არასწორი დიაგნოზით მკურნალობა კონტრპროდუქტიულია. სწორი დიაგნოზის დასმა შედეგების განმსაზღვრელი. დანარჩენი რუტინაა...
რეზონანსი
(17.11.2024)

33 წელიწადია, დაბნეულია ჩვენი ხალხი, ვერ გაურკვევია, რა გვემართება ამ ნიჭიერ ერს (საქართველოში ნიჭიერებაზე არ დავობენ). ამ მიმართულებით ღრმა სჯა-ბაასი არ ყოფილა და სისტემაშიც არავის მოუყვანია ეს საკითხი.

აბსოლუტური მუსიკალური სმენა სულაც არ ნიშნავს წერის ნიჭს. გენიოსი ნიკოლა ტესლა სულაც ვერ ჩაანაცვლებდა ბალანჩინის ბალეტში; ცხოვრებაში სრულიად დაუცველი იყო ჭადრაკის ლეგენდა ბობი ფიშერი.

ჩვენი აცდენა იმაშია, რომ ათასნაირი ნიჭი არსებობს, ჩვენ კი ერთ სიტყვაში გავაერთიანეთ და  გაუმიჯნავად ვუწევთ ექსპლუატაციას. სამწუხაროდ, ჩვენსავე საზიანოდ ყველაფერში ერთიანად წარმატებულები რომ ვერ ვიქნებით, თითქოს ძნელი დასანახი არ უნდა იყოს (ამით ქართველების ნიჭიერებას იგნორირებას კი არ ვუწევ, პირიქით, ის ჩემი ფანატიზმის 100%-ია, ჩემი რაობა სწორედ მათია ნაშენები). ნიჭი უნივერსალური არ არსებობს. ერთში თუ მაინც გებოძა დიდი წყალობა, ამ სიმებზე ხელის შეხება რისკის მატარებელია, მაგრამ სიმართლის დიდებულება ცხენის შეკაზმვაზე უფრო მეტია და თუ ქართველობას უფალმა უხვად დააბერტყა მადლი და ნიჭი სადაც დაგვაკლო (ეს უდავოდ გუნდურობაა, გუნდურობა, რომელსაც დღევანდელი გადაგვარებული დემოკრატიის ჟამს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება), იქ სიცარიელის შევსების გზაც გვიჩვენა და შესმენის პასუხისმგებლობა გადმოგვაბარა.

ბანალური ჭეშმარიტებაა, უფლის სათქმელი კაცის ბაგიდან ითქმება: ნდობის ტოტალური დეფიციტის ეპოქაშიც კი ღვთის წყალობით გვყავს გამორჩეული ერის წინამძღვრები: უწმინდესი და უნეტარესი ილია: "იქნებ გვეფიქრა მონარქიის აღდგენაზე" და მართალთა შორის გამორჩეული მამა გაბრიელ სალოსი: "სანამ მონარქიას არ აღვადგენთ, არაფერი გვეშველება".

უწმინდესი არა მარტო ლოცულობს, არამედ მუდმივად ზრუნავს და პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს მონარქიის აღსადგენად.

ჩვენი უმნიშვნელო წვლილი ამ მიმართულებით ის არის, რომ შევისწავლეთ საზოგადოების პოზიცია - გამოიკითხა 2300 ზრდასრული მოქალაქე. ჩვენ მიერ ნავარაუდევი 7%-ის ნაცვლად, გამოკითხვამ აჩვენა, რომ 19% -ია კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მომხრე. დარჩენილი მოწინააღმდეგე 81%-დან ოთხიდან სამი მზად არის, მხარი დაუჭიროს მონარქიის აღდგენას, თუ ამის თაობაზე მას პატრიარქი მოუწოდებს.

1801 წლიდან იმპერიის ძალოვანი სამსახურები ტერორითა და იდეის დაკნინებით განუწყვეტლივ ებრძოდნენ საქართველოში მონარქიის აღდგენას. ჩახშობილ იქნა რამდენიმე აჯანყება, იდევნებოდნენ დინასტიის მემკვიდრეები, იშლებოდა მათი ბრძოლისა და ღვაწლის კვალი, ყალბდებოდა ისტორიული სინამდვილე. ამ ბრძოლას შეეწირა მე-19 საუკუნის უთვალსაჩინოესი მოღვაწის, კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრების მთავარი იდეოლოგის - სოლომონ დოდაშვილის სიცოცხლე, რომლის მსოფლმხედველობრივ მემკვიდრედ თავად ილია ჭავჭავაძე მიიჩნევდა თავს.

მთავარი პრობლემა, რაც კონსტიტუციური მონარქიის გზაზე არსებობს, მართალი ინფორმაციის დეფიციტია იმ სიკეთეებზე, რაც კონსტიტუციურ მონარქიას შეუძლია, მოუტანოს ჩვენს ხალხსა და სახელმწიფოს.

რას შეცვლის მეფე:

1. ხარისხობრივად ამაღლდება ქვეყნის სუვერენიტეტი;

2. ვეღარ გაყალბდება არჩევნები, ხალხის ნება აისახება შედეგებში;

3. მოწესრიგდება სამართალი, სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები;

4. ქვეყნის ბუნებრივი, ინტელექტუალური და გეოპოლიტიკური რესურსები ჩადგება ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურში.

გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიაღმართოთ, ამასთან ძალიან ახლოს ვართ, მხოლოდ შესმენაა საჭირო...

გელა გურასპაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე