აკაკი გვიმრაძე
(17.10.2019)

 ლინცი მეტად მოტივირებული და ამბიციური ქალაქია, რომელიც იბრძვის საიმისოდ, რომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ავსტრიის ტურისტულ რუქაზე და შესთავაზოს თავის სტუმრებს ნამდვილი ავსტრიული, ლოკალური შარმი, ყოველგვარი ტურისტული ტრიუკებისა და „საპნის ბუშტების" გარეშე.

როდესაც ავსტრიაზეა საუბარი, რაღა თქმა უნდა, მოგზაურთა უდიდესი ნაკადი ორი მთავარი მიზიდულობის ცენტრისკენაა მიმართული - ვენა და ზალცბურგი, თუმცა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თავისი ეკონომიკური პოტენციალით და სტრატეგიული გეოგრაფიული განლაგებით ლინცი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტერიაა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ლინცი მოსახლეობის რაოდენობით (204 846) მესამე ქალაქია ქვეყანაში და ამყად ატარებს უმსხვილესი გეოგრაფიული დანაყოფის - ზემო ავსტრიის დედაქალაქის და ჩრდილოეთის ეკონომიკური ცენტრის სტატუსს. იგი განლაგებული მდინარე დუნაის ორივე მხარეს და ჩეხეთის საზღვრიდან სულ რაღაც 30 კილომეტრის დაშორებით.

ლინცი ავსტრიის უმსხვილესი ინდუსტრიული ცენტრია, რომელიც პირველ რიგში ლითონის წარმოებით და საკონტეინერო გადაზიდვებითაა ცნობილი მდინარე დუნაიზე. ეს ბიზნესი ქალაქის შემოსავლების და განვითარების მთავარი გარანტორია, რაზეც არის დაფუძნებული ყველა ის სტრატეგიული აქტივობა, რომელსაც ლინცი განსაკუთრებულად ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ახორციელებს.

ამ აქტივობების მთავარი სამიზნე მიმართულია კულტურულ-საგანმანათლებლო ტრანსფორმაციისკენ და ამ მიმართულებით ახალგაზრდა და ნათელი გონებათა მოზიდვისკენ.

 2009 წელს ლინცი ევროპის კულტურულ დედაქალაქად იქნა არჩეული და ეს გახდა ბიძგი კულტურული-საგანმანათლებლო ცხოვრების მძლავრი განვითარებისკენ. აშენდა ახალი მუზეუმები და უნივერსიტეტები, სტუდიები და საგამოფენო სივრცეები ნიჭიერი და დამწყები ხელოვნებისთვის, რომელთაც აქვთ ამბიცია, რომ შექმნან ახალი, საინტერესო, ნოვატორული და წარუდგინონ ის საზოგადოებას.

იმ პერიოდიდან ქალაქმა დაიწყო გარდაქმნა სწრაფი ტემპებით და გაჩნდა ახალი შესაძლებლობები - შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქალაქი გადაქცეულია ერთ დიდ საგამოფენო ცენტრად - სივრცეები მაქსიმალურადაა გამოყენებული საიმისოდ, რომ კულტურული ოაზისები შეიქმნას შენობების სახურავებზეც კი, სადაც მუდმივმოქმედი გამოფენებია განთავსებული.

ლინცი მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს საიმისოდ, რომ მუშაობის პირობები შეუქმნას ახალგაზრდა ტალანტებს და ქირაობს მათთვის სამუშაო სტუდიებს, შემდეგ კი სთავაზობს შესაბამის საზოგადოებრივ სივრცეებს საკუთარი ნამუშევრების გამოფენისთვის.

ასეთი ტემპებით გაგრძელების შემთხვევაში ლინცი მალე შესძლებს საკუთარი ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადის გარკვეული პროცენტის თავისკენ გადანაწილებას.

თუმცა, მე თუ მკითხავთ, ლინცი ფასეულობა და განსაკუთრებულობა სწორედ ისაა, რომ ის არ არის ტურისტზე მორგებული და ორიენტირებული ქალაქი - ლინცი, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქალაქი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს საკუთარ მაცხოვრებლებს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეუქმნას.

აქ ვერ შეხვდებით ტურისტთა აბეზარ მასებს, რომლებიც გადაადგილების საშუალებას არ გაძლევენ და ყველგან შესასვლელ რიგებს ქმნიან, კითხებს სვამენ, კაფეებსა და ბარებს ავსებენ... მოკლედ მე პირადად ყველაზე ძალიან სწორედ ეს მომეწონა ამ ქალაქში.

 ლინცის ქუჩებში სეირნობისას იგრძნობა ნამდვილი ავსტრიული გარემო, ლოკალური, ბუნებრივი, არახელოვნური, კეთილგანწყობილი ადგილობრივი მოსახლეობით და მრავალი შესაძლებლობებით, რომ დღის განმავლობაში საინტერესო აქტივობებით დაკავდეთ.

მომეწონა, რომ მდინარის შესაძლებლობები ეფექტურად არის გამოყენებული, როგორც ეკონომიკური, ისე საკრუიზო პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებით.

აქაური რესტორნები ავსტრიული და ევროპული კულინარიული მიმდინარეობების ნაზავია და ამ მხრივ ლინცი განთქმულია ლინცური ტორტით, რომელიც მსოფლიოს უძველეს საკონდიტრო ნაწარმად ითვლება და მისი პირველი რეცეპტი ჯერ კიდევ 1653 შეიქმნა.

ვფიქრობ, რომ ვისაც გაინტერესებთ, განსხვავებული მარშრუტი, ჯერ კიდევ ტურისტული ნაკადებისგან თავისუფალი და ხელშეუხებელი - ლინცი ზუსტად ასეთი ადგილია. თანაც, მეტად მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო ლოგისტიკა ქალაქში ჩასვლის საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა - ვენის აეროპორტიდან ჩქაროსნული მატარებელი პირდაპირ ლინცის რკინიგზის სადგურში 01.45 საათში ჩაგაქროლებთ, დანარჩენი კი უკვე ადგილზე. ლინცი რეკომენდირებულია.

ჩაწერა სახელი