პარლამენტის შენობისა და მთავრობის რეზიდენციიდან („კანცელარიიდან“) ასიოდე მეტრში ვცხოვრობ. შედეგად, მესამედი საუკუნეა, რაც მესმის და ვხედავ, როგორც სულმნათი მორის ფოცხიშვილი გულისტკივილით ამბობდა:
„ძმებს ღალატობენ ძმები,
„ვიღაც მესამის“ ნებით,
შრება სიცოცხლის წყარო...
„ვიღაც მესამე“ მღერის,
„ვიღაც მესამე“ ხარობს...“
გაგვიმართლა, რომ, ფაქტობრივად, დედამიწაზე საუკეთესო ტერიტორია გვარგუნა უფალმა, მაგრამ თუ „ვიღაც მესამის“ ინტერესებში ერთმანეთს დავუპირისპირდით, მიწა გავყიდეთ და ქართველები საქართველოდან გავაქციეთ, ამით ვინ გაიხარებს და იხეირებს?!
ფაქტია, სიტყვით „მოქკავშირიც“ ევროპას გვაახლოებდა, „ნაცმოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“, მაგრამ დღემდე საქართველოში არც ხელისუფლების შტოებია რეალურად დამოუკიდებელი, არც ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური გარანტიებია შექმნილი და არც 1984 წელს, კომუნისტების მმართველობის დროს მიღებული (რუსულიდან უხეიროდ თარგმნილი...) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლაზე უზრუნვია ვინმეს, რომლითაც აქციების მონაწილეებს „კონვეირული წესით“ აჯარიმებს ოთხჯერ რეფორმირებული, მაგრამ აშკარად მიკერძოებული ქართული სასამართლო...
არადა, სამართლიანი არჩევნების გზით კეთილსინდისიერი, კომპეტენტური და რეალურად დამოუკიდებელი პიროვნებებით დაკომპლექტებული საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება „ევროპელი მეგობრების“ წინაშე თავის მოსაწონებლად კი არა, ისევ მურმან ლებანიძისეული „გადაბრუნებული ურმის პატრონებს“ გვჭირდება ეროვნული თვითმყოფადობისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. ამ დროს კი, წლების განმავლობაში, მავანთა ინტერესებში, კონსტიტუციაშიც გაუთავებლად შეგვაქვს ცვლილება-დამატებები, საარჩევნო კოდექსსაც მმართველი პარტიის ინტერესებს ვარგებთ, ხოლო ევროპაზე ორიენტირებული ჩვენი „სამართლებრივი სახელმწიფოს“ დედაქალაქში საარჩევნო დავები სასამართლოს შენობის სხვენში გათავსებულ „დარბაზებში“ იწყება და „ჩინჩალაძე-მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში“ სრულდება, რომლის შესასვლელი მეორადი ტანსაცმლის ბაზრობისას ჰგავს...
ისიც სამწუხარო რეალობაა, რომ სახელმწიფო მექანიზმიც გაუმართავად მუშაობს (ფაქტობრივად, მოშლილია...), ვინაიდან დაუსჯელობით გათამამებული სამართალდამცავიც არღვევს კანონს და თავად კანონმდებელიც... მგონია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიზანმიმართულად ხდება არა მარტო ხელისუფლების სამივე შტოსა და პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ პოლიცია-პროკურატურის დისკრედიტაციაც, რაც მნიშვნელოვანწილად უცხოეთიდან დაფინანსებული მედიისა და ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების „დამსახურებაა“.
შედეგად. პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში იმდენად იმატა „პოლარიზაციამ“, რომ ქვეყანაში აშკარად მორიგი „რევოლუციური სიტუაციაა“ შექმნილი, რომლითაც ისევ „გარეშე ძალა“ ისარგებლებს და, შეიძლება, ისევ დავკარგოთ ტერიტორიები...
როგორც ჩანს, „ვიღაც მესამეს” (ან „მესამეებს“...) ხელს აძლევს ქართველების მორიგი დაპირისპირება და უკეთეს შემთხვევაში, მორიგი „ფერადი რევოლუციის“ ან, უარესში, „მაიდნის“ მოწყობა (ამჯერად უკვე „მონობისა და თავისუფლების“, „ევროპული სამოთხისა და რუსული ჭაობის“ მომხრეებად ვართ „პოლარიზებულები“...), რითაც საქართველოში (კავკასიაშიც) საკუთარი „გეოსტრატეგიული“ ინტერესების გატარების საშუალება ეძლევა.
რომელ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ „ერთხმად“ იცვლის პოზიციას („ვიღაც მესამის“ თხოვნით, რჩევით ან, კიდევ უარესი, დავალებით...), შემდეგ კი მეორედ აინიცირებს კანონპროექტს, რომელიც ნადვილად არ არის რუსული, თუმცა აშკარად რუსეთის ინტერესებში გამოჰყავს ქუჩაში „რევოლუციურად“ განწყობილი ახალი თაობა, ხოლო არჩევნების შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას ევროკავშირთან, ფაქტობრივად, კომუნიკაციის შეჩერებაზე. ამასთან, „მესამე სექტორი“ და ოპოზიციური ტელევიზიები „მოლოტოვის კოქტეილს“ აზრის თავისუფლად გამოხატვის დემოკრატიულ საშუალებად წარმოაჩენენ, ხოლო ევროპიდან „პორტირებული“ მე-5 პრეზიდენტიც, ფაქტობრივად, აქეზებს მომიტინგეებს ძალის გამოყენებით ხელისუფლების დასამხობად... (ისიც ფაქტია, პარლამენტის შენობაზე სიტყვა „აჯანყდი!“ იყო მინათებული...).
იმაზე კი, რაც ზოგიერთმა „მაშასადამე ევროპელმა“ ორშაბათს მოიმოქმედა, იურისტებმა კი არა, ფსიქიატრებმა უნდა დადონ კომენტარი... „არასამთავრობო ორგანიზაციების“ ხელწერა მეცნო და 1998 წელი გამახსენდა. მაშინ მოსამართლე ავთანდილ ჭაჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა, ფაქტობრივად, „რეფორმების მამას“ (სააკაშვილს) მოუგო, რომელმაც 10 წლით დანიშნული მოსამართლეები ვადის ამოწურვამდე „ჩარეცხა“... იდეის ავტორი ვინ იყო არ ვიცი (ლევან რამიშვილი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია თუ ვინმე სხვა), მაგრამ „თავისუფლების ინსტიტუტის“ ატივისტებმა მათთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების ფიტულები შავი კუბოებით ჩაატარეს რუსთაველზე... მართალია, მაშინ დაწვამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ერთ-ერთი მოსამართლე (ქ-ნი ლამარა ჩორგოლაშვილი) ინფარქტის ნიშნებით იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი...
ქართველებს სახელმწიფოებრიობა („მამული, ენა, სარწმუნოება“) მხოლოდ ერთობით და „უქარქაშო ხმლების“ ქნევით არ შეგვინარჩუნებია... ამდენად, თუ მოქალაქეების რომელიმე ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას და სადღეღამისო აქტიურობას, შესაბამისი ცოდნა-განათლება და ანალიტიკური აზროვნება არ წავაშველეთ, 2030 წელს კი არა, საუკუნის ბოლოსაც ევროპული კავშირის კანდიდატის სტატუსის ამარა ვიქნებით... (ცხადია, იმ დროისთვის სახელმწიფო თუ შევინარჩუნეთ...).
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთმა მესვეურმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მონაწილეებს განუცხადა, „ქართველი, მაშასადამე, ევროპელიაო!“, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა (ძირითადად, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოქმედებებმა) დამარწმუნა, რომ კავკასიონის ქედზე ევროპასა და აზიას შორის, არა მარტო გეოგრაფიული საზღვარი გადის, არამედ მენტალურიც (პოლიტიკურიც და სამართლებრივიც)... მიუხედავად ამისა, მაინც მაქვს იმედი, რომ გონს მოვეგებით და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად (ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს ასაშენებლად) მაინც გავერთიანდებით.
ავთანდილ კახნიაშვილი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე