რეზონანსი
(21.08.2024)

15-18 ივლისს, პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობის ცენტრალური კომიტეტის მესამე პლენუმი გაიმართა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო დროს უკრაინაში კრიზისის ესკალაციისა და გლობალური ეკონომიკის ჩავარდნის პირობებში. პლენუმმა არაერთ გამოწვევაზე მოახდინა რეაგირება, რაც ახალ სტიმულს ქმნის გლობალური მშვიდობისა და განვითარებისთვის.

პლენუმზე მიღებულ იქნა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის რეზოლუცია ყოვლისმომცველი რეფორმების და ჩინური სტილის მოდერნიზაციის ხელშეწყობის თაობაზე" (შემდეგში „რეზოლუცია"), რითაც სხვადასხვა სფეროში შესასრულებელი სამუშაოს მოთხოვნები განისაზღვრა. რეზოლუციის სიგნალია, რომ ჩინეთი იცავს მშვიდობას მსოფლიოში, ხელს უწყობს გლობალურ გახსნილობას და ქვეყნებს ეხმარება მოდერნიზაციის მიღწევაში.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ჩინური სტილის მოდერნიზაცია - ეს არის მოდერნიზაცია, რომელიც მისდევს მშვიდობიანი განვითარების გზას. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა: „რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკამ, რომელიც ჩინეთის მეორე რევოლუციაა, არამხოლოდ ჩინეთი გარდაქმნა სიღრმისეულად, არამედ მთელს მსოფლიოზეც დიდი გავლენა იქონია". რეფორმებისა და გახსნილობის გაღრმავებით, ჩინეთის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობა მოდერნიზაციის გზას შეუდგა, განვითარებადი ქვეყნების წონა გაიზარდა, საერთაშორისო ძალთა ბალანსის ყველაზე პროგრესული და მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა თანამედროვე ეპოქაში. ამ პოლიტიკამ ორი სასწაული განაპირობა: სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა. შედეგად, 100 მილიონზე მეტმა სოფლად მოსახლემ სიღარიბეს თავი დააღწია, ხოლო გლობალურად სიღარიბის შემცირებაში ჩინეთის კონტრიბუციამ 70%-ს მიაღწია. ჩინეთი გლობალურ განვითარებასაც ეფექტურად უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში მისი წვლილი მრავალი წელია, რაც 30%-ს აჭარბებს.

პარტიის წესდებითა და ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულია, რომ ჩინეთი მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს. იგი ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ინიციატივით გამოდის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობას და თანამშრომლობას ეფუძნება. ჩინეთმაახალი გზა აირჩია, რომელიც ძლიერი სახელმწიფოების ტრადიციული აღზევებისგან ძირეულად განსხვავებულია. მან საერთო, ყოვლის მომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების ახალი კონცეფცია შეიმუშავა. უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის, იგი პირველ ადგილზეა სამშვიდობო ძალების კონტრიბუციით. მან მხარი დაუჭირა ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებას ბირთვული ომის თავიდან აცილების შესახებ. იგი აქტიურად ცდილობს მედიატორის როლის შესრულებას, რისი მნიშვნელოვანი შედეგიცაა საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

ჩინეთი რეფორმებისა და გახსნილობის ერთგული რჩება. მისი განვითარება -მსოფლიოში მშვიდობასა და სამართლიანობასაც აუცილებლად გააძლიერებს. ჩინეთი მზადაა სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან ერთად ხელი შეუწყოს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობას და თანამშრომლობას ეფუძნება. იგი მზადაა, ძალისხმევა გაიღოს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გახსნილობა - ჩინური სტილის მოდერნიზაციის მთავარი ნიშან-თვისებაა. ჩინეთი თავისი ძირითადი ეროვნული პოლიტიკის ერთგული რჩება,- საერთაშორისო თანამშრომლობის და გახსნილობის გზით აგრძელებს რეფორმების ხელშეწყობას. ზოგიერთი ქვეყანა იმისთვის იღვწის, რომ „თავის პატარა ეზოს დიდი გალავანი შემოავლოს" და იზოლაციონისტური და ექსკლუზიური პოლიტიკა გაატაროს. მათგან განსხვავებით, ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერს ეკონომიკურ გლობალიზაციას და ღია მსოფლიო ეკონომიკასაშენებს. ბოლო წლებში, მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა უცხოური ინვესტიციების და ხალხთაშორისი მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბიზნესის კეთების გლობალურ ინდექსში, ჩინეთი 96-დან 31-ე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო საქონლით ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების გლობალურ მაჩვენებლებში - მოწინავე პოზიციაზე რჩება. ამასთან, იგი ქვეყნების სამ მეოთხედთან ერთად ახორციელებს „სარტყლისა და გზის" ინიციატივას, ხოლოპრეზიდენტი სი ძინფინგის მიერ წამოყენებული სამი გლობალური ინიციატივის ფარგლებში ცდილობს უპასუხოს საერთო გამოწვევებს და სხვებსაც გაუზიაროს თანამშრომლობის შედეგები.

პარტიის მეოცე ყრილობის ცენტრალური კომიტეტის მესამე პლენუმის შედეგად, ჩინეთი საკუთარ ძალისხმევას ჩადებს მოდერნიზაციის გლობალურ პროცესში. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა: „ჩინეთს არ სურს საკუთარ თავში ჩაკეტვა და იზოლირებულად მოდერნიზება. ჩვენ მზად ვართ სხვებთან ერთად შევუწყოთ ხელი მთელი მსოფლიოს მოდერნიზაციას, რაც გულისხმობს მშვიდობიან განვითარებას, ურთიერთსარგებლიან თანამშრომლობას და საერთო კეთილდღეობას". ჩინეთი აგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმების გატარებას, ახდენს ინოვაციურ გარღვევებს თეორიასა და პრაქტიკაში და წარმატებით ახორციელებს ჩინური სტილის მოდერნიზაციას. იგი ქმნის ადამიანური ცივილიზაციის ახალ ფორმას, რაც ახალ იმედს უჩენს განვითარებად ქვეყნებს და რწმენას უძლიერებს, რომ განვითარების საკუთარი გზა აირჩიონ.

ჩინეთი თანაბრად უზიარებს ქვეყნებს სახელმწიფო მართვის გამოცდილებას. იგი სრულად უჭერს მხარს განვითარებად ქვეყნებს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობების გაძლიერებაში. ჩინეთმა დააარსა გლობალური განვითარების და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის ფონდები და გლობალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრი. იგი აფრიკის ქვეყნებთან ერთად ახორციელებს „ცხრა პროექტს", ხოლო წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოებისათვის ჩამოაყალიბა „თანამშრომლობის ექვსი ძირითადი პლატფორმა", მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებისათვის. ჩინური სტილის მოდერნიზაციის გზა წინ უფრო და უფრო ფართოვდება, რაც დიდი სტიმულია მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი - განვითარებადი ქვეყნების მოდერნიზაციის პროცესისათვის.

ეს პლენუმი ჩინურ-ქართული თანამშრომლობისთვისაც ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები. „სარტყლისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობას კარგი საფუძველი აქვს, რისი შედეგებიც სახეზეა. ჩინეთის მიერ რეფორმების და მოდერნიზაციის პროცესის გაღრმავების პარალელურად, სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება. ჩინური მხარე მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩინურ კომპანიებს, რათა საქართველოში განახორციელონ საგზაო, სარკინიგზო, საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს საქართველოს სატრანზიტო-სატრანსპორტო შესაძლებლობებს გაზრდის. ჩინეთთან თანამშრომლობით საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს საქართველოსთან ახალი საწარმოო ძალების და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასავითარებლად, მათ შორის: მწვანე განვითარების, ციფრული ეკონომიკის, ჰიდრო და განახლებადი ენერგეტიკული პროექტების, მაღალხარისხიანი და ბიუჯეტური ჩინური ელექტრომანქანების ქართულ ბაზარზე შესვლის და სხვა მრავალი მიმართულებით. რაც უფრო მეტად გახსნის ჩინეთი თავის 1.4 მილიარდიან ბაზარს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდებაქართული ღვინისა და სხვა პროდუქტებისათვის. საქართველოს ულამაზესი ბუნება და უძველესი კულტურაც სულ უფრო მეტ ჩინელ ტურისტს მოიზიდავს.

ჩვენი რწმენით, მესამე პლენუმი დღევანდელ არამდგრად მსოფლიოს სტაბილურობასა და ნდობას შემატებს და არაერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოდერნიზაციისთვის ახალ შესაძლებლობებსა და იმპულსს გააჩენს. მზად ვართ ქართულ მხარესთან ერთად ვიმუშაოთ, რათა ურთიერთპატივისცემის და ურთიერთსარგებლის საფუძველზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადავიდეს და თანამშრომლობის შედეგები გაუმჯობესდეს,- რათა ჩვენი ორიუძველესი ცივილიზაცია ახალ დროებაში კიდევ ერთხელ გაბრწყინდეს.

 

ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჭოუ ციენი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე