობრივად, „ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის“ საფუძველზე „ჩაერეცხა“ სააკაშვილისთვის არასასურველი პროფესორები ცოდნის ტაძრიდან?

ბატონმა ნუგზარმა უზენაეს სასამართლოში ერთ-ერთი საქმის „ზეპირი განხილვის გარეშე“ (ასე აქვს მითითებული) განხილვისას (N3ბს-1309-1252/კ-09), მართალია აღიარა, რომ „სდექ ხაზი მკრთალად მოჩანდა”, როგორც ჩანს, საპატრულო პოლიციისა და ქვედა ინსტანციის მოსამართლეების ინტერესებში დაასკვნა: „მძღოლისთვის მაინც შესამჩნევი იყოო”... შეიძლება, მას მართვის მოწმობაც აქვს და მანქანასაც დიდი ხანია ატარებს, მაგრამ ფაქტია, რომ არამარტო „სდექ ხაზის” თაობაზეა გაურკვევლობაში ... როგორც მის მიერ ხელმოწერილი განჩინებიდან ჩანს, სავალ ნაწილზე დატანილ „საგზაო მონიშვნასაც”, აშკარად ვერ ანსხვავებს ბოძებზე დამონტაჟებული „საგზაო ნიშნებისგან”. სხვა საქმეში ბატონ ნუგზარს იმაშიც გაუჭირდა გარკვევა, რომ „უარი განაცხადა ალკოტესტში ჩაბერვაზე” და „თავი აარიდა სიმთვრალეზე შემოწმებას”, სავსებით შესაძლებელია, არ იყოს ერთიდაიგივე და სრულიად ფხიზელი მძღოლი, რომელმაც სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით გაირა ექსპერტიზა, სამართალდამრღვევად მიიიჩნია. 

ნუგზარ სხირტალაძემ ვერც თბილისის მერიისა და შპს „სი–ტი პარკის“, ფაქტობრივად, სრულიად აშკარა თაღლითურ და კორუფციულ გარიგებაში დაინახა რაიმე მიუღებელი, თუმცა დედაქალაქის ახალმა მერმა (მითუმეტეს არაიურისტმა...), ფაქტობრივად, არჩევისთანავე, შეწყვიტა ხელშეკრულება არსებითი დარღვევების გამო... 

როგორც ჩანს, მოსამართლემ არ იცის პალატაში საჩივრებს „ზეპირი მოსმენის გარეშე” უნდა იხილავდნენ თუ „ზეპირი განხილვის გარეშე”. თუ იცის, მაშინ იქნებ ამიხსნას, როგორ ახერხებს სამი მოსამართლე გადაწყვეტილებების მიღებას საქმის „ზეპირი განხილვის გარეშე”?! კოლეგიურად არ იხილავენ და ერთ-ერთი მათგანი დანარჩენების ნაცვლად წერს, რასაც მოისურვებს?! შესაბამისად, მის მიერ ხელმოწერილი განჩინებების გაცნობისთანავე დავასკვენი, რომ მიუკერძოებლობისა და კომპეტენტურობის ხარისხით არ შეესაბამება ევროსტანდარტებს. 

რაც შეეხება, პრეტენზიებს სააპელაციო სასასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძის მიმართ, ისინი დაკავშირებულია 2017 წელს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთანაც, რომლითაც იუს არამოსამართლე წევრის ასარჩევი კონკურსის ბათილად ცნობა მოვითხოვე. ბუნებრივია, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე კონკურსის შეჩერებაც მოვითხოვე, რაზეც ქადაგიძემ, ფაქტობრივად, მხოლოდ იმიტომ მითხრა უარი, რომ, თურმე „არაპირდაპირ, მაგრამ, ფაქტობრივად, შევეცადე საკანონმდებლო აქტის მოქმედების შეჩერებას“... სწორედ, ამის შედეგია, რომ პარლამენტთან დავა დღემდე არ დასრულებულა, თუმცა 2 წლის წინ თანამდებობებზე კანონდარღვევით (ფაქტობრივად, გაყალბებული კონკურსებით) გამწესებულმა იუს არამოსამართლე წევრებმა, ქალბატონ ნინოსთან „გასაუბრების“ შემდეგ, ის იმავე პარლამენტს წარუდგინეს უზენაეს სასამართლოში ასარჩევად, რომლის ინტერესები მოსამართლემ საკმაოდ ეფექტურად დაიცვა...

