ვლადიმირისა და ვოლოდიმირის სახეები დოსტოევსკის შემოქმედებაში
რეზონანსი
(04.12.2022)

თავიდანვე ვაცხადებ, ჩემთვის მართლმადიდებელ რუსსა და უკრაინელს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც მათი პრეზიდენტების რუსულად (ВЛАДИМИР) და უკრაინულად (ВОЛОДИМИР) დაწერილ სახელებს შორის... შესაბამისად, ძმებად თუ არა, ახლობლებად მაინც ვთვლი და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციასაც გამსახურდიასა და შევარდნაძის მომხრეების სისხლიან დაპირისპირებასავით განვიცდი. ტრაგედიაა, როდესაც, ნაცვლად იმისა, რომ მესვეურებმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე გასცენ ბრძანება და, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის ინტერესებში დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროპაში მცხოვრები, თანაც მომაკვდავ ერად მიჩნეული აღმოსავლეთ სლავების ორი მონათესავე ჯგუფი XXI საუკუნეში ერთმანეთს ჭურვებს ესვრის და „მტრის“ დახოცილი ჯარისკაცების რიცხვით იწონებს თავს... 

ამდენად, პუტინსაც და ზელენსკისაც, როგორც საკუთარი ხალხის, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თანამოწილეებად მივიჩნევ, რომლის ორგანიზატორი ან წამქეზებელი ისევ ის „ვიღაც მესამეა“, ვისი სახელი არც მე ვიცი და არც სულმნათ მორის ფოცხიშვილს გაუსაჯაროებია, მაგრამ გულისტკივილით აღნიშნა, „ძმებს ღალატობენ ძმები, ცუდ ხასიათზე ვდგები, ავად ხითხითებს მტერი, შრება სიცოცხლის წყარო, ვიღაც მესამე მღერის, ვიღაც მესამე ხარობს, ძმებს ღალატობენ ძმები, ვიღაც მესამის ნებით“.

ადრეც მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს „სპეცოპერაცია “, დარწმუნებული ვარ, რუსი და უკრაინელი ხალხი ორივე წაგებულo დარჩება, ვინაიდან მათი პრეზიდენტები, როგორც ჩანს, ძირითადად, სხვების (მათ შორის, „სტრატეგიული პარტნიორებისა“ და „ევროპელი მეგობრების“...) ინტერესებში მოქმედებენ... გარდა იმისა, რომ უკრაინის ნაყოფიერი მიწის დიდ ნაწილს სხვები დაისაკუთრებენ და მილიონობით სლავი ევროპაში აზია-აფრიკელ მიგრანტებს ჩაენაცვლება, კონფლიქტში პირდაპირ ან ირიბად მონაწილე ქვეყნების შეირაღება-გადაიარაღებაზეც დიდ ფული „მოტყდება“ (მხოლოდ აშშ ყოველწლიურად ტრილიონზე მეტ დოლარს ხარჯავს, ხოლო გერმანიამ შეიარაღების განახლებაზე 100 მილირდი ევრო დამატებით გამოჰყო...). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კიდევ დიდი ხნით აღმოჩნდება იზოლირებული ევროკავშირისგან და ვერც მისი ბუნებრივი რესურსების ინტეგრირება მოხდება დასავლურ (მაგ., გერმანულ) ტექნოლოგიებთან, თავად პრეზიდენტი პოზიციებს შესამჩნევად გაიმყარებს... 

ფაქტია, პუტინმა საზღვრების არჩაკეტვით ქვეყნიდან განარიდა მილიონზე მეტი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომელთა გაერთიანებას „ფერადი რევოლუცია“ და რეჟიმის დამხობა შეიძლებოდა მოჰყოლოდა... აცხადებენ კიდეც მისი მომხრეები: „მოლოდეც! იზბავილსა ოტ სბროდაო...“ (მაგარია! მოიშორა ნაძირალა-ვიგინდარებიო...). ამასთან, ყირიმისა და დონბასის ნაწილის ანექსიით „ველიკოდერჟავული“ მენტალიტეტის მქონე რუსები შეაკავშირა და, შესაძლებელია, 2024 წელს, ბელარუს-რუსეთის ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს პრეზიდენტადაც მოგვევლინოს, რომელსაც უკრაინის ნაწილიც („ნოვოროსიაც“) ექნება მიერთებული... 

ფაქტია ისიც, რომ უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიებზე არა მარტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ტელევიზია და რკინიგზა მუშაობს დაუბრკოლებლად, არამედ ნოტარიუსებიც უპრობლემოდ აფორმებენ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს. ამასთან, 1 ჰექტარი ე. წ. შავმიწა ნიადაგის ყიდვა კონფლიქტის ზონაში უკვე ათას აშშ დოლარადაც შეიძლება („სპეცოპერაციამდე“ გაცილებით ძვირი ღირდა...), ხოლო საკმაოდ დიდი ფართობები უკვე 49 - წლიანი იჯარითაც არის გაცემული, ძირითადად კი ისეთ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებზე, როგორებიც არიან მაგ., „კარგილი“, „დიუპონი“ და „მონსანტო“... არადა მსოფლიოში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა მარცვლეულზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ბევრგან უკვე სრულიად გამოფიტულია (დეგრადირებულია), უკრაინული მიწა კი საუკეთესო ხარისხისაა და მისი გასხვისება მხოლოდ 2021 წელს დაკანონდა... 

ვინაიდან ოკეანისგაღმაც და ევროპაშიც გარკვეული ძალები, დიდი ხანია, რაც მართლმადიდებლების ერთმანეთთან დაპირისპირებაზეც ოცნებობდნენ, გამორიცხული არ არის, რუსი ვლადიმერიც და უკრაინელი ვოლოდიმერიც ერთი და იმავე „ვიღაც მესამის“ (სავარაუდოდ, მსხვილ მილიარდერთა რომელიმე არაოფიციალური ასოციაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს...) მითითებებით მოქმედებდნენ... შედეგად, იმის გამო, რომ „ძმებს ღალატობენ ძმები“ , ყოველდღიურად ასეულობით ჭურვი ფეთქდება და ადამიანებიც იღუპებიან, როგორ ჩანს, „ვიღაც მესამე მღერის, ვიღაც მესამე ხარობს“ და ყოველი თვის ბოლოს შამპანურით აღნიშნავს „სპეცოპერაციის წარმატებას“... 

ფაქტია, ნაცვლად იმისა, რომ „სამეზობლო დავა“ მორიგება-შერიგებით დასრულებულიყო, პუტინმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა. ზელენსკიმაც არაფერი დაუთმო და მხოლოდ იარაღით დახმარება ითხოვა, თუმცა, საზღვრები სამხედროვალდებულებისთვისაც კი არც თვითონ ჩაკეტა... ამასთან, რუსების მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მასირებული სარაკეტო თავდასხმები, ფაქტობრივად, იმავე ტაქტიკით ხორციელდება, რომლითაც ნატო სერბეთის მიმართ მოქმედებდა და მოწინააღმდეგეს მორალურად ანადგურებდა... შესაბამისად, მორიგი „სპეცოპერაციის“ („დიდება უკრაინას!“) შედეგად წაგებული (დაზარალებული) მხოლოდ ის ათასობით სლავია, ვინც „ვიღაც მესამის“ ინტერესებს „საზარბაზნე ხორცად“ შეეწირა და კიდევ რამდენიმე მილიონი, რომლებსაც, თათრების, მონგოლების ან ჯვაროსნების მორიგი შემოსევის კი არა, ამჯერად უკვე თანამოძმე ბარბაროსების შიშით მოუწიათ ან მომავალში მოუწევთ მშობლიური მიწის მიტოვება... 

მართალია, სწორედ საყოველთაოდ ცნობილმა სლავმა კლასიკოსმა დაგვიბარა, ბავშვის ერთ ცრემლად არ ღირს პროგრესი, ომები და „სპეცოპერაციებიო“, 

ფაქტია, მიუხედავად ასეულობით უცოდველი ბავშვის დაღუპვისა და ოკუპირებული ტერიტორიების სრული გაპარტახება-განაგურებისა, ზელენსკი დაზავებაზე უარს ამბობს, თუმცა პუტინს მაინც, შეიძლება ითქვას, მოზომილად ლანძღავს ( როგორც პროფესიონალი მსახიობი „სცენარის“ ტექსტს ზუსტად მიჰყვება...). არადა, მგონია, რუს „გოლიათთან“ მებრძოლი უკრაინელი „დავითის“ როლზე, თავიდან სააკაშვილი იყო შერჩეული, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოარიდეს მოვლენების ეპიცენტრს (მით უმეტეს, რომ „ადაპტაციური აშლილობა“ სამხედრო თვითმფრინავების მიმართ ჯერ კიდევ 2008-ში აღენიშნებოდა, ხოლო „ფსიქიკურის“ თაობაზე, კიდევ უფრო ადრე, შევარდნაძის მრჩეველმა „დაუდგინა დიაგნოზი“...). გონივრული გადაწყვეტილებაა, თორემ პირდაპირ ეთერში საკუთარ თავზე კონტროლი რომ დაეკარგა და პუტინიც გამოეყვანა წყობიდან, ატომურ ბომბს, შეიძლება, არა მარტო უკრაინელი ბავშვები, არამედ „სპეცოპერაციის“ წამქეზებელი „ვიღაც მესამეც“ დაეზარალებინა...

გენიალურმა დოსტოევსკიმ ადამიანში ეშმაკისეული ბოროტი სულის ჩაბუდების მიზეზების გააანალიზებისას, თურქების მიერ სლავი ჩვილების მიმართ ბულგარეთში ჩადენილ სისასტიკესთან ერთად, თვითონ რუსების მიერ საკუთარი მოდგმის მცირეწლოვანი ბავშვებისადმი სადისტური მოპყრობის ფაქტებიც აღწერა და დაასკვნა, ასე ცხოველიც არ მოიქცეოდაო...

მართალია, ჩემმა ბავშვებმა ჯერ კითხვა არ იციან, მაგრამ ძმებ კარამაზოვებივით დიალოგში გამოავლინეს სლავების თავს დატეხილი მორიგი უბედურების („ღვთის რისხვის“) მიზეზი: უმცროსმა: - „პუტინს, ალბათ ჭინკა შეუჩნდაო“ განაცხადა, უფროსმა გაუსწორა:, - „როგორ შეუჩნდებოდა, როდესაც თვითონ არის ჭინკაო...“. რაც შეეხება ზელენსკის, მივხვდი, რატომ არ იყვნენ ქრისტიანების სულიერ მამები კეთილგანწყობილები მსახიობების მიმართ... 

არ მგონია, დღეს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს ისტორიულად სლავური ეთნოსი „კიევის რუსეთიდან“ იღებს სათავეს, ვოლგისპირეთიდან, მოსკოვიდან თუ სულაც აზიიდან ჩამოსულები ჰყავდათ წინაპრებად, ფაქტია, ევროპული იერის მქონე აღმოსავლეთ სლავები (ბელარუსები, რუსები და უკრაინელები) მთლიანობაში 200 მილიონამდე არიან, ენაც და დამწერლობაც, ფაქტობრივად, ერთი აქვთ და ხმელეთის 1/6-თან ერთად, მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების უდიდეს ნაწილსაც ფლობენ... ამდენად, გონივრული იქნებოდა, მოძმე ერები გონს მოგებოდნენ, დაუყოვნებლივ შერიგებულიყვნენ, ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებულიყვნენ, საკუთარ ტერიტორიაზე დატეულიყვნენ, ევროინტეგრაციაზე აეღოთ აქცენტი და ერთმორწმუნე საქართველოსთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობა დაემყარებინათ. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე