საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
რეზონანსი
(09.10.2022)

საქართველოს ეკონომიკის ბოლოდროინდელი ზრდის მაღალი ტემპები უდავოდ დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებაში.

ბატონო პრემიერო, მოგეხსენებათ, რომ ჯაჭვის სიმტკიცე განისაზღვრება მისი ყველაზე სუსტი რგოლის სიმყარით. ასეთ „სუსტ რგოლად“ კი დღეისათვის თანამედროვე ქართული სოფელია – ის ფენომენი, რომელიც საქართველოს საძირკველს წარმოადგენს. სოფელი წლებია სუსტდება, მცირდება და ცარიელდება. ამის ძირითადი მიზეზი ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ფაქტორია: სამართლებრივი და ეკონომიკური – ჯერ ერთი, სოფელს არ გააჩნია სამართლებრივი სტატუსი. ქართული კანონმდებლობა არ ცნობს სოფელს, როგორც იურიდიულ ერთეულს. მას არა აქვს უფლება ჰქონდეს საკუთრება. მეორეც, მას, როგორც ადამიანთა ერთობას, საერთო და მუდმივი შემოსავალი არ გააჩნია. ის თავის ბედ-იღბალზე, არსებობისა და განვითარების შესაძლებლობაზე თავად, დამოუკიდებლად ვერ ზრუნავს. არადა, ქართულ სოფელს სხვა, ინსტიტუციურად პასუხისმგებელი მზრუნველიც არ ჰყავს. ამიტომაცაა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ასეთ გაურკვეველ ვითარებას ცდილობს განერიდოს, პირდაპირ რომ ვთქვათ, ტოვებს სამკვიდროს და მიდის ემიგრაციაში – ქალაქად, ან კიდევ უფრო შორს, საზღვარგარეთ. 

სოფელზე ფაქტობრივად კი არ ზრუნავენ, არამედ უკანასკნელ ლუკმას აცლიან ისეთი ინსტიტუტები, რომელთაც, ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, პირდაპირ თუ ირიბად, სოფლის განვითარებაზე ზრუნვა ევალებათ. ასეთებია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 

ბოლო წლებია, მასიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის კატეგორიის შეცვლა. აღნიშნული ფაქტობრივად ხორციელდება მიზნებისა და დასაბუთების მითითების გარეშე. საქმე გვაქვს თვალთმაქცურ და სპეკულაციურ ოპერაციებთან – კატეგორია შეცვლილი მიწის ნაკვეთების მიყიდვასთან არარეზიდენტ პირებზე. და ესხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მოთხოვნების დარღვევით. არარეზიდენტი პირები, თავის მხრივ, აშენებენ სოფლებს უკვე არასასოფლო-სამეურნეოკატეგორიად ქცეულ მიწებზე – უცხოეთის მოქალაქეებზე გასაყიდად. ვფიქრობთ, ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომლის შესაბამისი პროექტი გამოქვეყნებულია ა.წ 5 სექტემბერის „საქართველოს რესპუბლიკასა“ და „რეზონანსში“ - ღია წერილში საქართველოს იუსტიციის მინისტრსადმი.

ხშირია შემთხვევებიც, როდესაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას არ ეცვლება კატეგორია და კანონიერად ხდება პრივატიზაცია საქართველოს რეზიდენტ პირებზე. მაგრამ ამ „კანონიერი ტრანზაქციის“ დროსაც ილახება სოფლის ინტერესები, რამეთუ სოფლის მაცხოვრებლებს ეზღუდებათ წვდომა ეკონომიკური კვლავწარმოების ისეთ შეუცვლელ რესურსებზე, როგორებიცაა სახნავ-სათესი მიწები, სათიბები და საძოვრები. 

ხსენებული ორივე ტიპის ქმედება აჩქარებს ქართული სოფლის დაცლას, მოსახლეობის აყრას და გადასახლებას ქალაქებში ან უცხოეთში. მიწის მიმართ ასეთი მოპყრობის სამართლებრივი კარიბჭის უშუალო გამღები სახელმწიფო ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა, რომლისთვისაც სასოფლო მიწა, რომელსაც კულტურული ღირებულება გააჩნია, წარმოადგენს ისეთივე „ორდინარულ“ სარეალიზაციო ქონებას, როგორიცაა ძველი შენობები, ჯართი და სხვ., რაც საერთაშორისო პრაქტიკით დაუშვებელია. ამასთან, რადგანაც ინსტიტუციურად მას არ ევალება სოფელზე ზრუნვა, სააგენტოს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ საპრივატიზაციო თანხის ბიუჯეტში მობილიზებით ან საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობით ის სასარგებლო საქმეს აკეთებს ქართული სახელმწიფოსთვის (ნებისმიერი მონოეთნიკური არაავტოქტონური ეთნოსის წარმომადგენლებიდან საპრივატიზაციო თანხის ამოღება – არაბები იქნებიან ისინი, ირანელები თუ სხვა ეთნოსის წარმომადგენლები – და შემდეგ მათთვის სოფლების მშენებლობა სააგენტოს „უბრალო“ უცხოური ინვესტიცია ჰგონია...). მაგრამ, რა სარგებელზე შეიძლება საუბარი, თუკი ასეთი მოქმედებები არსებობის პერსპექტივას უკლავს ქართულ სოფელს, მის მთავარ და მამოძრავებელ ძალას – ადამიანურ რესურსს და საფუძველს უყრის ეთნიკური წინააღმდეგობების ახალი კერების წარმოშობას?!

ქონების მართვის ეროვნული სააგენტო, განკარგავს რა ასიათასობით ჰექტარ საძოვრებს და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, ინსტიტუციურად გათავისუფლებულია საქართველოს ამ უძვირფასესი ეროვნული სიმდიდრის (ერის სასიცოცხლო და საკვები ბაზის, რომლის ბიოპოტენციალი 10 მლნ ადამიანის გამოკვებაა) მოვლის ვალდებულებისაგან.

საქართველოში მიმდინარეობს ნიადაგების უწყვეტი ეროზია-დეგრადაცია. საძოვრების უკონტროლო გამოყენება აჩანაგებს მეცხოველეობის ბუნებრივ და მდიდარ საკვებ ბაზას. თუ ამას დავუმატებთ ქართული წისქვილ-კომბინატების ინდუსტრიის გაჩერება-გაკოტრებას და შედეგად ქატოს წარმოების მნიშვნელოვან შემცირებას, მივიღებთ მემარცვლეობის და მეცხოველეობის დარგების სრულიად უპერსპექტივო მომავლის სურათს, ასეულობით მილიონი ლარის ყოველწლიური დანაკარგებით.

როდესაც მსოფლიოს ემუქრება მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური რყევები, დედამიწის მოსახლეობის მასშტაბური შიმშილობის მზარდი საფრთხე, ამ დროს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების მიმართ სრულიად უსისტემო და ქაოსური დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანას საგრძნობლად უზრდის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რისკებს.

ამის გამო და აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვეყანას სჭირდება სისტემური რეფორმა, რომელსაც ექნება ისეთი სტრატეგიული მიზნები, როგორიცაა ქართული სოფლის გაძლიერება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ყოველწლიური სისტემური გაზრდა, სოფლიდან მიგრაციის შეჩერება და ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღება. 

ამის მისაღწევად, ჩვენი აზრით, გასატარებელია შემდეგი ორგანიზაციული ღონისძიებები:

– საქართველოს სახელმწიფო მიწის პრივატიზაციაზე გამოცხადდეს მორატორიუმი;

– სახელწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ჩამოერთვას სახელმწიფო სასოფლო მიწის განკარგვის ფუნქცია და ეს ფუნქცია გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს;

– ამ უკანასკნელს დაევალოს სახელმწიფო მიწის სრული ინვენტარიზაცია, რაშიც გამოყენებულ იქნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების რესურსები.

ამის გარდა, სოფლად პოზიტიური ტენდენციების განვითარებისათვის, ადგილობრივი მმართველობის სრულყოფისა და ეფექტიანობის არსებითი ამაღლებისათვის გადაუდებელ გასატარებელ ღონისძიებებად მიგვაჩნია:

– სოფელს უნდა მიენიჭოს სამართლებრივი სტატუსი. აღსადგენია სოფლის მართვის არჩევითი ორგანო – სოფლის საბჭო (რეალური დემოკრატიის საფუძველი);

– სოფელს, როგორც იურიდიულ პირს, უნდა დაუბრუნდეს ქონების ფლობის და უვადო სარგებლობის უფლება;

– სახელმწიფო ქონების სტატუსის შენარჩუნებით, ინვენტარიზებული სახელმწიფო მიწა (სახნავ-სათესი, სათიბი, საძოვარი, ტყე და სხვ.) მუდმივ მფლობელობასა და სარგებლობაში უნდა გადაეცეს იურიდიულ პირს – სოფელს;

– სოფლის საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო მიწა შეიძლება გამოყენებული ქნეს საკუთარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის ან გაიცეს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარით როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ პირებზე;

– იჯარიდან მიღებული შემოსავალი მიიმართოს სოფლის საჭიროებებზე კანონმდებლობით დადგენილი მიზნებისათვის;

– ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება/გაუმჯობესება იქნება სოფლის ვალდებულება სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე, რაშიც მას მხარს დაუჭერენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით. 

ქართული სოფლის აღორძინების უკანასკნელი სისტემური და ყოვლისმომცველი სასიცოცხლო რესურსი – მიწა, არ შეიძლება უაზროდ, ირაციონალურად და უსისტემოდ გაიფლანგოს, შეეწიროს რამდენიმე ათეული ბიზნეს-ფეოდალის ინტერესებს ისე, როგორც დღეს ეს ხდება ყველა ჩვენთაგანის თვალწინ. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვამბობთ, რომ ამჟამინდელი ვითარებით გამოწვეული სოფლის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის“ ნაცვლად საჭიროა გადაუდებელი, კომპლექსური ღონისძიებების გატარება აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად და სოფლის, როგორც ტერიტორიული, ისტორიული და ეკონომიკური ერთეულის რეაბილიტაციისათვის.

სასოფლო მიწის განსაკუთრებული სიმდიდრის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მიწასთან დაკავშირებული ყველა საკითხი იხილებოდეს და წყდებოდეს მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან არსებულ მიწათსარგებლობის კომისიაზე, როგორც ეს არის განვითარებულ ქვეყნებში.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, 

თქვენდამი მომართვა განპირობებულია იმით, რომ თქვენ ხელგეწიფებათ ობიექტურად შეაფასოთ პრობლემის არსი და სიმწვავე და მიიღოთ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება.

დასასრულ. სოფელი – პირველყოვლისა, არის სახლობის ტერიტორიული ერთეული და არა მეურნეობისა. სოფლის განვითარების ძირითადი მიზანია სოფლის მოსახლეობის ყოფითი (სოციალურ-კულტურული) სტატუ¬სის მიახლოებით გათანაბრება ქალაქის მოსახლეობის სტატუსთან, რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნება-განვითარების¬თვის და ამგვარად, სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო წარმოების ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი

დავით გალეგაშვილი, ეკონომიკის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე