„რა ფასი აქვს დაზღვევას, თუკი ისეთ სპეციალისტთან მისასვლელად, გული რომ საგულეს მქონდეს, დაზღვევიდან უნდა გავიდე და რომ ვიმკურნალებ, უკან მერე შემოვბრუნდე?“
რეზონანსი
(27.11.2022)

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ადგილზე რომ ვიყო, საგულდაგულოდ გადავხედავდი იმ მასალების ხარისხსა და ფასებს, რომელიც კლინიკებს შემოაქვთ, რადგან უხარისხო სახარჯი მასალა პაციენტების მნიშვნელოვან პროცენტში დაფინანსების ახალ, დამატებით ხარჯებს განაპირობებს, რაც ზედმეტი და გაუმართლებელი ხარჯია ქვეყნისთვის. ასევე, მეტ ყურადღებას დავუთმობდი სადაზღვევო კომპანიების კონტროლს - მათი დიდი ნაწილი ცდილობს თავი აარიდოს მაღალტექნოლოგიური კვლევების ხარჯებს და საჭიროების შემთხვევაშიც კი არ ნიშნავს მათ. ასეთი დამოკიდებულება ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემის დამძიმებას განაპირობებს. მოქალაქეეთა ჯანმრთელობა კი არც კომუნიკაციაზე და არც ენერგეტიკაზე  (ამათ მარეგულირებელი კომისიები აქვთ) ნაკლებმნიშვნელოვანი არ უნდა გახლდეთ.

ეს ისტორია სხვა ათასს ჰგავს და სხვა ათასი ამას. პაციენტმა, რომელმაც 3-4 წლის წინ მუხლი იტკინა („ამოუვარდა“) ორი კერძო დაზღვევა გამოიარა. ერთმა ტრავმატოლოგმა რენტგენზე გაუშვა და სხვა დამატებითი კვლევის გარეშე უთხრა, რომ არაფერი სჭირდა. მეორემ ექო გადააღებინა და, მიუხედავად წინა ანამნეზისა, იგივე დასკვნით გამოუშვა. ბოლო ვიზიტიდან წელიც არ იყო გასული და უკვე მრავალჯერ ამოვარდნილი მუხლი ნებით უკან აღარ დაბრუნდა... 

სახელმწიფოს იმედზე დარჩენილი მოქალაქე უკვე საიმედოდ შერჩეულ, ცნობილ ექიმთან მივიდა. ანამნეზის მოსმენის შემდეგ ტრავმატოლოგმა უთხრა, რომ რენტგენის (ექოსგანაც) დასკვნისგან შეგიძლია თვითმფრინავი გააკეთო და გაუშვაო, რამეთუ არ ჩანსო რენტგენზე რბილი ქსოვილი. შენი ჩივილი კი მუხლის რბილი ქსოვილების პრობლემებზე მიუთითებსო. მაგნიტორეზონანსული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პაციენტს აგლეჯილი აქვს მენისკი და გაგლეჯილი წინა ჯვარედინი იოგი. ტრავმა ძველია და თანდათანობით დამძიმებული. დანიშნულება - ოპერაცია.

იქვე, ოპერატიულად ატვირთეს დაფინანსების მოთხოვნა ჯანდაცვისთვის. თვეზე ცოტა მეტის შემდეგ (27 ოქტომბერს) პაციენტმა მიიღო თანხმობა დაფინანსებაზე - ამ ოპერაციისთვის ჯანდაცვის მიერ განსაზღვრული ლიმიტის 90% . თუმცა ეს თანხა კლინიკის მიერ ნათქვამ თანხაზე 2-ჯერ (მეტადაც) ნაკლებია. იმის გამო, რომ 1 ნოემბრიდან კანონი იცვლებოდა და პაციენტი ვერ ასწრებდა მანამდე ოპრრაციის გაკეთებას, ურჩიეს ნოემბრის დასაწყისში მისულიყო. 2 ნოემბერს მოთხოვეს კლინიკიდან მიმართვის განახლება. კლინიკის მენეჯერმა კი ახალი ულტიმატუმი გააჟღერა - თუ პაციენტს სურვილი აქვს ოპერაცია მისმა შერჩეულმა პროფესიონალმა ქირურგმა გაუკეთოს მაღალხარისხიანი სახარჯი მასალებით, უარი უნდა თქვას საყოველთაო დაზღვევიდან დაფინანსებაზე და ოპერაციისთვის საჭირო სრული თანხა კლინიკას ისე გადაუხადოს.

დასკვნა: პირველ ორ ტრავმატოლოგს ცოდნა აკლდათ ან დაზღვევა ავალებთ, რომ რაც შეიძლება მინიმალურად დანიშნონ მაღალტექნოლოგიური კვლევები. ინფორმაციისთვის: დაზღვევა პასუხს არ აგებს არასრულყოფილ დანიშნულებებზე, ეგ კლინიკის საქმეა... კი, მაგრამ თუკი დაზღვევას არაკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული კლინიკა ჰყავს პარტნიორად? ან თუნდაც გაკვრით არის მითითება ინსტრუმენტალური კვლევების შეზღუდვა-შემცირებაზე?

ჯანდაცვის სისტემა ჭაობშია - რაც მეტ კითხვას სვამ, მით მეტად ეფლობი გაუგებრობაში: ერთის მხრივ ჯანდაცვა ცდილობს დანერგოს ახალი მიდგომა, რომლითაც საყოველთაო დაზღვევის სქემაში ჩართული კლინიკები სხვადასხვა მიზეზ-საბაბით ვეღარ შეძლებენ პაციენტებისა და მათი პატრონებისთვის გაურკვეველი ან თუნდაც გარკვეული დამატებით მომსახურებისთვის თანხის გამოძალვას, მეორეს მხრივ კი ექიმები და კლინიკები ცდილობენ საკუთარ ჯიბეს ფული არ მოაკლონ. პაციენტი კი არავის აინტერესებს. 

ახალი სისტემის დანერგვისთანავე ექიმებმა აქცენტი გააკეთეს სახარჯ მასალებსა და მათ ხარისხზე. გაუგებარია, როდის და რის საფუძველზე დაადგინა ჯანდაცვამ ფასები და რატომ განსხვავდება ეს ფასები ასე კარდინალურად კლინიკის ფასებიდან. 

ისინი იმდენად განსხვავებულია, რომ კაცი იფიქრებს, ზოგიერთი კლინიკა ნაკლებხარისხიან ჭანჭიკებს ელიავას ბაზარზე ყიდულოს, ხოლო მაღალხარისხიანს სადღაც კოსმოსში უკვეთავს. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ სახარჯ მასალად მხოლოდ სპირტი და დოლბანდი ან თუნდაც ჭანჭიკები არ ითვლება, ყველა ინსტრუმენტს თავისი სასიცოცხლო ვადა აქვს, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური ოპერაციებისას გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს. შესაბამისად, ექიმების პრეტენზიები ამ მიმართულებით მთლად უსაფუძვლოც არ უნდა იყოს. მით უფრო, რომ როგორც ექიმები ამბობენ, ეს ფასები მრავალი წლის წინანდელია და აქამდე არ გადახედილა. ამასთანავე, ქირურგიული ჩარევის შედეგი და, შესაბამისად, პროფესიონალის იმიჯიც გარკვეულწილად ამ მასალებზე, მაღალი რანგის ტექნიკასა და ინსტრუმენტებზეა დამოკიდებული. 

პროფესიონალებისთვის ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი ისიც გახლავთ, რომ ამ ოპერაციებში ყველა კატეგორიის ექიმისთვის თანაბარი ანაზღაურებაა დაწესებული. თუ პარალელს განათლების სამინისტროსთან გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ განათლებაში მასწავლებელთათვის მთელი რიგი სტატუსებია და სხვადასხვა რანგის პედაგოგი მისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას იღებს. სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროში ეს ნიუანსი ან გამორჩათ, ან ჩათვალეს, რომ : ა) ავტომატურად ჩაეხსნებოდათ პროფესიონალებთან ოპერაციის მსურველი პაციენტების დაფინანსება - აკი ერთჯერადად პროგრამიდან გამოსვლასა და მერე უკან დაბრუნებაზე ნებადართულნი ვართ, ბ)  უხვად გამოჩნდებიან საცდელი კურდღლები, რომლებზეც „საწარმოო პრაქტიკას“ გაივლიან ნაკლებპროფესიონალი და/ან ახალგამოჩეკილი ექიმები და მალე პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.

ან საერთოდ, რა ფასი აქვს დაზღვევას, თუკი ისეთ სპეციალისტთან მისასვლელად, გული რომ საგულეს მქონდეს, დაზღვევიდან უნდა გავიდე და რომ ვიმკურნალებ, უკან მერე შემოვბრუნდე? 

ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ  ძირითადად „აყვანილი ექიმის“ ან/და „ცალკე პალატის“ ღირებულება, ფაქტობრივად, დამატებითი ჰონორარი იყო ექიმისთვის. შესაძლოა, იმ „სახარჯ მასალებიდანაც“ ითბობდნენ ხელს (ჯიბეს)... და ახლა? ჯანდაცვამ რა მოიგო თუ იგივე თანხით აფინანსებს ოპერაციას? ეკონომიურად ვინ დაზარალდა? ექიმი თუ პაციენტი, რომელსაც აწი სრული თანხის გადახდა მოუწევს? - ორივე, უფრო ის პაციენტი ვისაც საცდელი კურდღლის როლში ყოფნა არ უნდა... აი, რისკიან პაციენტს კი - თუ გაუმართლა „შაში ბეშს“ და თუ არა „დუბარას“ გააგორებს...

გამოდის, რომ ჯანდაცვამ უბრალოდ მოქისტა პაციენტთა ნაწილი და ასე უშეღავათა ხარჯებს.

საზღვარგარეთ, კლინიკაში მისულს არავინ ეკითხება ვინ გაუკეთებს ოპერაციას. შეიძლება ოპერატორისთვის ის ოპერაცია პირველი დამოუკიდებელი სამუშაოც იყოს... მაგრამ იქ კლინიკა პასუხისმგებელია შედეგზე. ჩვენთან, უკიდურეს შემთხვევაში, გაწირავენ იმ ექიმს და დამთავრდება ამით საქმე.

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს ახალი პირობების გათავისებისთვის ორი თვე მისცა (ამ პერიოდში არ აჯარიმებს), მაგრამ პაციენტები დაავიწყდა. კარგი იქნებოდა ორთვიანი ვადა პაციენტებსაც ჰქონოდათ და განესაზღვრათ დაფინანსების რომელი სქემა ერჩიათ. ბოლოს და ბოლოს, ამ ორი თვის სტატისტიკა ცხადყოფდა რამდენად მართებულად დაიგეგმა რეფორმა, რა ხარვეზები აღმოჩნდა და რა პრობლემების გამოსწორება გახდებოდა საჭირო. თუმცა, პრობლემები ასეც კარგად ჩანს (უხვად დაუგროვდა ჯანდაცვას ე.წ. სადაო „ქეისები“), მაგრამ ამ ორი თვის განმავლობაში პაციენტებს რა ალტერნატივა დარჩათ - ან გაყიდონ რაც გააჩნიათ, ანაც გარისკონ საცდელ კურდღლის როლში?

სამწუხაროდ, არც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წინასწარ ორგანიზებულ რაიმე სასწავლო-პრაქტიკულ ღონისძიებებზე გვსმენია, სადაც ახალბედა დამწყები სპეციალისტები რაიმე მომზადება-გადამზადებას გადიოდნენ კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად, რომ სამომავლოდ, ესოდენ მნიშვნელოვანი რეფორმის გატარების შემდეგ, განდგომილი პროფესიონალების დეფიციტი ეგზომ მტკივნეულად კრიტიკული არ ყოფილიყო. თუმცა საკვალიფიკაციო კურსს მოხალისე პაციენტები დასჭირდებოდა და ახლა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საზარბაზნე ხორცი თავისი ფეხით მიცუნცულდება, თანაც ყოველივე კლინიკისვე ხარჯებით ჩაივლის. 

ეგებ გაუფრთხილდეთ კადრებს -  ექიმები ჭკვიანი ხალხია, ისინი ერთდროულად სწავლობდნენ ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას... უბრალოდ გადაუხადეთ მათ მათი შრომის, კვალიფიკაციისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არ გაუჭირდებათ მოძებნონ შემოსავლელი გზები თქვენი პროექტების გამოყენებისთვის, ანაც პროფესიონალები უბრალოდ წავლენ. ექიმები კი არა პროფესიონალი ექთნებიც კი დეფიციტშია უკვე... 

თუმცა რაღა ექიმი და ექთანი, ზოგადად პროფესიონალების დეფიციტია ქვეყანაში... 

p.s. საქართველოში 4 (ოთხი) ორთოპედ-ტრავმატოლოგი მითხრეს, ვისაც შვილის მუხლი შემიძლია მშვიდად ვანდო. არცერთი (!!!) აღარაა საყოველთაო დაზღვევის სისტემაში. 

ბარაქალა თქვენს რეფორმას!

თამარ ადუაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე