რეზონანსი
(15.05.2019)

 საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი „ურყევი ნება სამართლებრივი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა” კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ, ხოლო სულ ახლახან „უზენაეს კანონს“ გარდამავალი დებულებაც დავუმატეთ „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამდენად, თუ სასამართლო ხელისუფლება რეალურად არ იქცა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ინსტიტუტად, ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს.

არც ის უნდა იყოს სადავო, რომევროპული ტიპისსასამართლოსფორმირებისთვის, პირველ რიგში, „პოლიტიკური ნებაა“ აუცილებელი. შესაბამისად, თუ სახელმწიფოს მესვეურებსაც რეალურად სურთ ევროინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, ე. წ. მესამე ხელისუფლებას უნდა გამოუყონ შესაფერისი შენობები.ქართველ პოლიტიკოსებს, როგორც ჩანს, მხედველობიდან გამორჩათ, რომ მათი ევროპელი კოლეგები „სისტემის“ განვითარებისა და დემოკრატიულობის ხარისხზე პოლიციის შენობების იერსახის მიხედვით კი არ მსჯელობენ, არამედ სასამართლოების... 

ადამიანი შენობაში შესვლისთანავე უნდა განიმსჭვალოს პატივისცემითა და ნდობით სახელმწიფოს სახელით მოქმედი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოსადმი. 

საქართველოში ამ მხრივ რა ვითარებაა, მკაფიოდ ჩანს, აეროპორტიდან მომავალ ავტომაგისტრალზე აღმართული შსს–ს მესვეურთა რეზიდენციისა და დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე გზის პირას მდებარე ავეჯის სალონის უკან განთავსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის შედარებით. 

არც იმის გამართლება შეიძლება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოც დიღომში მთავარი გზის პირას მდგარი პროკურატურა-პოლიციის შთამბეჭდავი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლისთვის გათვალისწინებულ ნაგებობაშია განთავსებული, ხოლო სასამართლოს ეზოში შესასვლელი „მეორადი საქონლის“ საწყობებს უფრო შეეფერება. 

სამაგიეროდ, თბილისის პროკურატურისთვის აიგო ორიგინალური დიზაინის შენობა და ისიც თვალსაჩინო ადგილზე, განთავსდა (მას რომ გასცდები, „კაზინო–ტოტალიზატორის“ უშველებელ რეკლამასთან, მარჯვნივ,„შუკაში“ უნდა ჩაუხვიო და თბილისის სასამართლოსაც მიადგები...). 

გაცილებით გონივრულად არი სშერჩეული ადგილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის. პრესტიჟულ უბანში ბორცვზე აღმართული შენობის ნათელ ისხდომათაAდარბაზები ნამდვილად პატივისცემის გრძნობით განგაწყობს სასამართლო ხელისუფლებისადმი. რაც შეეხება დედაქალაქს, ფაქტია, რომ ადმინისტრაციულ საქმეებზე (მაგ., დავები პრეზიდენტთან, პარლამენტთან, მერიასთან ან შსს–თან...) `სამართლიანობის აღდგენა” დღემდე 2005 წლისმე–5 თვის 5 რიცხვში ნაუცბათევად გახსნილი 5 სართულიანი შენობის სხვენში (`მანსარდაში”) განთავსებულ უსარკმელო ოთახებში ხორციელდება. მართალია, მიმდინარე წლიდან, ადმინისტრაციული დავების ნაწილი უკვე მე-2 სართულზეც იხილება, სამაგიეროდ, სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განსახორციელებლად ახალი შენობის დახუთულ სარდაფში გამოიყო `სხდომათა დარბაზები”, რაც, პირველ რიგში, თვითონ მოსამართლეებისთვის უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და ცხადყოფს, რომ „სასამართლო რეფორმის მამებს“, ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული სასამართლო ხელისუფლების ადგილი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. 

როგორც ჩანს, არც მოდავე მხარეები გახსენებიათ, ვინაიდან არც საქალაქო და არც საპელაციო სასამართლოებთან ღია ავტოსადგომი საერთოდ არ არის გათვალისწინებული (არადა, დარწმუნებული ვიყავი, „პარკინგი“ ახალი შენობის სარდაფში მაინც მოეწყობოდა...). 

აღნიშნულიდან გამომდინარე, წლის დასაწყისში პარლამენტის მესვეურებს შევთავაზე გამონთავისუფლებული ავლაბრის რეზიდენციასასამართლო ხელისუფლებისთვის გადაეცათ. მართალია, ლუბლიანის ქუჩის მიმდებარედ გაიხსნა ერთსართულიანი „მართლმსაჯულების სახლი“, მაგრამ თუ მართლა გვინდა ევროპასთან დაახლოება, კარგი იქნებოდა, თუნდაც რუმინეთისგან აგვეღო მაგალითი, სადაც ქვეყნის ღირშესანიშნაობათა ჩამონათვალში „მართლმსაჯულების სასახლე“ პირველ ნომრად არის დასახელებული (მერე მოდის მეფის სასახლე და მსოფლიოში უდიდესი მთავრობის სახლი), ხოლო ესპანეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსში ქართველმა არქიტექტორებმაც მიიღეს მონაწილეობა და 330 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული „მართლმსაჯულების სასახლის“ პროექტი წარადგინეს...

მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების („მართლმსაჯულების სასახლის“) მტკვრის მეორე მხარეს, მით უმეტეს, სამების ტაძრის სიახლოვეს განთავსება, სიმბოლურადაც გაუსვამდა ხაზს მის დამოუკიდებლობას ხელისუფლების დანარჩენი შტოებისგან. 

ყველა შემთხვევაში, „პირველი პირებისთვის“ აგებულ შენობაში საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს ან „ადმინისტრაციული იუსტიციის“ განთავსებით სასამართლო ხელისუფლება შესამჩნევად აიმაღლებდა შელახულ ავტორიტეტს და ამ შთამბეჭდავი შენობის ფასადზე ამოკვეთილი შეგონება („ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!”) სიმბოლურ შინაარსს შეიძენდა. ამასთან, ავლაბრის სასახლეში სასამართლო ხელისუფლებაში შემავალი რომელიმე ინსტიტუტის განთავსება იმითაც იქნებოდა გამართლებული, რომ შენობის წინ არსებული ტერიტორია საჯარო სივრცეს დაუბრუნდებოდა და მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემოდათ. 

ვინაიდან, როგორც ჩანს, ავლაბრის რეზიდენციაკვლავ ხელისუფლების პირველი ორი შტოს მფლობელობაში დარჩა, კარგი იქნება, თუ გამორჩეული იერსახის „მართლსაჯულების სასახლე“ მეტრო „ისანის“ წინ არსებულ ტერიტორიაზე (რამოდენიმე ჰექტარია) აშენდება, რისთვისაც სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გამოისყიდოს აუცილებელი ქონება მესაკუთრეებისგან. ფაქტია, რომ ქეთევან წამებულის გამზირის N67–ის მიმდებარედ რამოდენიმე მიწის ნაკვეთის (ყოფილი ტრამვაი–ტროლეიბუსების პარკის) გასხვისების თაობაზე განცხადებები საჯაროდ არის გამოკრული,ხოლო გზის პირას მხოლოდ რამოდენიმე მცირე ზომის ობიექტია (მათ შორის, მშენებარე). „მართლმსაჯულების სასახლის“ პროექტი საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე უნდა შეირჩეს, ხოლო მშენებლობისთვის აუცილებელი თანხების მოძიებაში, დარწმუნებული ვარ, „მეგობარი ქვეყნებიც“ დაგვეხმარებიან და „სამართლებრივი რეფორმების ფონდის“ მეშვეობითაც შეიძლება შეგროვდეს (მითუმეტეს, რომ შემოწირულობებით ეკლესიებიც შენდება).

გონივრული იქნებოდა, „მართლსაჯულების სასახლის“ აშენებამდე, მეტრო „ისანის“ პირდაპირ მდებარე შენობაში, რომელშიც ადრე ისნის რაიონის სასამართლო და პროკურატურა იყო განთავსებული (ამჟამად სამედიცინო კომპანია „ევექს“ აქვს დაქირავებული), თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე ადმინისტრაციული კოლეგია განთავსებულიყო, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილს მოემსახურებოდა. „მართლსაჯულების სასახლის“ აგების შემდეგ კი, რომელშიც საქალაქო სასამართლო (შეიძლება სააპელაციოც) გადმოვიდოდა, დიღომში სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტაციულ საქმეთა მეორე კოლეგიები დარჩებოდნენ, რომლებიც საბურთალოს, დიდუბეს, ნაძალადევს, ჩუღურეთსა და გლდანს მოემსახურებოდნენ. 

ცხადია, რომ მტკვრის ხეობაში 40–ზე მეტ კმ–ზე გადაჭიმული ქალაქის მეორე ბოლოში სასამართლოს განთავსებამოქალაქეებსაც მოუხსნიდა შენობამდე მიღწევის პრობლემას (მითუმეტეს, გახშირებული საცობების პირობებში) და სამართალდამცავთა დროისა და საბიუჯეტო სახსრების ფუჭად ფლანგვასაც გამორიცხავდა. 

სრულიად გაუმართლებელია, როდესაც მაგ.,ვარკეთილში, ვაზისუბანში, ლილოსა ან ფონიჭალაში დაკავებული პირის დიდ დიღომში გადასაყვანად პოლიციელები რამდენიმე საათს და 10-15 ლარის საწვავს მაინც ხარჯავენ უაზროდ... არადა, დამოუკიდებლობის აღდგენამდე თბილისის 10–ვე რაიონში იყო სასამართლო, რომელთა გაერთიანების შედეგად ჯერ – 5 დარჩა, შემდეგ კი ერთი...

აღნიშნული იდეით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ორი წლის მივმართე, თუმცა არსებული შენობის მეორე გვერდიდანაც გაფართოება ამჯობინა, რამაც, ჩემი აზრით, პრობლემა ვერ მოხსნა.დარწმუნებული ვარ, სასამართლო რეფორმისა და მატერიალური ბაზის თაობაზე სპეციალისტებსაც და საზოგადოებასაც კიდევ მოუწევთ სერიოზული სჯა-ბაასი. 

ამასთან, მოქალაქეებს სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების „ურყევი ნებაც“ თუ შეგვრჩა, როგორც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გვირჩევს, ქმედებები „ანალიტიკურ აზროვნებაზე“ უნდა დავაფუძნოთ და არა ემოციებზე... ფაქტია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტისას, ხშირად ნაუცბადევად ვმოქმედებთ, რის გამოც, საერთო ჯამში, ძალზე ვაგვიანებთ და ერთხელ აშენებულის („რეფორმირებულის“) მრავალგზის გადაკეთება გვიწევს, რისი მკაფიო მაგალითიც, არა მარტო თბილისის საქალაქო სასამართლოს„მზარდი“ შენობა, არამედ უკვე მეოთხე „სასამართლო რეფორმის“ მე–4 სტადიაზე („ტალღაზე“) მყოფი სასამართლო ხელისუფლებაცაა...

იმედი მაქვს, მოსამართლეთა კორპუსის გონივრულად (თუნდაც ილია ჭავჭავაძის მიერ „ცხოვრება და კანონში“ და „სამართალი და ზღვევაში“ განსაზღვრული კრიტერიუმებით...) დაკომპექტების შემთხვევაში, ისანში აღმართულ „მართლსაჯულების სასახლეში“ მართლაც ევროსტანდარტების დონეზე განხორციელდება „სამართლიანობის აღდგენა“, რის გამოც მადლიერი მოქალაქეები მას „მართლმსაჯულების ტაძრადაც“ მოიხსენიებენ.

ავთანდილ კახნიაშვილი,

სამართლის დოქტორი

ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო (17.05.2019)
მხქლოდ შენობა ნდობას ვერ აღძრავს, იმ შენობაში ჩინჩალაძე და მურუსიძე თუ დახვდა, აი იქ დაინგრევა თქვენი თიხით ნაშენები სასახლე. ასეთი იდიოტური აზრები ვის თავში მწიფდება?