ჩვენ დიდი პატივისცემით მივმართავთ ყოველ მოქალაქეს, ყოველ მამულიშვილს, საზოგადოების ყოველ წევრს, ჩვენს ემიგრანტებს, ახალგაზრდებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვნების მოღვაწეებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, სპორტსმენებს - ყველას, ვისთვისაც ფასეულია ფიქრი ქვეყნის მომავალზე: დაეთათბირეთ ვისაც გნებავთ - ხელისუფლებაში, თუ ხელისუფლების გარეთ... დაეთათბირეთ ოჯახის წევრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, თანაკურსელებს, თანამშრომლებს ... დაეთათბირეთ ყველას, მიუხედავად იმისა, რა ეროვნებისაა, რა ასაკისაა, რომელი აღმსარებლობის მიმდევარია, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს და გვითხარით, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება...
ეს ეხება არა მარტო ცენტრალურ რგოლებს, არამედ ყველა სახელისუფლებო შტოს მთელ ვერტიკალს. თითოეულმა დავასახელოთ რამდენიმე პიროვნება, არაუმეტეს ათისა. დავასახელოთ მომავლის საქართველოსადმი უდიდესი პასუხისმგებლობით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისადმი პასუხისმგებლობით... დავასახელოთ იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ წარმუდგენლად დიდი მომავლის ქვეყნიდან ვართ და იმის გაცნობიერებით, რომ საქართველოს დიდი საკაცობრიო სულიერი მისია აქვს შესასრულებელი, როგორც ამას მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნენი ამბობდნენ და ამბობენ დღესაც.
ოთხი რამ, რაც აუცილებელზე აუცილებელია კანდიდატურის დასახელებისას: ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, წესიერება. იმის ხაზგასმასაც ვაკეთებთ, რომ წესიერებაა უმთავრესი, რომ წესიერების გარეშე, ინტელექტი და გამბედაობა დამანგრეველი ხდება! ქვეყანას სჭირდება ადამიანები, რომლებშიც არის ძველი და ახალი ცოდნის ერთობა...
ადამიანები, რომელთაც სიცოცხლის ფასად შეუძლიათ დადგნენ საქართველოსთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ „ეროვნული თანხმობის პარლამენტში" ყველა რეგიონს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს ყველა ეთნიკურ ჯგუფს, ყველა თაობას, ყველა პროფესიას... მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა - ასაკი, რომ მსოფლიო პარლამენტარიზმის გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტში სჭარბობდნენ გამოცდილების მქონე ადამიანები, სჭარბობდნენ ეკონომისტები, იურისტები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, სისტემური აზროვნების ადამიანები. თავი უნდა შევიკავოთ პარტიიდან პარტიაში მორბენალთაგან და მოღალატური ბუნების ადამიანებისგან, მათგან, ვინც ოდესმე ხელი აუწია გარედან თავსმოხვეულ ანტიქართულ კანონებს. ჩვენ ერთგული უნდა ვიყოთ ილია ჭავჭავაძის სიბრძნის - ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! და კიდევ ერთი, რაც მთავარია: საქართველოს მომავალს სწორედ ის ადამიანები მისცემენ, რომელთაც კარგად ესმით ილიასეული დებულება: „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად"!
კარგი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში ცნობილმა აკადემიკოსმა, რომელსაც ერთი თვის წინ ვთხოვეთ, მოეწოდებინა სია ათამდე ადამიანისა, რომელთა გარეშეც ვერ წარმოუდგენია ქვეყნის ხელისუფლება. დამატებით ერთი თვე გვთხოვა და ისიც გვითხრა: „შეიძლება ჩემ სიაში 7-8 ზე მეტი პიროვნება არ იყოსო." - აი, პასუხისმგებლობა! თუ თითოეული ჩვენგანი ასეთი პასუხისმგებლობით მივუდგებით, ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ ქვეყანაში პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და გადავიდეთ მეცნიერების ერაში. (გადასვლა) ჩვენ შევძლებთ, დღევანდელი ფულის ძალაუფლების ქვეყნიდან საქართველო ვაქციოთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყნად. ჩვენ შევძლებთ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციას. ასეთ ქვეყანაზე ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს ეს ამოცანა განსაკუთრებული სიმწვავით დგას. შედეგი თითოეულის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული!
ჩვენი სამშობლოს ისტორია ადასტურებს, რომ ღმერთი მხოლოდ მაშინ არის ჩვენთან, როცა ვერთიანდებით ეროვნული იდეით, როცა ერთმანეთს კი არ ვებრძვით, არამედ ვერთიანდებით საერთო მტრის წინააღმდეგ... ფეხბუთელებმა დაგვარწმუნეს, რომ ერთობა ავლენს ეროვნულ ენერგიას... დრო იმაშიც გვარწმუნებს, რომ პარტიები გაერთიანებებს ქმნიან, ქვეყანას კი, ანაწევრებენ, ქვეყანაში ერთმანეთთან გვაპირისპირებენ! მეცნიერთა კონგრესის პოზიცია შეუვალია - დღეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია უარი - „ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეაზე". თუ პარტიები გააგრძელებენ სიჯიუტეს - დაპირისპირებას და კონფრომტაციას, - გამარჯვების ფორმულად ხალხის და მეცნიერების ერთობა გვრჩება! ერთად გავიმარჯვოთ მომავლის საქართველოსთვის!
მეცნიერთა კონგრესი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე