აკაკი გვიმრაძე
(19.09.2019)

 აინდჰოვენი - ეს არის ახალი ჰოლანდიის ახალი სახე და მისი მომავალი - ქალაქი, რომელიც დღეს ქმნის ქვეყნის მომავალს და მის მნიშვნელობას ევროპისათვის ახალი ფუნქციებით ამდიდრებს. ეს არის ქალაქი, რომელიც მუდმივ მოძრაობაში და განვითარებაშია - ქმნის, იგონებს, ანვითარებს, ატარებს ექსპერიმენტებს და წინ მიიწევს.

აინდჰოვენი იბრძვის საიმისოდ, რომ უახლოეს მომავალში დიდი გარღვევა მოახდინოს და განუცხადოს სამყაროს, რომ ბევრი საინტერესო რამ შეუძლია შესთავაზოს სტუმრებს, რომლებიც გადაწყვიტავენ, რომ ერთხელ მაინც გადაუხვიონ ჩვეულ და ცნობად ჰოლანდიურ ბილიკებს, რომლებიც ამსტერდამისკენ, ჰააგისკენ, როტერდამისკენ მიდის და მოისურვებენ რაღაც ახალი და განსხვავებული აღმოაჩინონ.

ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციის მთავარ ქალაქში, რომელიც სიდიდით მეხუთეა ჰოლანდიაში (მოსახლეობა - 213 000) ისინი აღმოაჩენენ ისტორიისა და თანამედროვეობის საინტერესო ნაზავს, აღმოაჩენენ საოცარ ზღაპარს იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა ერთი ჩვეულებრივი სოფელი ევროპის ტექნოლოგიურ ჰაბად და ჰოლანდიის დიზაინის დედაქალაქად.

მე-20 საუკუნის დასაწყისამდე განსაკუთრებულად არაფრით გამორჩეული დასახლების "კონკიას ზღაპარი" მას შემდეგ დაიწყო, რაც 1891 წელს აინდჰოვენი გახდა სახლი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ელექტრონული გიგანტის "ფილიფსისთვის", რომელმაც აქ თავისი სათაო ოფისი დააარსა და 1997 წლამდე დარჩა.

 "ფილიფსთან" ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა აინდჰოვენიც - რომელმაც იმ პერიოდში "სინათლის ქალაქის" წოდება მიიღო, სწორედ "ფილიფსის" გამო.

ფრიც ფილიფსი - ეს არის კაცი, რომლის სახელიც თითოეუელმა აინდჰოვენელმა იცის და რომლის სახელსაც ქალაქის მრავალ კუთხეში გადაეყრებით. ფრიცი "ფილიფსს" ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და უდიდესი წვლილი შეიტანა აინდჰოვენის განვითარებაში, აგრეთვე, სამუდამოდ უკვდავყო საკუთარი სახელი იმითაც, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 382 ებრაელის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. ამიტომაც, სამართლიანია, რომ პარკები, სკვერები, ქუჩები, სპორტული ობიექტები აინდჰოვენში მის სახელს ამაყად ატარებენ.

ქალაქს საკმაოდ ძველი და მდიდარის ისტორიაც აქვს - მნიშვნელოვანი თარიღი 1232 წელი იყო, როდესაც ბრაბანტის დიუკმა, ჰენრი პირველმა "პატარა სოფელ აინდჰოვენს" მიანიჭია ქალაქის წოდებისა ტარებისა და ბაზრობის ორგანიზების უფლება, რამეთუ ის წარმოადგენდა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ პუნქტს ჰოლანდიასა და ლიეჟს შორის სავაჭრო გზაზე.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქი არაერთხელ დაიბომბა და მისი არქიტექტურაც მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა, გარკვეული ნაწილი გადარჩა და დღეს ის ორიგინალური სახით არის წარმოდგენილი და საინტერესო კომპოზიციას ქმნის თანამედროვე შენობებთან ერთად.

აინდჰოვენში ჩასვლა ძალზედ მოხერხებულია საჰაერო, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტით. აინდჰოვენის აეროპორტი დატვირთულობით მეორეა მთელს ჰოლანდიაში (ამსტერდამის "სხიპოლის") შემდეგ და პირდაპირი რეისები ევროპის არაერთი ქალაქიდან (მათ შორის ქუთაისიდან) ხორციელდება (ძირითადად დაბალბიუჯეტიანი კომპანიები დაფრინავენ).

აეროპორტი სულ რაღაც 5 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან. აინდჰოვენის რკინიგზის სადგურიდან კი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მოხვდებით (ამსტერდამამდე სულ რაღაც 1.20 საათიანი გზაა მატარებლით) და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს ჰოლანდიის სარკინიგზო ჰაბია.

დღევანდელი აინდჰოვენი - ეს არის ჰოლანდიის დიზაინის დედაქალაქი, სადაც განლაგებულია დიზაინის აკადემია და ყოველწლიურად იმართება ჰოლანდიის დიზაინის კვირეული. აინდჰოვენი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად შოპინგისათვის სრულიად ჰოლანდიაში და აქვე მდებარეობს სტრატუმსაიდი - ქვეყანაში ყველაზე გრძელი (500 მეტრი) ქუჩა ბარებისა, პაბებისთვის და სხვა ათასნაირი გართობისთვის.

 რაღა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს სპორტი - ქალაქი ხომ ასევე ცნობილია თავისი სახელგანთქმული საფეხბურთო კლუბით "პსვ", რომელიც ევროპაში ანგარიშგასაწევი ძალაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

ლეგენდარული ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის მაგიური სამყარო ნაწილობრივ დაკავშირებულია აინდჰოვენთანაც - 1883-1885 წლებში ვინსენტი ცხოვრობდა და ქმნიდა თავის შედევრებს პატარა სოფელ ნოინენში, რომელიც აინდჰოვენიდან სულ რაღაც 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სწორედ აქ შექმნა ვან გოგმა მისი ერთ-ერთი სახელგანთქმული ნამუშევარი - "კარტოფილის მჭამელები". ასე რომ, სხვა უკვე ჩამოთვლილ სიკეთეებთან ერთად აინდჰოვენის კულტურული გემრიელობების შეთავაზებაც შეუძლია.

ქალაქი ჩაფლულია მწვანეში, გარშემორტყმულია პარკებით და ველოსიპედის ბილიკებს განსაკუთრებული პრიორიტეტი ეძლევა - ეკოლოგიაზე მაქსიმალური ზრუნვა აინდჰოვენის იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი სტრატეგიაა.

აინდჰოვენს შეუძლია შესთავაზოს სტუმრებს სასტუმროთა და რესტორანთა დიდი არჩევანი - ცნობადი საერთაშორისო ბრენდებიდან დაწყებული არტ-სასტუმროებით გაგრძელებული. ისეთი სასტუმროები, როგორებიცაა: NH Collection Eindhoven Centre და Inntel Hotels Art Eindhoven განსაკუთრებულ სერვისს და დაუვიწყარ დასვენებას სთავაზობენ თავიანთ სტუმრებს.

აინდჰოვენი ეს არის მუდამ მოძრაობაში მყოფი, სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომლის გზა - ეს არის მუდმივი ძიება. აინდჰოვენი არის მოტივირებული, სურს მიაღწიოს დიდ წარმატებას და თამამად ამბობს - ჩვენ ვართ აინდჰოვენი და ჩვენ ვიმსახურებთ მეტ ყურადღებას!

 

 

ჩაწერა სახელი