აკაკი გვიმრაძე
(22.05.2019)

 მოცარტის ჰანგებით გაჟღენთილი ქალაქის ატმოსფერო, რომელსაც მდინარე ზალცახი შუაზე ჰყოფს - გერმანულენოვან სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახულ ძველ ქალაქად, რომელიც 1997 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული და თანამედროვე-მომავლის არქიტექტურით დინამიურად განვითარებადი ახალი ქალაქის ნაწილი - ეს ავსტრიის სიდიდით (ვენას, გრაცისა და ლინცის შემდეგ) მე-4 ქალაქი ზალცბურგია.

ქალაქი, რომელიც "განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს კაცობრიობისთვის" - იუნესკო ზალცბურგზე, რომლის ძველი ქალაქის მონახულებისას დარწმუნდებით, თუ რატომაა ის ესოდენ მნიშვნელოვანი თანამედროვე სამყაროსთვის.

ქალაქმა მრავალი საუკუნის განმავლობაში შეძლო თავისი უნიკალური კულტურულ-ისტორიული მემკვიდერობის, არქიტექტურის შენარჩუნება და მისი გაზიარება მსოფლიოს ხალხებისათვის. პლანეტის ხალხთაგან კი ჩემი ზალცბურგში ყოფნის პერიოდში ყველაზე ხშირად აზიური ქვეყნების მოზრდილი ტურისტული ჯგუფები მხვდებოდა (ძირითადად სამხრეთ კორეა, იაპონია, ჩინეთი), რომლებიც ხარბად ეწაფებოდნენ ზალცბურგის მშვენიერებებს.

 

მოცარტის სამშობლო

 

 გეტრეიდეგასეს N9 - ეს არის მთავარი მისამართი ზალცბურგში, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმ ლეგენდარულ ატმოსფეროს, რომლითაც გარსშემოხვეულია ქალაქი - ამ სახლში 1756 წლის 27 იანვარს დაიბადა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური გენია - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.

აქ ყოველი პატარა კუთხე გაჟღენთილია მისი მუსიკით და დაკავშირებულია მის სახელთან - ის არის მაგიური მიზიდულობის ცენტრი, რომლის სახლთანაც ფოტოს გადაღებაზე ოცნებობს ყოველი აქ ჩამომსვლელი ტურისტი.

საყოველთაოდ ცნობილი უგემრიელესი ავსტრიული შოკოლადი მის სახელს და გამოსახულებას ატარებს, მისი დაბადების ადგილი კი უნიკალურ სახლ-მუზეუმად არის ქცეული, სადაც მოხვედრა ყველას სურს. უთვალავი ღონისძიება, პრეზენტაციები, ნადიმები, კონცერტები, ფესტივალები ზალცბურგში სწორედ მის სახელს უკავშირდება.

მოცარტი აქ არის ყველგან - თითოეული ზალცბურგელის სახლში, გონებაში, გულში, ქუჩაში, წყალში (მდინარე ზალცახზე სასეირნო ხომალდსაც რაღა თქმა უნდა ამადეუსი ჰქვია) და ჰაერში (ზაფხულის განმავლობაში არაერთი საჰაერო ბურთი მისი გამოსახულებით დანავარდობს ზალცბურგის თავზე. ერთი სიტყვით: ზალცბურგი არის მოცარტი და მოცარტი არის ზალცბურგი.

ქალაქს თავზე გადმოსცქერის და უკვე საუკუნეების განმავლობაში იცავს აუღებელი ციხესიმაგრე და ზალცბურგის უსაფრთხოების მთავარი გარანტი - მთა მიონხენსბერგზე აღმართული ჰოენზალცბურგი, რომელიც ჯერ კიდევ 1077 წელს აშენდა და მტრის არაერთ შემოტევას გაუძლო - დღემდე ამაყად დგას, როგორც სიმბოლო სიმტკიცისა და გაუტეხლობისა. ამ ციცაბო ციხესიმაგრეზე ასვლა პატარა მატარებლით არის შესაძლებელი, საიდანაც ქალაქის ფანტასტიური ხედი იშლება.

ზალცბურგის ერთ-ერთი მთავარი საფირმო ნიშანი სიმწვანეა - ბუნება აქ არის ყველგან, ქალაქის ცენტრშიც და მის გარეუბნებშიც. ამ რაოდენობის და მასშტაბის ბუნება და მცენარეები არცერთ სხვა ქალაქში არ მინახავს. ზალცბურგში სეირნობისას თავი ბოტანიკურ ბაღში ან ტყეში გგონია და ეს ყოველივე გარშემო მთებითაა შემორტყმული.

 

ლუდომანთა დედაქალაქი

 

 ლუდის კულტურა ქალაქის განუყოფელი ნაწილია - უკვე 600 წელიწადზე მეტია ზალცბურგში საუკეთესო ლუდი იხარშება. პირველი კომერციული ლუდსახარშები აქ ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში გაჩნდა.

სადღეისოდ ზალცბურგი ავსტრიის ლუდის დედაქალაქად იწოდება - ქალაქში და მის შემოგარენში 10 ლუდსახარში მოქმედებს. ამათგან ყველაზე მსხვილი და ცნობილი ორია - სახელგანთქმული "შტიგლი", რომელიც 1492 წლიდან მოქმედებს და დღეს ავსტრიის ყველაზე დიდი კერძო ლუდსახარშია და რაღა თქმა უნდა "ავგუსტინერბროი", რომელიც მონასტერ მიულნს ეკუთვნის და ზალცბურგელთა საყვარელ თავჭეყრის ადგილად ითვლება.

აღარ მაქვს საუბარი უთვალავ ლუდის ბაღებსა და რესტორნებზე, რომელიც ქალაქშია განლაგებული და აურაცხელი სახეობის ლუდს სთავაზობს მოყვარულებს. მოკლედ ლუდომანებისთვის ზალცბურგი ნამდვილი სამოთხეა.

 

ყველა გზა (აეროპორტი) ზალცბურგში მიდის

 

მეტად მოხერხებული გეოგრაფიული განლაგება ტრანსპორტირებას ზალცბურგისკენ ადვილს ხდის - 3 აეროპორტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ქალაქში კომფორტულად მოხვდეთ: მოცარტის სახელობის ზალცბურგის აეროპორტი, ვენის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც სწრაფი მატარებლით 300 კილომეტრიან მონაკვეთს 2.20 საათში გაივლით და მიუნხენის აეროპორტი, საიდანაც სულ რაღაც 1.45 საათში ამოყოფთ თავს ზალცბურგში. ასე რომ, სატრანსპორტო მისაწვდომობის კუთხით ქალაქში მოხვედრა ძალიან ადვილია.

თავად ზალცბურგის შიგნითაც ტრანსპორტით მგზავრობა ერთი სიამოვნებაა - ეკოლოგიურად სუფთა ტროლეიბუსები სუფთა ქალაქის სუფთა სტრატეგიაში იდეალურად ჯდება. ხოლო ამფიბიას ტიპის ტურისტული ავტობუსით ხმელეთიდან პირდაპირ მდინარე ზალცახში ჩაეშვებით და გასცურავთ ხომალდივით და იქიდანაც სრულიად მშრალად დაუბრუნდებით სახმელეთო გზას.

და მაინც, რა არის ის, რაც განსაკუთრებულს და განუმეორებელს ხდის ზალცბურგს - უპირველეს ყოვლისა არასტანდარტული განლაგება და ტოტალური გადამწვანება ყოველი მონაკვეთისა, სისუფთავე, რომელიც ევროპული სტანდარტებზეც კი მაღლა დგას და რაც მთავარია (ჩემთვის), ქალაქის გულში სეირნობისას რეალურად ვგრძნობდი ზღაპრულ შუა საუკუნოვან ატმოსფეროს, რომელიც ცოტა ხნით მაინც რეალობას გწყვიტავს და სხვა სამყაროში გადაჰყავხარ.

 

 

ჩაწერა სახელი