რეზონანსი
(08.09.2024)

ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული დებიუტის შემდეგ, მოუთმენლად ველოდებოდი ქართველი და ჩეხი ფეხბურთელების მორიგ დაპირისპირებას. ცხადია, სტადიონზე ეროვნული („რევოლუციური“) დროშებიც გამოიფინა, სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა და გულშემატკივრების ჩვეული მხარდაჭერით შეგულიანებულმა ჩვენმა ბიჭებმაც თავი არ დაზოგეს გამარჯვების მისაღწევად.

გამიხარდა, რომ ფეხბურთელები წითელ მაისურებზე დატანილი თეთრი ფერის საიდენტიფიკაციო ნიშნებით გამოვიდნენ მოედანზე, თუმცა მეკარის მაისურზე იგივე სიმბოლო, რატომღაც შავი ფერის იყო... 

ფაქტია, თუ ჩეხებს, ინგლისელებს და შოტლანდიელებს ფეხბურთის ფედერაციების სიმბოლოებად წითელი ან ლურჯი ლომები ჰყავთ შერჩეული, ფრანგებს - ოქროსფერი მამალი, გერმანელებს - თეტრი არწივი, ბელგიელს - წითელი ეშმაკები, შვეიცარიელებს კი ლოგოზე ფეხბურთელიც გამოუსახავთ, ხოლო ხორვატებს ტრადიციული თეთრ-წითელი „ჭადრაკის დაფის“ ფონზე - ბურთი, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე, ფაქტობრივად, გაურკვეველი წარმომავლობისა და შინაარსის „შავი მხედრით“ იყო წარმოდგენელი. ვთვლი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სიმბოლოს „წმინდა გიორგით“ მოხსენიება მკრეხელობაა, ვინაიდან ხატებზე (თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზეც) ის მარჯვნივ არის მიმართული და არც გლოვის ფერებშია სადმე გამოსახული... ამასთან, ჰერალდიკის წესების თანახმად, წმინდანი შარავანდედით უნდა იყოს ყველასგან გამორჩეული. 

ფაქტია ისიც, რომ თუ გერმანიაში გამართული პირველი და ბოლო თამაში, რომელშიც ჩვენმა ფეხბურთელებმა შავლოგოიანი თეთრი მაისურებით იასპარეზეს, წააგეს, როდესაც ჩეხებისა და პორტუგალიელების წინააღმდეგ სათამაშოდ თეთრლოგოიანი წითელი მაისურებით გამოვიდნენ მოედანზე, წარმატებას მიაღწიეს... შესაბამისად, იმედი მაქვს, „შავი ჯორჯი თუ ჟორა“ არც მომდევნო მატჩებზე გამოჩნდება და ჯგუფში პირველ ადგილსაც დავიკავებთ, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც სამართლებრივი სტატუსით „არასამთავრობო ორგანიზაციაა“, ახალი სიმბოლიკის შესარჩევად დროულად გამოაცხადებს ღია კონკურსს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოც და მისი საფეხბურთო ნაკრებიც გონივრული და გამორჩეული სიმბოლიკით იყოს წარმოდგენილი. 

ვისარგებლებ შემთხვევით და სახელმწიფო სიმბოლიკასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც გავამახვილებ ყურადღებას. მგონია, ერთადერთი სახელმწიფო ვართ, არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც, რომლის არა თუ რიგითი მოქალაქეების, არამედ პოლიტიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვთ სახელმწიფო დროშა ისტორიულია, რელიგიური თუ პარტიული და არც იმის ახსნა შეუძლიათ, რატომ არის „საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა“ გამოფენილი კათოლიკე „ტამპლიერების“ ვებგვერდზე („TEMPLAR FLAG”). 

ცალკე მსჯელობის თემაა, თუ რატომ არ გვაქვს სახელმწიფო გერბი „კვართიან-დავითიანი“, როგორც ეს პარლამენტმა 1999 წელს დაადგინა და რატომ აქვს მასზე გამოსახულ წმინდანს ევროპელებისთვის კარგად ნაცნობი გამოსახულებისგან განსხავებული „ორიენტაცია... ისიც სრულიად გაუგებარია, რატომ არ არის სახელმწიფო ჰიმნში ნახსენები „საქართველო“ და რატომ უნდა უმღეროს მოქალაქემ „ცისკრის ვასკვლავს“ („ლუციფერს“ ან „სატანის სიმბოლოს“...), რომელიც, რატომღაც, „ორ ზღვას შუა ბრწყინდება“...(არადა, კონტიტუციით საქართველოს ტერიტორია მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის არსებულ საზღვრებში არის განსაზღვრული...), აგრეთვე, ადიდოს მხოლოდ „თავისუფლება“, როდესაც თითოეული შერაცხადი და გონიერი ადამიანი გარკვეული ვალდებულებებით არის შეზღუდული. 

ფაქტია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია თვლის, რომ „ხუთჯვრიანი დროშა არაქართული და უკანონოა!“, კათოლიკე ბერების მიერ შუა საუკუნეებში შედგენილ საზღვაო რუკებზე ათამდე ქვეყანაშია კათოლიკური მისიების ადგილსამყოფელი ხუთჯვრიანი სიმბოლოებით მონიშნული, თან სომხურ ტაძრებზე ჩვენზე ადრეა დატანილი, ხოლო ბაგრატიონთა დინასტიის სამეფო დროშა შინდისფერი იყო და მასზე ერთი ოქროსფერი ჯვარი იყო გამოსახული, დღევანდელი სახელმწიფო დროშა კი, ფაქტობრივად, პარტიულია. ამასთან, აკადემიკოსების დასკვნის გარდა, არსებობს თსუ-ის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ თედო დუნდუას ნაშრომი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „ხუთჯვრიანი სიმბოლო კათოლიკური სამყაროს მაინტეგრირებელია და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა“. 

ვთვლი, რომ სახელმწიფო დროშასთან მიმართებით შექმნილი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხული ვითარების (ფაქტობრივად, აბსურდულის...) სამართლებრივ ფარგლებში მოსაქცევად, პარლამენტმა კონკურსი უნდა გამოაცხადოს. სასურველია მასში ე. წ. საეკლესიო დროშამ (თეთრ ფონზე წმინდა ნინოს ჯვრით) მიიღოს მონაწილეობა და სახელმწიფო დროშად დაკანონდეს. თუმცა, სახელმწიფო კომისიამ, შეიძლება, სრულიად სხვა იერსახის, სპეციალისტებისა და მოქალაქეების უმრავლესობისთვის უფრო მისაღებ დროშაზეც შეაჩეროს არჩევანი, რომლის წარმომავლობაც გვეცოდინება და შინაარსიც. 

ცხადია, ახალგაზრდებს (ვერც ზრდასრულ პოლიტიკოსებს...) ვერავინ დაუშლის ხუთჯვრიანი („ნაცმოძრაობის“...) დროშების გამოყენებას, მაგრამ სწორედ საპარლამენტო არჩევნების წინ იქნებოდა გონივრული სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე დისკუსიის დაწყება, რაც ხელს შეუწყობდა, როგორც პოლიტიკური ძალების, ასევე მთლიანად ქართული საზოგადოების „დეპოლარიზაციასაც“. ფაქტია ისიც, რომ 2012 წელს, ივანიშვილი ამომრჩევლებს „მიშას დროშის“ შეცვლასაც დაჰპირდა. ამდენად, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო სიმბოლოებთან მიმართებით მაინც აღადგება სამართლიანობა. 

ცხადია, არ მინდა დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსები (მათ შორის, ოპოზიციონერები...) კომუნისტებივით იქცეოდნენ და სახელმწიფო დროშის წარმომავლობის თაობაზე, თუნდაც უნებლიედ, წლების განმავლობაში ატყუებდნენ ხალხს. იმის იმედიც მაქვს, მომავალში საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, მაგრამ ამისთვის მოქალაქეები (მათ შორის, არაქართველები...), უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო სიმბოლოების თაობაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად მაინც გავერთიანდეთ. 

მართალია, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ვერ მოეწრო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ღია კონკურსის ჩატარების გზით შერჩეული ახალი სახელმწიფო სიმბოლოების შინაარსი (სემანტიკა) 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მაინც გახდება მოქალაქეთა უმრავლესობისთვის გასაგები და, რაც მთავარია, მისაღები... ამასთან, იმედი მაქვს, სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით დადგენილი ახალი სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი, შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სიმბოლოც, ისეთივე გამორჩეული იქნება, როგორიც თავად საქართველო და მრავალათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერია.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე