არ ვიცი ზუსტად, საერთო ჯამში, რამდენი პარლამენტარი - ტელევიზიებში ხალხის რჩეულებს რომ ეძახიან, - ჰყოლია საქართველოს. საბჭოთა პერიოდის დეპუტატებზე არაფერს ვიტყვი. ერთს შევნიშნავ მხოლოდ - საბჭოთა დეპუტატები, საზოგადოდ, ბევრად არ ჩამოუვარდებოდნენ, თუ არ აღემატებოდნენ დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატებს. გამონაკლისები აქაცაა, ცხადია. მხედველობაში ქვეყნის უმაღლესი ორგანო - პარლამენტი მაქვს.
ვეჭვობ, ეს გზავნილი მოეწონოთ ყოფილი თუ მოქმედი დეპუტატების აბსოლუტურ უმრავლესობას. აბსოლუტურ უმრავლესობასო, ვთქვი. ჩემს მახსოვრობაში სულ ოცდაათიოდე დეპუტატი მახსენდება, ვინც საკუთარს საქვეყნო ამჯობინა. სამიოდე, ვერ დავმალავ, მეგობარია. ერთი ნათესავიც ურევია. სხვები არც ერთია და არც მეორე, - უბრალოდ, მათი ნამოქმედარით ვაფასებ - არცერთს იმ ოცდაათიოდედან არაკაცური არ ჩაუდენია.
ჩემდა საბედნიეროდ კი არა მხოლოდ - ქვეყნის საბედნიეროდ. ერთ მაგალითს ვერ ავცდები. ისიც იმიტომ, რომ დეპუტატთა ლეგიონიდან, პირწიგნაკზე და ტელევიზიებში რომ იბდღვნიან ყველაფერს, - „ჩემნაირი ქართველი და კანონმდებელი და პატრიოტი და ხალხზე გადამკვდარი, სხვა არავინაა"-ო, - იმ ოცდაათიოდეში არ ჩათვალოს თავი. ბაღდათში ერთ უბრალო ოჯახში გაიზარდა ერთი უბრალო, ნიჭიერი ბიჭი, გია. იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.
თქვენ წარმოიდგინეთ, უფულოდ მოეწყო. მის ოჯახს იურიდიულზე მისი მოსაწყობი ფული ნამდვილად არ ჰქონია. პირველ წელს „არ ეყო" ქულები. წარმოებაში იმუშავა, ლიმიტის არ მიცემა ვერ გაუბედეს - მთელი რაიონი ამხედრდებოდა, - მეორე წელს ჩააბარა იურიდიულზე. წლების მერე ის ბიჭი დეპუტატობის კანდიდატი გახდა მშობლიური რაიონიდან.
მაშინ მისი კონკურენტები იყვნენ ორიოდე მასავით უბრალო ახალგაზრდა, რამდენიმე კაცი მყვირალა პარტიებიდან (თავიანთ შეხედულებებს და სამოქმედო გეგმებს კი არა, კონკურენტების გაშავებისთვის გამიზნულ ბინძურ ჭორებს რომ ავრცელებდნენ) და ყოფილი პირველი მდივანი კომპარტიის რაიონული კომიტეტისა.
რაიკომის ყოფილი მდივანი არ იყო ცუდი ადამიანი. პირიქით, რაიონისთვის კარგი საქმეებიც ჰქონდა ნაკეთები. შვილებიც კარგი გაზარდა. ერთი შვილი თავისი ცოდნით მოეწყო სამედიცინოში (კი, ასეთებიც ხდებოდა). მის მდივნობას გარდამავალი პერიოდი დაემთხვა - მეწყერსაშიში ადგილებიდან ხალხი საიმედო სამოსახლოებზე გადაასახლეს. ოჯახებმა ახალი სახლების ასაშენებლად სახელმწიფო ბანკიდან სესხები აიღეს და მერე, კუპონების შემოღების პერიოდში, გაუფასურებამ არნახული მასშტაბები რომ მიიღო, გლეხებმა აღებული სესხი თითო ინდაურის გაყიდვით დაფარეს. შემოღებისას ერთი მანეთი ერთი კუპონი იყო ოფიციალურად.
ოფიციალურად იგივე დარჩა. ჰოდა, ექვსი-შვიდი ათასი მანეთი სესხი ერთი ინდაურის შვიდი ათას კუპონად გაყიდვით დაფარეს. ამომრჩევლებთან შეხვედრებზე ყოფილ მდივანს „სვიტა" დაჰყვებოდა, რომლებიც შიგადაშიგ სიტყვას ითხოვდა და თავიანთ კანდიდატს საუცხოოდ ახასიათებდა. ყველა ხვდებოდა, გიას და რაიკომის ყოფილ მდივანს შორის რომ მიდიოდა „ბრძოლა" მანდატისთვის. კითხვაზე,
„გამარჯვების შემთხვევაში, რას პირდებით რაიონს"-ო, გია უბრალოდ პასუხობდა - ვეცდები ისეთ კანონებს დავუჭირო მხარი, ქვეყანას წინ რომ წაიყვანსო. „რა გაგიკეთებიათ დღემდე?"-ო, ბევრი არაფერი, პასუხობდა, მეამაყება რომ კონსტიტუციის შემუშავებაში ვმონაწილეობდიო - კონსტიტუციის ბროშურას აჩვენებდა ხალხს. მისი კონკურენტის „სვიტა" კი, ერთი ინდაურის ფასად აშენებულ სახლებს ახსენებდა შეხვედრებზე მოსულ ადამიანებს. ოსტატურად, სხვადასხვა კონტექსტში იხსენებდნენ. იმ დღეებში პირველად გიასგან გავიგონე ორი რამ: ამ, ახალ მიღებულ კონსტიტუციას ბევრჯერ დაჭრიან, რადგან არც ესაა იდეალური და არც ჩვენ ვართი ის ხალხი, მიღებული კანონები რომ აღვასრულოთო.
და, მეორე, რამაც გულზე გადაიხრიგინა - „საქართველოში კორუფცია მძვინვარებს"-ო. ამის ხმამაღლა თქმა ბევრს არ შეეძლო. მან კი, თქვა ის, რასაც ფიქრობდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ არჩევნებში ყოფილმა პირველმა მდივანმა გაიმარჯვა. მომდევნო არჩევნები კი გიამ მოიგო. ღირსეულად მოიგო - ანუ, ძლივს. მან არჩევნებში ბევრ ფულს მოუგო. უბრალოდ ბაღდათელების უმრავლესობამ მოახერხა, ყური სინდისისთვის დაეგდო და არა ახლად გამომცხვარი ფულიანი კაცების დაპირებებისთვის.
ჩემდა სამწუხაროდ, ვერც ამ გიამ და ვერც სხვა ორმა გიამ (ესენი უფრო იდეალისტები იყვნენ, ვიდრე რეალისტები), ვერც იმ ოცდაათიოდეში მოხსენიებულებმა, ვერაფერი ქვეყნის სასიკეთო ვერ მოახერხეს. ამ, გრძელი შესავლის მერე, იმედია გამიგეთ, იმ ოცდაათიოდე დეპუტატის სიაში ყველა რომ ვერ ჩაეკვეხება. ვეცდები, დეპუტატთა უსახურ მასაზე, ხელფასის, მომავალი პენსიის თუ საკუთარი ბიზნესის „დასაკრიშად" პარლამენტში შემძვრალთა შესახებ მოგახსენოთ ჩემი პირადი აზრი - შეგიძლიათ სუბიექტურ აზრად ჩამითვალოთ. არაფერს ვიტყოდი, რომ არა სწორედ ამ უსახურების „აქტიურობა" თუ პირწიგნაკზე, თუ საინფორმაციო საშუალებებში, თუ იაგო ხვიჩიასთან - გაუცნობიერებელ და გულმავიწყ ადამიანს ისე მოგაჩვენებენ თავს, გიკვირს, ასეთი გულანთებული, სინდისიერი, ნამუსიანი, ქვეყანაზე მოფიქრალი ხალხის ხელში, ქვეყანა როგორ გადავაგდეთ ორმოცდაათი წლით უკან, რატომ ავტეხეთ ომი, რატომ დავხლიჩეთ ქვეყანა, რატომ ჩავაბარეთ მტერს ტერიტორიები, რატომ... რატომ... რატომ... ზოგი ზემოდან დაგხედავს და დაგაყვედრებს, - „მე, ბიჭო, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე მაქვს ხელი მოწერილი"-ო. კითხვას, როგორ მოხვდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერთა შორის, ან ყურს აარიდებს, ან ისე დაგიხატავს მის დისიდენტურ წარსულს, გულიც აგიჩუყოსაა იქნება.
მქონია შემთხვევა, ღიმილით მიკითხავს - დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერი, ორ თვეში როგორ გახდით ოპოზიციონერიო, ან არაფერს გიპასუხებენ, ან, „ასე იყო საჭირო ქვეყნისთვის"-ო. ისინი კი, ვისაც ბოლომდე არ აქვს სინდისი გამორეცხილი, ვისაც ოდნავ კიდევ შერჩენია შუბლზე გაუწყვეტელი ძარღვი, „მე რას გავაწყობდი, იმდენი მონსტრის წინააღმდეგ"-ო... * ახლა კი, რატომ ვთვლი, რომ დეპუტატების დიდი უმრავლესობა მედროვეები, ქვეგამხედვარები, სულგაყიდულები იყვნენ - უფროსების ნასუფრალით საკუთარი სტომაქის ამოვსების გარდა, ყველაფერი სხვა ფეხებზე რომ ეკიდათ.
პირველი, დამოუკიდებლი რესპუბლიკის დეპუტატებზე ბევრს არ მოგახსენებთ. მათში რამდენიმე თუ იყო სინდისიერი და ქვეყანაზე მოფიქრალი. დანარჩენები კი... აი, დანარჩენები ვინ იყვნენ იცით?! ათას ცხრაას თვრამეტ წელს, რუსთაველზე თბილისელი სომხები, სომხეთ-საქართველოს ომში სომხეთის მხარეს საომრად მოხალისეებს რომ აგროვებდნენ და სომხეთის ჯარისთვის სახსრებს აგროვებდნენ, ჩვენი დეპუტატები იმაზე მსჯელობდნენ, სახელმწიფოს ფულით უნდა ეყიდათ თუ არა კარლ კაუცკისთვის კალოშები. - თბილისს კაუცკი სტუმრობდა. ვიღაცას მისი კალოშები მოუპარავს სასტუმროში. ამაზე მეტი „სამშობლო ფეხებზე მკიდია ხალხი" გაგიგონიათ?! იმ დეპუტატებმა კონსტიტუციაც ვერ მიიღეს დამოუკიდებლობის ოთხი წლის განმავლობაში.
ბოლოს, ქვეყნიდან რომ გარბოდნენ - თან ეროვნული სიმდიდრე გაიყოლეს, „მტერს არ ჩაუვარდესო ხელში" - ბათუმთან გავლისას, სირბილში მიიღეს დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია. ისიც, რამდენიმე ჭკვიანი, ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანის განწირულ, ისტერიამდე მისულ ბღავილში - „ეს ერთი საჭირო საქმე მაინც ჰქენით, თქვე სულგაყიდულო უღმერთოებო?"-ო. პირველი რესპუბლიკის მთავრობა-ხელისუფლებაზე მეტს არაფერს ვიტყვი. გაქცეულთა უმრავლესობაზე - დეპუტატებზე და სხვებზე - რასაც ვფიქრობ, ყველაფერი რომ დავწერო, ხალხის მტრად გამომაცხადებენ. იმ ხალხის მტრად, საუკუნის შემდეგ რომ გადმოასვენა ზოგიერთი მათგანის ნეშტი და წმინდა მთას მიაბარა. მიხა ხელაშვილის საფლავი კი, მხოლოდ რამდენიმე, თავზე ხელაღებული ადამიანის გამოისობით შემოგვრჩა...
დიახ, იმ ხალხის მტრად, გამომაცხადებენ ექვთიმე თაყაიშვილი ჯერ დიდებით რომ შემოსა, მერე მოკლა, მისი ნეშტი სასაფლაოდან სასაფლაოებზე ატარა, ბოლოს მთაწმინდაზე მიუჩინა ადგილი - წმინდანთა პანთეონში განაწესა (ესეც რამდენიმე დაუღალავი და უშიშარი ადამიანის შეუპოვრობით).
გამოვტოვოთ საბჭოთა ეპოქა და გადმოვიდეთ ოთხმოცდაათიანებში. ბრწყინვალედ, დიდებულად დაწყებულ და, მალევე, სისხლით და სიბნელით გაგრძელებულ ოთხმოცდაათიანებში დეპუტატები ყოველთვის ერთ კაცზე იყვნენ მიკიდებულები. მათგან, როგორც ზემოთ ვთქვი, ძალიან ცოტამ შეინარჩუნა ღირსება.
ოთხმოცდაათიანების დეპუტატებს შორის იყვნენ ისინი, ვინც ხუდონჰესის მშენებლობის შესაჩერებლად ატეხილ ისტერიაში აქტიურად გაჰყვიროდნენ და ხალხს თავი მხოლოდ ამით დაამახსოვრეს. დღესაც, როცა ხუდონჰესის დაკონსერვების გადაწყვეტილების მავნეობაზე ელაპარაკებიან, მაშინდელი ისტერიკოსები ამაყად იხსენებენ მათ „ღვაწლს" ამ მავნე, ანტიქართული გადაწყვეტილების განხორციელებაში.
ეკოლოგიური კუთხით გასაფუჭებელი, უკვე გაფუჭებული და დაზიანებული იყო მშენებლობის შეწყვეტის მომენტისთვის. ამ არგუმენტის ხსენება, მრავალ მათგანში ისტერიულამდე მისულ გაღიზიანებას იწვევს. არადა, გასაფუჭებელი უკვე გაფუჭებული იყო. ეკოლოგიამ რაც ზიანი მიიღო, იმის გამოსწორების გზა არათუ არ უძებნიათ, საერთოდ არ დაინტერესებულან. ხუდონჰესი, რომელიც ქართული ფულით კი არ აშენდა (თითქმის აშენდა! ჯერ კიდევ საკავშირო ფულით შენდებოდა), მიახლოებითი გამოთვლებით, წელიწადში ორასორმაცდაათიდან სამას მილიონ დოლარამდე დაუზოგავდა სახელმწიფოს.
არაფერი რომ არ ვთქვათ ჭარბწყლიანობის დროს ქვეყნის გარეთ ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე. 104 (ასოთხი!) მილიარდი კუპონი?!... ამის ხსენება ჩემს რამდენიმე მეგობარს და კარგ ადამიანს ეწყინება, ალბათ. თუმცა, მათ იმ ასოთხ მილიარდ კუპონთან, ან ასოთხი მილიარდი კუპონით ნაყიდ დოლარებთან ვინ მიასუნინებდა. მომწვანო „ქართველებმა", „ღვაწს" რომ იქმოდნენ ქვეყნის წინსვლისთვის, გამოკუპონებულ სახელმწიფოს ასოთხი მილიარდი კუპონი სთხოვეს სესხად.
ორიოდე წელიწადში უკან ჩაგასესხებთო. ეს ფული ისეთი საქმეებისთვის გვჭირდება, რომელთა განუხორციელებლობა მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი, მიუტევებელი დანაშაულის ტოლფასიაო. საქმე კი, იმდენად მარტივად იყო, რომ... პირდაპირ, ტირილამდე მარტივად იყო. ასოთხი მილიარდი კუპონით იმ დღეებშივე იყიდეს N რაოდენობის ამერიკული დოლარი. ორიოდე წელიწადში ასოთხ მილიარდ კუპონს იყიდდნენ N-ის მეასედი, ან მეხუთასედი რაოდენობის დოლარით. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა მოგებაზე ილესავდნენ კბილებს?! აქ ლაპარაკი ათეულ მილიონობით დოლარზეა.
ერთ და ორ ათეულ მილიონზე კი არა, გაცილებით მეტზე. დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობ, ნახოს სესხის გამოტანისას კუპონისა და დოლარის კურსი. აგრეთვე, ერთი და ორი წლის შემდგომი კურსი. ნამდვილად შთამბეჭდავი ოპერაციაა.
ასეთი არ დასიზმრებია არც ოსტაპ ბენდერს და, მითუმეტეს, არც კვაჭი კვაჭანტირაძეს, მიუხედავად მისი "მეგობრობისა" დიდასოიან რუს "ღვდელთან", რომელსაც მოგვიანებით "ბონი ემ"-მა სიმღერა მიუძღვნა (სიმღერა ასე მთავრდება - "ოუ,... ზოუზ რაშენზ!". რომ გადმოვაქართულოთ, ზედ აკვდება ჩვენს ყოფას - "ოუ,... ზიის ჯორჯიენზ!"). ეს ინფორმაცია, როგორც იტყვიან, გასკდა. ჩემი ვარაუდით, მათ, ვინც მაშინ დიდი სესხი ვერ "გააიმასქნა", მიუხედავად იოსელიანთან ნაცნობობისა, ინფორმაცია მიაწოდეს ახალგაზრდა ჟურნალისტებს - მათ, ვისაც ასეთი მაქინაციების, შეიძლება, ბევრი არაფერი გაეგებოდათ, მაგრამ ნამდვილი ჟურნალისტური სინდისით მოქმედებდნენ.
ახალგაზრდა ჟურნალისტებმა დიდი ხმაური ატეხეს. შედეგმაც არ დააყოვნა. "მწვანეებმა" სასწრაფოდ გაისტუმრეს სესხი. ნაცვლად ათეულობით მილიონი დოლარისა, ალბათ ერთი ან ორი ათეული მილიონი დოლარის მოგებაღა თუ მიიღეს. ეს მალევე გამოჩნდა. მორიგ არჩევნებში, - მათ მიერ შედგენილ სიაში, პირველი ბიჭის (პირველი კაცი ამოვარდნაძე იყო. მას სიაში ჩასმა არ ჭირდებოდა. სხვაგან ჩასმა ჭირდებოდა, მარა ვინ იყო მისი ჩამსმელი?!...) პერსონალური მძღოლიც მოხვდა. ორმოცდაათ კაცზე მეტის გაყვანას არც ვარაუდობდნენ. მძღოლი მეოთხმოცე თუ ოთხმოცდამეათე კაცად ჩაწერეს (ვიღაც ხომ უნდა ჩაეწერათ).
ჰოდა იმდენი გაიყვანეს, რომ მძღოლიც საქართველოს პარლამენტის წევრი, ანუ ქართველი ხალხის რჩეული გახდა. ცხადია, მძღოლის პროფესია არაფერ შუაშია. მძღოლი იყო ვასო ციმაკურიძე, "ბოი ვასოდ" რომ იცნობდა თბილისი, - ერთი სამართლიანი კაცი. ოთხმოციანების ბოლოს, მაშინდელი სახელმწიფო დაცვის წევრი დაეჯახა მანქანით. გონებაზე მოსულმა მეუღლეს დაუბარა, ის ბიჭი არ დაიჭირონ, საჭის ერთი მოტრიალება ყველას შეიძლება, შეეშალოსო. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ბოი ვასოსთანა კაცები პარლამენტში ვერ გაჩერდებიან - არ არიან სხვათა სურვილების თუ ხუშტურების ბრმად შემსრულებლები და, რაც მთავარია, ღირსებას და სამართლიანობას საკუთარ სიცოცხლეზე წინ აყენებენ. დავუბრუნდეთ ოთხმოცდაათიანი წლების „ხალხის რჩეულებს". დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები, ხშირად გვაყვედრიან და გვამუნათებენ, - ითხოვენ, მეტი პატივისცემით მოვეპყრათ.
როგორც უკვე ვთქვი, ეს არ ეხება მათ უმცირესობას, სულ რამოდენიმე ადამიანს - მათ არასოდეს უტრაბახიათ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერით. დანარჩენები კი, ისინი, ვინც იქ შემთხვევით აღმოჩდნენ, ისეთი სახით გვახსენებენ, ტელეეკრანიდან თუ ნარკომანების პარტიული გადაცემებიდან, მათ „დამსახურებას", რომ გეგონება, ისინი რომ არა, ქვეყანა დამოუკიდებლობის აქტს ვერ მიიღებდა. არადა, მრავალმა მათგანმა აქტზე ხელისმოწერიდან მალე, ზუსტად იმ საქართველოს ესროლა და ის საქართველო გადაწვა, რომლის თავისუფლების აქტზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. ამაზრზენი მოსასმენია ამნაირი „მოღვაწეების" მონოლოგები. დიახ, ამაზრზენი - სხვა ტერმინს ვერც მივუსადაგებ.
ძალიანაც რომ მინდოდეს ნათქვამის შერბილება, ვერ ვიზამ - საქმე მე, ან, სხვა ნებისმიერ ერთ ადამიანს კი არა, ჩემს სამშობლოს ეხება. კიდევ უფრო მოუთმენელია მათი სურვილი, უპრიანია, ვთქვათ, ყველაფრის კადრების უნარი, ხელახლა გახდნენ „ხალხის რჩეული". შემდეგი მოწვევების პარლამენტის მუშაობაზე დაკვირვებამ ჩემი დასკვნა კიდევ უფრო გააღრმავა, - სულ რამდენიმე მაგალითით შემოვიფარგლები. საქართველოს პარლამენტში ერთ კაცზე მიკიდებული დეპუტატები აღელვების გარეშე უსმენდნენ ერთ პარლამენტარ ქალბატონს, რომელმაც ძალისმიერ ორგანოებს მოუწოდა ნადირობა გამოეცხადებინათ ყოფილ, იარაღით დამხობილ პრეზიდენტზე. „ცოცხალმა არ უნდა გაგვასწროს!"-ო, კიოდა პარლამენტის ტრიბუნაზე მდგარი. დეპუტატების უმრავლესობა განაბული უსმენდა ამ, ოციანი წლების კომკავშირელს. უსმენდა და, თან, იმ კაცის ღიმილს უცქერდა, რომლის ძაფებზეც იყვნენ ჩამოკიდებულები.
პარლამენტის ის სხდომა ქრესტომატიულია - მე ვერ დავასახელებ ანალოგიურ სხდომას სხვა ქვეყნების ისტორიიდან. ძალიან ცოტა, თითქმის არაფერი ვიცი, ველური ტომების პარლამენტარიზმის შესახებ. ჩემი ნება რომ იყოს, „ხალხის რჩეულების" იმ სხდომას სასკოლო პროგრამაში შევიტანდი - მოსწავლეებს ავუხსნიდი, როგორ კარგავენ ერთ დროს თითქოს ნორმალური ადამიანები ადამიანურ სახეს და როგორ ეშვებიან გავეშებული, სისხლმოწყურებული ცხოველების დონემდე.
და, კიდევ, როგორი უსუსურია ის მცირე, სულ რამდენიმე ადამიანისგან შექმნილი ჯგუფი, წინ აღუდგეს სისხლმოწყურებული მკვლელებს. აღნიშნული სხდომის იმიტაცია შემდგომი მოწვევის დეპუტატებმაც გაიმეორეს, - და, არა ერთხელ ან ორჯერ. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ ასე ღიად აღარ განუცხადებიათ მათი „კუკლავოდისთვის" მიუღებელი ადამიანების სიკვდილის დაუოკებელი სურვილი. პარლამენტარიზმი ნელა ვითარდებოდა საქართველოში - მიუღებლების, ღირსებიანების განადგურებაზე რბილად, დიპლომატიურად ლაპარაკი ისწავლეს. შინაარსი და ქმედება კი არ შეცვლილა. აქ კობა დავითაშვილის შეხსენებაც კმარა. ოცდამეერთეში საუკუნეში რომ შევაბიჯეთ, ძაფებით თოჯინების მამოძრავებელ მსახიობს, - „კუკლავოდს" რომ ეძახიან მარიონეტების თეატრში, - თითების მოძრაობა დაუჩლუნგდა.
ეტყობოდა, ტვინი ვეღარ აძლევდა ღირებულ სიგნალებს. ან, ზედმეტად სწამდა ახალგაზრდა ქვეშევრდომებისა, ან... ან... ფაქტობრივად, მის უბეში გამოზრდილმა „რეფორმატორებმა" დაამხეს. ოღონდ, სასიკვდილოდ არ გაიმეტეს, არც საციხედ - ოკეანისგაღმელმა და ჩრდილოელმა „მეგობრებმა" დაინდეს. უფრო სწორად, ახალგაზრდა ბიჭები აიძულეს, დაენდოთ. მათ ვერც ამერიკელებს და ვერც რუსებს გაუბედეს ურჩობა, ვერ გაწირეს „ტოტია". მისსავე რეზიდენციაში გამოკეტეს. თუმცა, კბილი მაინც გაჰკრეს - სიძე დაუჭირეს და, როგორც ამბობენ, სანამ თხუთმეტი მილიონი არ „მოასაქმებინეს", არ გაუშვეს. ისევ იგივე სენი - ისევ ერთი კაცის იმაზე მიკიდებული დეპუტატების უმრავლესობა, - „იმაზე"-ში, იმ ერთი კაცის ხუშტურები, მისი ცეზარისეული იდეები იგულისხმება. - მარად უცვლელი „აგრესიული უმრავლესობა".
მათაც ომახიანად დაიწყეს - ლილიპუტინით, დაჟანგული ტანკებით, რასტოვამდე სამ დღეში მისვლით... - მაგრამ ცუდად გააგრძელეს. ქვეყანას ომი ვერ ააცილეს. ერთი უტვინო გენერალი აბღავლეს, „კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღვადგინოთ"-ო, წამოეგნენ უჭიაყელო ანკესს, ომი წააგეს და... ... და, ხელი მოაწერეს 1633 დადგენილებას ევროკავშირისას, რომელმაც ჩემი ქვეყანა დაადანაშაულა კონფლიქტის აქტიურ, ცხელ ფაზაში გადაყვანაში (ეს, გლეხურ ენაზე რას ნიშნავს, ცხადია, მიხვდებით). ქაღალდზე არსებული საქართველოს ტერიტორიული ერთიანობა რამდენიმე ქვეყნისთვის, „იზგოი"-დ რომ მოიხსენიებენ, სათუო გახადეს.
ახლაც ძველებური „რიხით" აგრძელებენ ზღაპრებს, რომ მათი გადაწყვეტილებები ერთადერთი და სწორი იყო. იმ დეპუტატებმა, 1633 დადგენილებაზე ხელისმომწერებმა და მათი „შანტრაბის" წევრებმა, მაშინვე დაიწყეს საქართველოს მოსახლეობის ყურის გახედვნა - სულ რაღაც ასორმოცდაათი ქვების გროვა წაიღოო სამაჩაბლოში მტერმა. აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობას, „მაინც დაიპყრობდაო"-თი ამართლებენ. მათ პატრონებთან ერთად აგრძელებენ - შიგადაშიგ გვიხედნიან ყურს: „იქნებ ვიფიქროთ, ნატოში ისეთი სახით მიღებაზე, რომ მეხუთე მუხლი სხვანაირი ფორმულირებით შევათანხმოთო. ნახეთ კვიპროსის მაგალითი, მხოლოდ ნაწილი შევიდაო ნატოში"... და სხვ.
და, ამნაირები. ანუ, გვთავაზობენ ნატოს წევრობას აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე. „ოცი პროცენტია"-ო, ბოლო-ბოლო... ოცი პროცენტიაო და ნატოში რომ შემოხვალთ, თქვენი ცხოვრების დონე იმხელა სიმაღლეზე ავა, აფხაზები და ოსები თვითონ მოინდომებენ საქართველოსთან გაერთიანებასო. ეს ზღაპარი არაა, ეს გამიზნული დეგრადაციაა ქართული გონისა, ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნებისა. ისინი მოინდომებენ იმას, რაც ოკუპანტს უნდა. ასეთია მცირე ერების ბედი. ზოგიერთი „ხალხის რჩეული", დაძრწის ევროპის დედაქალაქებში და იხვეწებიან - ჩემს ქვეყანას არ მისცეთ ევროკანდიდატობა, ჩემი ქვეყანა გარიცხეთო ევროსაბჭოდან.
დეპუტატების მეორე ნაწილი, უმრავლესობა, ფაქტობრივად ვერაფერს უპირისპირებს მათ ქმედებას - არ ჰყოფნის სახელმწიფოებრივი აზროვნების დონე. რატომ?! ისინიც ერთ კაცზე ჰკიდიან. არც მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი აზროვნება (მცირეოდენი გამონაკლისების გარდა). უფრო მეტიც, მათ არ შეუძლიათ, მთავრობას, მათ მიერვე არჩეულ მთავრობას, დაავალონ, უბრძანონ - საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული ყველა პატიმარი ერთნაირ პირობებში ამყოფოს. მათ არ შეუძლიათ, კანონი აკანონონ ხისტად - სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას კანონების შერჩევითი გამოყენება. ეს ანადგურებს სახელმწიფოს. - ამის გაგების და სრულად შეგნების უნარი კი, არ თუ ვერ გააჩნიათ (აქაც არიან გამონაკლისები).
მაგალითებით თავს არ შეგაწყენთ (თუ მოინდომებენ პარლამენტარები, მაგალითებს საკმარისზე მეტს მოვიტან), ჩემსა და ჩემნაირების გულისტკივილს გამოვხატავ - აქ კი, სურვილს და ქვეყნის მთავრობა-ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ქმედებას მოვითხოვ. უნდა მივახვედროთ, რომ არავინაა შეუცვლელი. სწორედ ძირითად მასას, ერთ კაცზე მიკიდებულ „რჩეულებს" მოგმართავთ, - ხელფასი და გადიდებული პენსია ხომ შეირგეთ?! შემოსავლებიც ხომ გაიჩინეთ მრავალმა?! იმყოფინეთ, ბატონებო, ნუ გვაყვედრით თავს, ნუ წაგაგვჭამეთ თავი თქვენი „ღვაწით"! კიდევ დავამატებ, „ხალხის რჩეულთა" ნა-"ღვაწს", არც ისე მსუბუქს: ბაღდათელმა გლეხებმა გაზაფხულზე მიწა რომ ვერ მოხნეს - ესაა თქვენი „მოღვაწეობის" შედეგი - ზესტაფონში მოაგროვეთ რამდენიმე რაიონის ტრაქტორები. იქედან ტრაქტორის გადმოყვანა, გამოყენება და უკან გადაყვანა გლეხს იმხელა ფული უჯდება, არ უღირს დახვნა-დათესვა.
გამწარებული გლეხები ხშირად ახსენებენ თქვენს აღმზრდელებს; ადამიანები, რომლებმაც თავისი, ათწლეულობით, ზოგმა ნახევარ საუკუნეზე მეტით, ნაცხოვრები სახლი და მიწა რომ გაიფორმა, თქვენი მიერ მიღებული კანონებით გაიფორმა. მერე, ისევ თქვენს მიერ მიღებული კანონებით, თაღლითებად, სახელმწიფოს საკუთრების მიმტაცებლებად აქციეთ და სასამართლოებში არბენინეთ. თქვენ, თაღლითებად გამოიყვანეთ საირმეში მაცხოვრებელი სოსელიების ოჯახი (სხვებისაც) - პატიოსან, კანონმორჩილ ადამიანებს თაღლითობის იარლიყი მიაწებეთ და ციხით დაემუქრეთ; ამ დროს, ნამდვილ თაღლითებს ხანდაზმულობის ვადის მიზეზით თაღლითობა აპატიეთ - თქვენს მიერ შექმნილი კანონებით ქნა ეს სახელმწიფომ; თქვენი „ღვაწია" საქართველო თავკომბალა რომ გახდა, ერთ დროს მწვანე, ახლა კი, გადაბელილი და გადახრუკული თბილისით;
თქვენ კანონებით მოსპეთ საქართველოში საშუალო განათლების მიღების საშუალება. ეს არანაკლები ბოროტებაა ერის წინაშე, შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩადენილი; დიახ, უნდა გაჩუმდეთ და ჩუმად მიიღოთ ყველა სუსხიანი სიტყვა, რასაც იმსახურებთ. მე, ერთ რიგით წევრს ჩვენი დაყოფილ-დახლეჩილი საზოგადოებისა, ღრმა ტკივილს მაყენებს ის, რომ ამ სულგაყიდულებს და იმ ოცდაათიოდე წესიერ პარლამენტარს ერთნაირ პენსიას რომ ვუხდით ჩვენი ჯიბიდან. ნუ მეტყვით, ევროპაში და ოკეანის გაღმაც არ არიანო ანგელოსები, იქაც უარესი თუ არა, არანაკლები „რჩეულები" არიანო - ეს უთქვენოდაც ვიცი. თქვენი უსუსურობის და ანგარების გამართლება იმით, რომ სხვაგან არანაკლებს სჩადიანო, მიუღებელია. „ყველამ თავის იმნაირ მამიდას მოუაროს"-ო, ნათქვამია.
მე თქვენ უფრო მაწუხებთ, ჩვენი „იმნაირი მამიდები". ისინი მიხედავენ თავიანთ „იმნაირ მამიდებს". მომავალ წერილში ვეცდები ევრო-ამერიკული დემოკრატიის ავ-კარგზე მოგახსენოთ ჩემი არაპოლიტიკური დაკვირვებები.
(სოლომონ ნერგაძე, 2024)
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე