რეზონანსი
(08.09.2019)

 პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემდეგ მის წინააღმდეგ ორი წლის წინ შეტანილი სარჩელები ქუთაისში რომ განიხილეს, ანეგდოტი სულაც არ არის... ისიც ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ისე შეარჩია, რომ თვითონ მისი არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე გამწესების კანონიერებაა დღემდე სადავო... 

ვინაიდან იუს წევრთა შესარჩევი კონკურსები პარლამენტმა არსებითი კანონდარღვევებით ჩაატარა, მათი გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები 2017 წლის დასაწყისში შევიტანე. მივიჩნევ, რომ კონკურსი პარლამენტს უნდა გამოცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის რეგლამენტში მოცემული კონკურსის პირობა eწინააღმდეგება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნას, კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციების „კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს“ ნაცვლად, „კოლეგიური ორგანოს ხელმძღვანელებმა“ წარადგინეს და არც წარმდგენი ორგანიზაციების სამართალწარმოებაში მონაწილეობა დასტურდება... 

ბუნებრივია, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე კონკურსის შეჩერება მოვითხოვე, რაზეც საქალაქო სასამართლომ უარი მითხრა. კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ იმ მოსამართლემ (ქადაგიძემ) არ დამიკმაყოფილა, რომელიც იუს–მა პარლამენტში წარსადგენად შერჩეულ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შორის დაასახელა... 

ამის შემდეგ სარჩელები რატომღაც ქუთაისში გადაიგზავნა... თავიდან, სასამართლოს თავმჯდომარეს (გოგოხიას) დაეწერა. ბოლოს კი მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისში განიხილა იუს მიერ სამი წლის ვადით დანიშნულმა მოსამართლე მილდენბერგერმა, რომელიც მოსამართლეობამდე უცხო ენას ასწავლიდა და გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა... ცხადია, მოთხოვნები არ დამიკმაყოფილა, ვინაიდან სხდომაზევე განაცხადა, დაკმაყოფილების შემთხვევაში თავად აღმოვჩნდები უკანონოდ დანიშნულიო...

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი სწორედ იმ დღეს, 17 ივლისს, განიხილა (მოსამართლე მურთაზ მეშველიანი), როდესაც იუს–ში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო... დარწმუნებული ვარ, ამ სასამართლოს თავმჯდომარე, იუს აქტიური წევრი, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებზე სხდომების უცვლელი წამყვანი, დიმიტრი გვრიტიშვილი, არა თუ მის „სამფლობელოში“ შესული ყველა საქმის შედეგის, არამედ პარლამენტის მიერ იუს წევრებად ან მოსამართლეებად ასარჩევი პირების თაობაზეც წინასწარ ფლობს ინფორმაციას...

შესაბამისად, გასაგები ხდება, თუ რატომ არ დაესწრნენ ქუთაისში გამართული ხუთი სხდომიდან არც ერთს სასამართლოს მიერ მესამე პირებად ჩართული იუს არამოსამართლე წევრები (ქადაგიძე, ხარებავა, გზირიშვილი) და დავის განხილვაზე არც წარმომადგენლები გააგზავნეს... როგორც ჩანს, დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ ინტერესებს მოსამართლეებიც ეფექტურად დაიცავდნენ, მაგრამ უპრიანი იქნებოდა, სასამართლოს მიმართ მაინც გამოეხატათ პატივისცემა და საქმის არსს მაინც გასცნობოდნენ, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოში სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნის და/ან აბუჩად აგდების) მასშტაბებს. 

სარჩელებმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინეს, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის (ბესელიას) ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების თაობაზე, ხოლო ვიცესპიკერმა (ჩუგოშვილმა) დეპუტატებს იუს–დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა შესთავაზა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მესამე პირების არჩევისას დაშვებული ახლახან კი, უკვე იუს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იუს არამოსამართლე წევრები ფარული გარიგების საფუძველზე მოხვდნენ პარლამენტში, როდესაც საჯაროდ განაცხადა, ნაზი ჯანეზაშვილი იუს–ში მოხვედრას მიხეილ ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდესო... 

საქმის მასალებითაც, სწორედ ის დასტურდება, რომ კონკურსები არ ჩატარებულა. ფაქტობრივად, პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურები ერთმანეთში შეთანხმდნენ და საკუთარი „წარმომადგენლები“ აარჩევინეს დეპუტატებს... 

პარლამენტის წინააღმდეგ 2 წლის წინ დაწყებული დავა, სამართალწარმოების არაგონივრული ვადით გაჭიანურების გამო, ფაქტობრივად, უკვე უზენაეს სასამართლოსთან მიმართებითაც უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან პარლამენტის მიერ თანამდებობებზე კანონდარღვევით გამწესებულმა იუს არამოსამართლე წევრებმა ჯერ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში დანიშნეს მოსამართლეები, ბოლოს კი, ფაქტობრივად, თვითნებურად, უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიც შეარჩიეს. ამასთან, ზოგიერთი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს წევრია.

საკასაციო საჩივარი უკვე შეტანილია. ამდენად, უკვე უზენაესს სასამართლოს ეძლევა შანსი, პარლამენტის გარდა, იუს–შიც „აღადგინოს სამართლიანობა“. თუ სასამართლო კანონით იხელმძღვანელებს და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, პარლამენტს იუს არამოსამართლე წევრების შესარჩევად ახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს, ხოლო იუს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების A შერჩევის შედეგები გაუქმდება, რაც მომავალ პარლამენტს საშუალებას მისცემს მოსამართლეთა შერჩევის გაცილებით გონივრული პროცედურა შეიმუშაოს.

მართალია, „უზენაეს კანონს“ გარდამავალი დებულებაც დავუმატეთ „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, მაგრამ, თუ არჩევნებისა და კონკურსების სამართლიანად ჩატარება ვერ ვისწავლეთ და რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ვერ შევქმენით, ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს... ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული საქმე უკვე მე–4 „სასამართლო რეფორმის“ მე–4 ეტაპზე („ტალღაზე“) მყოფი ქართული სასამართლოსთვისაც „საგამოცდო ტესტია“ დამოუკიდებლობაზე და სწორედ უზენაეს სასამართლოზეა დამოკიდებული რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა. 

2019 წლის 16 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე უშუალოდ იუს წინააღმდეგ შევიტანე და არამოსამართლე წევრების ლეგიტიმურობის საკითხის გარკვევამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურის (კონკურსის) შეჩერება მოვითხოვე.. აღნიშნული საქმე მოსამართლე მეშველიანს (ამჯერად თამარს...) დაეწერა. შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არც მან დააკმაყოფილა და საქმის განხილვა 6 ნოემბერს ჩანიშნა, რის გამოც, როგორც ჩანს, როდესაც ეს საქმეც მიაღწევს „უზენაესამდე“, მესამე პირებს უფლებამოსილების ვადა ამოწურული ექნებათ, ხოლო მათ მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები საკასაციო საჩივარს მოპასუხის მიერ უვადოდ გამწესებული მოსამართლეების რანგში „დახვდებიან“... 

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ შესარჩევი პროცედურისა და „გამოცდელებისადმი“ უნდობლობის გამო ავტორიტეტული იურისტების ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა კონკურსში (მაგ,, ლია მუხაშავრიამ, ნათია წკეპლაძემ, გოჩა სვანიძემ, გელა ნიკოლაიშვილმა...) ხოლო იუს–მა პარლამენტს, ძირითადად, მიკერძოებული მოსამართლეები და თანამდებობის პირები წარუდგინა, თუ უზენაესი სასამართლო ვერ აღადგენს სამართლიანობას, გონივრული იქნება, თავად პარლამენტმა შეიკავოს თავი საეჭვო რეპუტაციის კანდიდატების არჩევისგან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსის ფორმირება მომავალ პარლამენტს მიანდოს. მით უმეტეს, რომ იუს არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსებიდან გამომდინარე უნდა ესმოდეთ, რომ ყოველთვის დარჩება ეჭვი მათ მიერ გამწესებული მოსამართლეების ლეგიტიმურობის თაობაზე (მიმაჩნია, მორალური უფლებაც აღარ აქვთ მოსამართლეები აირჩიონ...). 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ჩაწერა სახელი