საქართველოში ფეხბურთი ისედაც პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი, ხოლო ნაკრების წარმატებამ ის კიდევ უფრო პოპულარული გახადა. მართალია, ისევე როგორც პოლიტიკაში, ფეხბურთშიც შედეგი მნიშვნელოვანწილად დაფინანსებაზეა დამოკიდებული, მაგრამ საბედნიეროდ ჯერჯერობით ისეთივე ადვილად პროგნოზირებადი არ არის, როგორც საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები. ამის გამო ყველაზე პოპულარულ სანახაობაში მონაწილე გრანდების პაექრობას ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე მილიარდზე მეტი გულშემატკივარი დისტანციურად ადევნებს თვალს, ხოლო ათეულ ათასობით იღბლიანი - ტრიბუნებიდან.
შემსრულებელთა მაღალპროფესიონალიზმის გარდა, გუნდურ პაექრობაში გამარჯვება მრავალ, მათ შორის, შემთხვევით ფაქტორებზეც არის დამოკიდებული. სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის მატჩის ბედი მსაჯის უნებლიე შეცდომამაც გადაწყვიტოს. ვინაიდან, მისი გადაწყვეტილება, უზენესი სასამართლოს ვერდიქტივით საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გულშემატკივარს ისღა რჩება, არბიტრის ლანძღვით მოიოხოს გული. თუმცა, უარესიც ხდება...
ვთვლი, რომ მოთამაშეებიც და მაყურებლებიც ყველაზე მეტად მაშინ ზარალდებიან, როდესაც გუნდურ თამაშში გამარჯვებულის გამოვლენა შემთხვევით ფაქტორებზე ხდება დამოკიდებული. შეიძლება 11-მეტრიანი დარტყმები სანახაობრივად ეფექტურია, მაგრამ აშკარად არაჰუმანურია იმ ფეხბურთელის მიმართ ვინც, ერთი შეცდომის გამო (მაგ., ბურთი ძელს მოხვდა ან საერთოდ ასცდა კარს...) შეიძლება მთელი ცხოვრება დაიტანჯოს...
მართალია, იმის ალბათობა, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააცუდოს, ძალიან მცირეა, მაგრამ არაერგზის გვიხილავს, რომ პრინციპულ თამაშებში, ზოგჯერ, მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებულ ფეხბურთელებსაც არ გამოსდით გადამწყვეტი დარტყმა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ პენალტის შესრულებას, როგორც წესი, ლიდერებს ანდობენ, გამოდის, რომ ფრედ დამთავრებული გუნდური თამაშის ბედი, მხოლოდ ფორტუნაზე („ბრმა შემთხვევაზე") ხდება დამოკიდებული. ამასთან, მწვრთნელის რჩეულს, თუ არ გაუმართლა და უხეიროდ დაარტყა, გამორიცხული არ არის, ფანების აგრესიაც დაატყდეს თავს...
აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ლეგენდა და უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფეხბურთის წესებში ცვლილებების შეტანის მომხრეა. საფეხბურთო მატჩების ცნობილი კომენტატორი, დიმიტრი ობოლაძეც, პენალტების სერიას „საფეხბურთო ჯოჯოხეთს" და „წმინდა წყლის ლატარიას" უწოდებს, რომელიც „არცერთ ფეხბურთელს არ აწყობს". ამასთან, მისივე აზრით, „რაც არ უნდა მაღალი დონის იყოს მეკარე, 11-მეტრიანები გამართლებაზეა (ვისაც გაუმართლებს, ის მოიგებს)". ამ შემთხვევაში, არა მარტო დამარცხებულებს სწყდებათ გული, არამედ, სრულიად ლოგიკურად, გარკვეული უკმარისობის გრძნობა გამარჯვებულებსაც რჩებათ. ყველაზე მეტად კი, თავად ფეხბურთი და მისი მრავალრიცხოვანი ქომაგები ზარალდებიან, თუმცა, ყველაზე დიდ სულიერ ტანჯვას ის ფეხბურთელი განიცდის, რომლის მიერ მილიონობით მაყურებლის თვალწინ უნებლიედ დაშვებული შეცდომა, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მარცხად აღიქმება,...
ამდენად, კარგი იქნებოდა, ფრედ დასრულებულ პრინციპულ მატჩებში გამარჯვებულის გამოსავლენად უფრო სამართლიანი და ჰუმანური პროცედურა შემუშავებულიყო. ალტერნატივაზე არაერთხელ იყო ლაპარაკი. ერთ დროს, თამაშის ბოლოს, კენჭისყრაც კი ტარდებოდა, რაც მაყურებელთა უკმაყოფილებას იწვევდა. არ გაამართლა განმეორებითი მატჩის ჩატარებამაც. როგორც ვიცი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც ჩაატარა ერთი ექსპერიმენტი და, თასის ფინალში, თერთმეტმეტრიანი დარტყმები გუნდებმა თამაშის წინ შეასრულეს. ამდენად, მიუხედავად იმისა, ფეხბურთის მესვეურთა უმრავლესობა გამარჯვებულის პენალტების სერიით გამოვლენით კმაყოფილი არ არის, უკეთესის არარსებობის გამო, დღემდე ამ წესით სარგებლობს.
ვინაიდან ფეხბურთი გუნდური თამაშია მეც უსამართლობად მიმაჩნია გამარჯვებულის, ინდივიდუალურ დაპირისპირებაში გამოვლენა (როგორც მაგ., ჩოგბურთსა ან მკლავჭიდში...), რის შედეგადაც წაგების გამო პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთს ეკისრება. ამდენად, მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა საქართველოში ჩაგვეტარებინა ესპერტიმენტი, რომლითაც ძირითადი ან/და დამატების დროის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, გუნდებს შანსი მიეცემოდათ გოლი თამაშიდან გაეტანათ.
ფეხბურთის მოყვარულებმა იციან, რომ დავით ყიფიანის თასის მოსაპოვებლად ნახევარფინალურ შეხვედრები 5 ნოემბერს, ფინალი კი 5 დეკემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. მაღალი ალბათობაა, ამ მატჩებშიც გამარჯვებულები პენალტების სერიით გამოვლინდნენ.
ფედერაციის მესვეურებს შევთავაზე, თუ ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდება, გუნდების თანხმობის შემთხვევაში, იმავე მოედანზე განახევრებული შემადგენლობით (5-5 მინდვრის მოთამაშით) გაეგრძელებინათ თამაში. „მინი ფეხბურთი", სულ ორი დამატებითი 5 წუთიანი ტაიმი და, ისიც, მხოლოდ პირველ გატანილ „ოქროს გოლამდე" გაგრძელდებოდა. პენალტების სერია კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, დაინიშნებოდა, როდესაც მეტოქეები, თავიდანვე უარს განაცხადებდნენ განახევრებული შემადგენლობით თამაშის გარძელებაზე. ან დამატებულ 5 წუთიან ტაიმებშიც ვერ შეძლებდნენ თამაშიდან ბურთის გატანას.
თუ გუნდები ფედერაციის მიერ შეთავაზებული ექსპერიმენტის ჩატარებაზე დათანხმდებოდნენ, მწვრთნელები მინდორზე საუკეთესოთა ხუთეულს დატოვებდნენ, ხოლო მნიშვნელოვნად გაზრდილი სათამაშო სივრცე ფიზიკურად და ტექნიკურად უფრო ძლიერ გუნდს მეტ საშუალებას მისცემდა გოლი თამაშიდან გაეტანა. ამასთან, სათამაშო დროისთვის ათიოდე წუთის დამატება არც მოთამაშეების და არც მაყურებელთა მდგომარეობას გააუარესებდა არსებითად. სამაგიეროდ, გაშვებული ბურთისთვის პასუხისმგებლობას ფეხბურთელები გადაინაწილებდნენ, ხოლო გულშემატკივარს დამატებითი შანსი უჩნდება ლამაზი კომბინაციით გატანილი გოლის წყალობით იგრძნოს თავი ღირსეულ გამარჯვებულად.
თუ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სათამაშო დროის დამატება ფეხბურთელების დაუშვებელ გადატვირთვას გამოიწვევს, შეიძლებოდა 15-წუთიანი დამატებითი ტაიმების ხანგრძლივობა 5-10 წუთამდე შეგვემცირებინა (როგორც ვიცი, ბრაზილიასა და იტალიაში საერთოდ თქვეს უარი დამატებით დროზე). თუმცა ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, ვინაიდან, როგორც ითქვა, მინი ფეხბურთის ფორმატში მატჩის გაგრძელება მხოლოდ ნებაყოფლობითი იქნება, ანუ გუნდებს უფლება ექნებათ გამარჯვებული ისევ ტრადიციული პენალტების სერიით გამოავლინონ.
იმედი მაქვს, ამ წინადადებას ფეხბურთის მესვეურებთან ერთად, ფეხბურთელები, ექსპერტები და გულშემატკივრებიც გამოეხმაურებიან. ცხადია, გადამწყვეტ მატჩებში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიამდე მეტოქეების განახევრებული შემადგენლობით გაჯიბრების იდეას, შესაძლებელია, ნეგატიური მხარეებიც გააჩნდეს ან სრულიად მიუღებელიც აღმოჩნდეს, მაგრამ პოლემიკაში, იქნებ სხვა, უფრო მისაღები მოდელი გამოიკვეთოს. ერთი რამ უდავოა, „საფეხბურთო ჯოჯოხეთის (ლატარიის)" მეშვეობით გამარჯვებულის გამოვლენა აშკარად უსამართლობის შეგრძნებას ტოვებს და, ურიგო არ იქნება, საერთოდ თუ ვერ ვამბობთ უარს, ჯერჯერობით, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ...
ავთანდილ კახნიაშვილი
სამართლის დოქტორი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე