ევროინტეგრაციისთვის რეალურად დამოუკიდებელი სახალხო დამცველი გვჭირდება
რეზონანსი
(02.10.2022)

ევროკომისიის მიერ მოცემული 12 - პუნქტიანი „საშინაო დავალების“ თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად „დეოლიგარქიზაციის“, „დეპოლარიზაციის“ და რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირებასთან ერთად საქართველომ უნდა უზრუნველყოს, „ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი პირის გამჭვირვალე პროცედურით დანიშვნა, მისი სამსახური კი ზეგავლენებისგან უნდა იყოს თავისუფალი“.

ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატია წარდგენილი, ხოლო პარლამენტის თავმჯომარის მიერ შედგენილი 9 - კაციანი „შემფასებელთა ჯგუფი, კანდიტატებთან გასაუბრების გარეშე, მათ კეთილსინდისიერებას და რეპუტაციას, მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას, აგრეთვე კვალიფიკაციასა და პრაქტიკულ გამოცდილებას

10 - ქულიანი სისტემით შეაფასებს, რის საფუძველზეც პარლამენტს არანაკლებ 7 კანდიდატი წარედგინება. ამასთან, პარლამენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „9 -კაციანი ჯგუფის მიზანი არ არის კანდიდატების გაფილტვრა, მისი ამოცანა მხოლოდ კანდიდატების შეფასებაა“. 

ფაქტია ისიც, რომ ავტორიტეტულმა და დამოუკიდებელმა უფლებამცავებმა (მაგ., თუნდაც ლია მუხაშავრიამ და ნათია წკეპლაძემ), როგორც ჩანს, პროცედურისადმი თუ „შემფასებლებისადმი“ უნდობლობის გამო, თავი შეიკავეს კონკურსში მონაწილეობისგან. 

სამწუხაროდ, არც სახალხო დამცველობაზე პრეტენდენტების და მათი პიროვნული თუ პროფესიულ თვისებების „შემფასებლების“ შემადგენლობა მაკმაყოფილებს, ამასთან, ისევე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა წევრობისა და მოსამართლეობის, ასევე სახალხო დამცველის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარების პროცედურაც არაგონივრულად მიმაჩნია და წინასწარ შერჩეული პირებისთვის საგანგებოდ შემუშავებული მგონია. მით უმეტეს, რომ კარგად მახსოვს სამედიცინო ინტიტუტსა და თსუ-ის იურიდიულ ფაკუტეტზე ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დანერგილი სქემა („ნეგატიური მოვლენა“), როდესაც ნიჭიერ, მაგრამ „უპატრონო“ აბიტურიენტებს საგამოცდო კომისიიის წევრები განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი შეფასების წესების საფუძველზე უწერდნენ 4 ან 4,5 ქულას, ხოლო არაოფიციალურ სიაში შეტანილი „ახლობლები“ უმაღლესი ქულებით იმარჯვებდნენ კონკურსებში. 

ვთვლი, რომ მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ევროპიდან „იმპლემენტირებული“ 10 - ქულიანი სისტემა, არაკეთილსინდისიერ ადგილობრივ „შემფასებელს“ ცალკეული კომპონენტების მიხედვით ქულებით მანიპულირების და „სასურველი ნიშნის“ დაწერის საშუალებას დღესაც უტოვებს. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, სახალხო დამცველობის ყველაზე ღირსეულმა (გამოცდილმა და დამოუკიდებელმა) კანდიდატებმა „გამსვლელი ქულები“ ვერ დააგროვონ... 

ამდენად, კანდიდატების პარლამენტში წარდგენამდე, გაცილებით გონივრული იქნებოდა, მათ შესახებ აზრი, ფაქტობრივად, მხოლოდ „არასამთავრობო ორგანიზაციების“ ხელმღვანელებით დაკომპლექტებული „შემფასებელთა კომისიის“ ნაცვლად, შედარებით დამოუკიდებელი იურისტებისთვის გვეკითხა... 

ცნობილია, რომ მაგ., აშშ–ში უზენაესი სასამართლოს წევრად გამწესება, ფაქტობრივად, ამერიკის ადვოკატთა (იურისტთა) ასოციაციასთან შეთანხმებით ხდება. ამდენად, ვინაიდან საქართველოში იურისტთა ერთიანი პროფესიული გაერთიანება, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს (ინტერნეტსივრცეშიც მხოლოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იძებნება...), გონივრული იქნებოდა, თითოეული კანდიდატის თაობაზე, ადვოკატების აზრით დავინტერესდეთ. გამოკითხვა ინტერნეტით, შეიძლება, სულ რამდენიმე დღეში ჩატარდეს, ხოლო პარლამენტს მხოლოდ ადვოკატთა კორპუსის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე კანდიდატი წარედგინოს (ამისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი ბრძანება უნდა შეცვალოს). 

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ადვოკატები, რომლებსაც ყველაზე მეტად უნდა ესმოდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვისთვის („სამართლიანობის აღდგენისთვის“), არა მარტო მოსამართლის, არამედ სახალხო დამცველის რეალური დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, სწორედ, აქტიურ და რეპუტაციაშეულახავ პიროვნებებს დაუჭერდნენ მხარს, ხოლო თუ 10 000–მდე ადვოკატმა წარდგენილი კანდიდატების თაობაზე არ გამოთქვა მკაფიო პოზიცია, გამოდის, რომ რეალური რეფორმა ადვოკატთა პროფესიულ გაერთიანებაშიც უნდა გატარდეს... არადა, არსებული პროცედურით, მომავალი სახალხო დამცველის შერჩევაში მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი („შემფასებელთა“ ჯგუფის წევრი) მონაწილეობს. 

ადვოკატების მიერ მოწონებული კანდიდატების პარლამენტში წარდგენამდე, არანაკლებ ერთი თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ საზოგადოებასაც მიეცეს კანდიდატების თაობაზე აზრის გამოთქმის საშუალება. ჟურნალისტებიც სათანადოდ უნდა გაისარჯონ, რომ კენჭისყრამდე პარლამენტარებს არ გამორჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი გარემოება (თუნდაც, კანდიდატის მორალურ მხარესთან მიმართებით), რომელიც მთლიანად ომბუდსმენის ინსტიტუტს დააზარალებდა. 

კანდიდატურების შერჩევის საკითხში ნამდვილად არ გვმართებს აჩქარება. ხეირიანი არაფერი გამოვა, თუ ახალი „სახალხო დამცველი“ სწორედ ხალხის („ხელისუფლების წყაროს’) ნდობით არ ისარგებლებს ან/და „შერჩევით პრინციპულობაში“ იქნება შემჩნეული... ისიც ლოგიკურია, თუ პარლამენტმა 9 იმდენად დამოუკიდებელი „არასამთავრობო ექსპერტი“ მოიძია, რომ კანდიდატების „შეფასება“ ანდო, ახალი ომბუდსმენი ბარემ მათი რიგებიდან აერჩია... 

ამდენად, სწორედ პოლიტიკოსებმა უნდა გაითავისონ, რომ ქვეყანაში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით (მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმი და „ქართულ-ჯიგრული“ ნეპოტიზმი), მათივე ინტერესებშია, რომ სახალხო დამცველი მაინც გვყავდეს რეალურად დამოუკიდებელი. ამასთან, თითოეული მოქალაქის, პირველ რიგში კი ადვოკატების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანების, აგრეთვე მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღება სწორედ იმაზე უნდა გამახვილდეს, რომ პარლამენტს ყველაზე ღირსეული კანდიდატები წარედგინონ, ხოლო განხილვა მართლაც „გამჭვირვალედ წარიმართოს“. 

ცხადია, ვინაიდან მოქალაქეები სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაზე ვართ შეთანხებულები, მეც დაინტერესებული ვარ, რომ სახალხო დამცველად, პირველ რიგში, კანონის უზენაესობის პრინციპისადმი ერთგულებით და ცხოვრების წესით გამორჩეული პირი გამწესდეს. 

ამდენად, ვინაიდან არა მარტო იუს წევრობისა და მოსამართლეობის, არამედ ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის პროცედურაშია „ტექნიკური ხარვეზები გაპარული“, ფაქტობრივად, მხოლოდ „შემფასებლების“ და პარლამენტარების კეთილსინდისიერებაზე, პერსონალურ პასუხისმგებლობასა და „პოლიტიკურ ნებაზეა“ დამოკიდებული გამოიყენებენ თუ არა შანსს, ახალმა „ომბუდსმენმა“ მაინც დააკმაყოფილოს „ევროსტანდარტები“... 

ამასთან, არც იმით დაშავდება რამე, თუ ამჯერად სახალხო დამცველი არ შეირჩევა. მორიგი კონკურსის გამართვამდე, იმედი მაქვს, კანდიდატების შერჩევის პროცედურაც დაიხვეწება და, შეიძლება, რამდენიმე დარგობრივი ომბუდსმენიც კი ავირჩიოთ (შვედეთში 9 ყოფილა...). 

დაბოლოს, როგორც ეს არართხელ განმიცხადებია, თუ საქართველოში სამართლიანი არჩევნებისა და კონკურსების ჩატარება თუ ვერ ვისწავლეთ (მათ შორის, თსუ-სა და ადვოკატთა ასოციაციაში...) მხოლოდ „ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნათელი პერსპექტივა“ შეგვრჩება ხელში.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე