თუ ქართველ კანონმდებლებს რეალურად სურთ ევროინტეგრაცია და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ფორმირება მოსამართლეები მაინც უნდა შეარჩიონ ევროპაში მიღებული სტანდარტებით
რეზონანსი
(09.06.2019)

 დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მოსამართლეების მიმართ მოქალაქეებს გაცილებით მეტი ნდობა ექნებოდათ, მათი შერჩევისას, თუნდაც ჩვენი წინაპრების მიერ დადგენილი კრიტერიუმებით რომ გვეხელმძღვანელა (მაგ., „გამჭრიახი გონიერება“, „მჩხრეკველობა“, „მიმხვდურობა“, „უქრთამობა“, „ღვთის მოშიშობა“...). ვენეციის კომისიამაც გვირჩია, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში რაც შეიძლება ასაკოვანი, გამოცდილი და დამოუკიდებელი იურისტები გავამწესოთ, თუმცა, დიდი ალბათობაა, რომ კონკურსში გამარჯვებულები, ფაქტობრივად, მხოლოდ „სამართლის ნორმების ცოდნაში“ მიღებული მაღალი ქულებით გამოვლინდნენ... 

ნამდვილად ვერ ვანდობდი მოსამართლეობას იმ იურისტს, რომელმაც ყველა კანონი ზეპირად იცის და სპეციალობითაც წლები აქვს ნამუშევარი, მაგრამ სამართლის ერთი ნორმის მიმართაც კი არ გამოუთქვამს საჯაროდ პრეტენზიაა, არც კანონმდელობის სრულყოფისთვის შემოუთავაზებია რაიმე წინადადება და ვერც განცხადების შევსებისას შენიშნა ხარვეზები. არადა, კანონმდებლობით კანდიდატის შერჩევის მხოლოდ ორი კრიტერიუმია განსაზღვრული , თუმცა განცხადებაში სამია ნახსენები. ამასთან, კანონმდებლობასთან შეუსაბამოა და არაგონივრულიც შრომის წიგნაკიდან ამონაწერის მოთხოვნა, ვინაიდან შრომის კოდექსი მას აღარ ითვალისწინებს. ასევე სრულიად გაუგებარია, რატომ ითხოვენ იუს წევრები კანდიდატისგან სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის გარდა, „უშუალო ხელმღვანელების“ ტელეფონების და ელექტრონული მისამართების მითითებას. კანდიდატის ნამსახურობის ნუსხა და მის მიერ, ფაქტობრივად, ათწლეულების განმავლობაში მიღწეული შედეგები, საკმარისი უნდა იყოს მისი შესაბამისობის თაობაზე სჯა-ბაასის გასამართად. ამასთან, ვინაიდან განცხადების ფორმაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მხოლოდ ორი საფუძველია მითითებული, როგორც ჩანს, არავის უფიქრია, რომ კვალიფიციური იურისტი, შეიძლება, სწორედ არაკომპეტენტურ ხელმძღვანელთან დაპირისპირების გამო იყოს „პირადი განცხადებით განთავისუფლებული“...

კონკურსის ჩატარების პროცედურაც არაგონივრულად მიმაჩნია და წინასწარ შერჩეული პირების გამოსამართლებისთვის საგანგებოდ შემუშავებულს გავს. მითუმეტს, რომ კარგად მახსოვს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებზე დანერგილი „ნეგატიური მოვლენა“, როდესაც არაოფიციალურ სიაში შეტანილი აბიტურიენტები უმაღლესი ქულებით იმარჯვებდნენ კონკურსებში. ფაქტია, სტუდენტების ცოდნის შეფასების 100 - ქულიანი სისტემა, არაკეთილსინდისიერ ლექტორს დღესაც აძლევს ქულებით მანიპულირების და სასურველი ნიშნის დაწერის საშუალებას. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რომ კონკურსში მონაწილე მეცნიერებიდან და წარმატებული ადვოკატებიდან პარლამენტში წარსადგენ კანდიდატებს, ფაქტობრივად, იუს მოსამართლე წევრები გამოავლენენ. არადა, 2008 წელს თსუ იურიდიული ფაკულტეტის „რეფორმირებისას“, სამართლის დოქტორების მიერ კონკურსზე წარდგენილი სამეცნიერო კვლევების კონცეფციები აკადემიური ხარისხის არმქონე 8 მოსამართლემ („საკონკურსო კომისიამ“) „ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა“ და მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელი მეცნიერები ცოდნის ტაძრიდან „ჩარეცხა“. 

ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც პარლამენტის ვიცე–სპიკერიც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იუს-დან არამოსამართლე წევრების გამოწვევას ითხოვენ, ანუ, ფაქტობრივად, ცალკეულ წევრთა კვალიფიკაციასაც საეჭვოდ მიიჩნევენ და მთლიანად იუს უცხადებენ უნდობლობას, სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია კანდიდატების კომპეტენტურობის ცალკეული მახასიათებლების მიხედვით და თანაც ქულებით შეფასება. 

ფაქტია ისიც, რომ იუს 2017 წლის 27 მარტის #1/33 შესაბამისი გადაწყვეტილებაც თავისთავად აჩენს კითხვებს და სრულყოფას საჭიროებს. მაგ., რა აუცილებლობას წარმოდგენს მე-9 მუხლში „წერისა და ზეპირი კომუნიკაციების უნარის“ ცალკე პუნქტად მითითება, ხოლო მომდევნო პუნქტებში „წერის უნარის“ და „ზეპირი კომუნიკაციის უნარის“ ცალ-ცალკე გამოყოფა. მით უმეტეს, რომ თ) პუნქტში მოცემული წინადადების ორ ნაწილად გაყოფისას, როგორც ჩანს, საკვანძო სიტყვა („წერილობით“) არის გამორჩენილი და ი) პუნქტი („წერის უნარები“) ისეა ფორმულირებული, თითქოს ზეპირად აზრის გადმოცემის უნარზე იყოს საუბარი. 

იუს დღევანდელი შემადგენლობიდან და შერჩევის პროცედურიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მიუღებელია, უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეობის კანდიდატებისთვის „სამართლის ნორმების ცოდნაში“, ფაქტობრივად, გამოცდის მოწყობა და 25 ქულით შეფასება. აღირებულია, რომ მოსამართლისთვის მთავარი ნორმების დამახსოვრება („დაზუთხვა“) კი არ არის, არამედ შესაბამისი ნორმის მოძიების, გააზრების და გონივრული განმარტების უნარია, ხოლო ნორმის ბუნდოვნობის შემთხვევაში, იურისტს უნდა შეეძლოს მისი არსის სხვა შესაბამისი ნორმების საფუძველზე დაზუსტება. ეს ყველაფერი მოსამართლის პოზიციის (ნებისმიერი გადაწყვეტილების) ჯეროვნად დასაბუთებისთვის არის აუცილებელი. 

მითუმეტეს, რბილად რომ ვთქვა, უხერხულია, მაგ., კონკურსში მონაწილე სამართლის დოქტორებს „სამართლის ნორმების ცოდნაში“ ქულები იუს–ს იმ წევრებმა დაუწერონ, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში თვითონ ვერ გაუციათ პასუხი არამოსამართლე წევრთა შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებულ რამოდენიმე მარტივ კითხვაზე ან თავად მათი გამწესების თაობაზე სასამართლოში მიმდინარე დავაში არიან მესამე პირებად ჩართულები. 

შექმნილ ვითარებაში, გაუმართლებლად მიმაჩნია, პარლამენტში წარსადგენი კანდიდატების ხმების 2/3–ით შერჩევაც. პარლამენტმა მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად მხოლოდ იმ იურისტების თაობაზე უნდა იმსჯელოს, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს წევრები ერთხმად დაუჭერენ მხარს. დაუშვებელია, უმაღლეს ინსტანციაში გამწესდეს პირი, რომელიც ერთ კითხვაზე მაინც ვერ გასცემს დამაკმაყოფილებელ (დასაბუთებულ) პასუხს და რომლის კეთილსინდისიერებაში, თუნდაც იუს ერთ არამოსამართლე წევრს მაინც შეეპარება ეჭვი. ამასთან, ვინაიდან დღევანდელ პარლამენტში ძნელი იქნება ერთიან პოზიციაზე შეჯერება, დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მხოლოდ სხდომაზე დამსწრეთა კვალიფიციური უმრავლესობით (მაგ., არანაკლებ 9/10–ით) მაინც უნდა აირჩეს, რომ სასამართლო ხელისუფლებისადმი მოქალაქეებსაც გაუჩნდეთ ნდობა (კონტიტუციით მხოლოდ „პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის“ მხარდაჭერაა საკმარისი...). მართლაც, გაუგებარია, როგორ შეიძლება „უზენაესში“ მართლმსაჯულებას ისეთი მოსამართლე ახორციელებდეს, რომელსაც, ფაქტობრივად, მხოლოდ მმართველი პარტია უჭერს მხარს, ხოლო ხალხის რჩეულების, თუნდაც 1/3 (50 დეპუტატი) არ ენდობა. 

არაფერი დაშავდება, თუ ამჯერად 20–ვე მოსამართლე არ შეირჩევა. მითუმეტეს, რომ მრავალმა ღირსეულმა იურისტმა, როგორც ჩანს „გამომცდელებისადმი“ ან/და პროცედურისადმი უნდობლობის გამო, თავი შეიკავა კონკურსში მონაწილეობისგან. სამაგიეროდ, კანდიდატებს შორის ისეთი მოსამართლეებიც არიან, რომლებსაც სრულიად დაუსაბუთებელი და პოლიტიკური („რევოლუციური“) გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, ხოლო მაგ., საპატრულო პოლიციის ინტერესებში „შუქნიშნის გამორთული სექციის დაუმორჩილებლობისთვისაც“ გაუმტყუნებიათ მძღოლი და მარჯვენა-მარცხენაც არევიათ... აღარაფერს ვამბობ, „უზენაესში“ მოსამართლეობის მსურველებზე, რომლებმაც ერთგვერდიანი ავტობიოგრაფიებიც კი ვერ შეავსეს გამართულად (რედაქციული ხარვეზებით, ხელმოუწერელი, თარიღის მითითების გარეშე ან მესამე პირში შევსებული ატვირთეს...). 

ამდენად, ვინაიდან შერჩევის პროცედურაში „ტექნიკური ხარვეზებია გაპარული“, ფაქტობრივად, მხოლოდ იუს და პარლამენტის წევრთა კეთილსინდისიერებაზე, პერსონალურ პასუხისმგებლობაზე და „პოლიტიკურ ნებაზეა“ დამოკიდებული გამოიყენებენ თუ არა შანსს, თავად სასამართლო ხელისუფლების მიმართ „აღადგინონ სამართლიანობა”. დარწმუნებული ვარ, თუ „უზენაესში“ რეალურად დამოუკიდებელი და კვალიფიციური იურისტები გამწესდებიან, ჯერ კიდევ შესაძლებელია, სასამართლო რეფორმაც გადარჩეს, საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმიც დავძლიოთ, და საქართველო, რეალურად ჩამოყალიდეს დემოკრატიულ, სტაბილურ და განვითარებულ ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ.

ავთანდილ კახნიაშვილი,

სამართლის დოქტორი

ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო (10.06.2019)
იურისტებად ითვლებიან 90-იან წლებში კიბის ქვეშა ვაიუნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, რომლებიც არც დადიოდნენ ლექციებზე. 2000-იან წლებში ასეთი უნივერსიტეტების დიპლომები 300 ლარი ღირდა. ასეთი დიპლომი აქვს გენპროკურორს ჰა მაგიტომ არ აჩენს თავის დიპლომს.