მაინტერესებს, რუსეთიდან ჩამოსული ვინმე ოსტაპ ბენდერის ნეიროქირურგის თანამდებობაზე თბილისში დანიშვნა რომ გასაჩივრებულიყო სასამართლოში და ნიუ ვასიუკიში გაცემული მისი დიპლომის ნამდვილობაში შეეტანათ ეჭვი, მოსამართლე ქადაგიძე არც მას შეუჩერებდა უფლებამოსილებას და საშუალებას მისცემდა ჩვენი მოქალაქეებისთვის ოპერაციები წლების განმავლობაში უპრობლემოდ ეკეთებინა?! 

იმავე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვერც ქალბატონმა ნინომ დაინახა კანონმდებლობასთან შეუსაბამობები თბილისის მერიასა და შპს „სი–ტი პარკს“ შორის გაფორმებულ, ფაქტობრივად, ამორალურ გარიგებაში... 

ქალბატონი ნინო უზენაეს სასამართლოში მუშაობის პერიოდშიც იღებდა, ფაქტობრივად, აშკარად მიკერძოებულ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, როგორც მახსოვს, „ვარდების რევოლუციის” მეორე დღესვე, სწორედ მან სცნო გაყალბებულად მხოლოდ პროპორციული სიებით ჩატარებული არჩევნები, ხოლო მაჟორიტარების არჩევის პროცედურაში დარღვევები ვერ შენიშნა (ფაქტობრივად, „ნაციონალურ ინტერესები“ გაითვალისწინა...). ამასთან, არჩევნების კანონიერების საკითხი, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად გადაწყვიტა, ვინაიდან გვერდით კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი (ფაქტობრივად, კომუნისტებისდროინდელიდან შემორჩენილი...) ორი „სახალხო მსაჯული” ედგა.... ამასთან, მანვე, ვერც 2003 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს სახელით განჩინების გამოტანისას შენიშნა, რომ კანონით გაუთვალისწინებელი 5 – ჯვრიანი დროშა, ფაქტობრივად, უკვე ყველა სახელმწიფო დაწესებულებებზე ფრიალებდა და `ზეპირი მოსმენის გარეშე” თქვა უარი იუსტიციის სამინისტროდან, ფაქტობრივად, პარტიული („ნაციონალური“) სიმბოლოს ჩამოხსნის თაობაზე 2000 წელს შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე... 

რამდენიმე კითხვა კანდიდატის მიერ იუს ვებგვერდზე ატვირთული ავტობიოგრაფიის გაცნობის შემდეგაც გამიჩნდა. როდესაც, საქმეებით გადატვირთულობის გამო, მოსამართლეები ვადებში ვერ ეტევიან, ხოლო თბილისში ასეულობით სამართლის დოქტორი და დოქტორანტია (მხოლოდ თსუ–შია 400–ზე მეტი...), როგორ ახერხებს, აკადემიური ხარისხის არმქონე მოსამართლე, რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში სალექციო კურსების კითხვას?! ამასთან, როდესაც 10 წელი უზენაეს სასამართლოში წერდა გადაწყვეტილებებს და იუსტიციის უმაღლეს სკოლაშიც ასწავლის მომავალ მოსამართლეებს ადმინისტრაციულ სამართალს, როგორ შეიძლება საკუთარი ავტობიოგრაფია ვერ შეადგინოს გამართულად და რედაქციული ხარვეზებით, ხელმოუწერელი, თარიღის მითითების გარეშე და მესამე პირში შევსებული წარადგინოს საპასუხისმგებლო კონკურსზე?! ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძესავით, იმ უნივერსიტეტის დასახელებაც ვერ მიუთითოს სწორად, რომელმაც, ფაქტობრივად, „სამართლიანობის აღდგენის“ უფლებამოსილება მიანიჭა...

ამდენად, მიმამჩია, რომ ქალბატონი ნინო სრულიად შეუსაბამოა მოსამართლის თანამდებობისთვის, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამოდინარე, საკმაოდ მაღალი ალბათობით შეიძლება პროგნოზირება, რომ მის პიროვნულ და პროფესიულ თვისებებს იუს წევრების მსგავსად, დეპუტატებიც მოიწონებენ და უზენაეს სასამართლოშიც უვადოდ გაამწესებენ... 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხალხის რჩეულებს, ვთხოვ, არ დაუჭირონ მხარი საეჭვო რეპუტაციის მქონე მოქმედი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებას, რითაც საქართველოს ევროპულ კავშირში ინტეგრაციის შანსს შეუნარჩუნებენ.

ავთანდილ კახნიაშვილი

ჩაწერა სახელი