ამ საგზაო მონიშვნით ევროკავშირში არავინ მიგვიღებს...
რეზონანსი
(19.07.2022)

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი „ურყევი ნება სამართლებრივი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა" კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ, ხოლო სულ რამდენიმე წლის წინ უზენაეს კანონს გარდამავალი დებულებაც დავუმატეთ „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად". ამდენად, თუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ განვლილი 30 წლის განმავლობაში საგზაო მონიშვნა და საგზაო ნიშნები დედაქალაქშიც კი ვერ შევუსაბამეთ ევროსტანდარტებს (ელემენტარულ ლოგიკასაც), ხოლო მოძრაობის უსაფრთხოების ნაცვლად, პრიორიტეტულად, ქვეყნის ან მისი დედაქალაქის ბიუჯეტის შევსება დავისახეთ, ევროპული სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს...

ერთ-ერთი, დღემდე მოუგვარებელი საკითხია საგზაო მონიშვნის აღქმადობის (კითხვადობის, ხილვადობის, განჭვრეტადობის) სტანდარტის („ტექნიკური რეგლამენტის") განსაზღვრა და მისი სათანადოდ დაცვა. ცხადია, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებულ სახელმწიფოში მკაფიოდ უნდა იყოს დადგენილი, გზის საფარზე დატანილი „საგზაო მონიშვნის" (ხაზების) რამდენი პროცენტი უნდა ჩანდეს (იკითხებოდეს), რომ მძღოლი მისი დაუცველობისთვის დავაჯარიმოთ (როგორც ვიცი, განვითარებულ ქვეყნებში 80-90%-ია, სსრკ-ში 70% იყო, ხოლო დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოში ჯერ არ არის დადგენილი...). მით უმეტეს, ხშირ შემთხვევებში, დედაქალაქშიც კი შესაბამისი საინფორმაციო-მაჩვენებელი საგზაო ნიშნებიც არ გვაქვს დამონტაჟებული, რომლებიც მძღოლებს წინასწარ გააფრთხილებდა მოძრაობის სხვა ზოლში გადანაცვლების აუცილებლობის თაობაზე.

დაუშვებლად მიმაჩნია, მავანთა არაკომპეტენტურობისა ან/და მინდობილი საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო (პოლიციელებსაც ვგულისხმობ და მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმებულებსაც...), ე. წ. საპროტესტო მუხტი ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილ იმ მოქალაქეებში გავაღვივოთ, რომლებსაც ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა ბრალის არარსებობის მიუხედავად უწევთ.

ფაქტია, რომ ბევრგან საგზაო მონიშვნა, ევროსტანდარტებს არ შეესაბამება (ფაქტობრივად არ ჩანს, არ იკითხება), რაც მოსანიშნად გამოყენებული მასალების (საღებავის) დაბალი ხარისხის და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე არასათათანადო კონტროლის ბრალია. იქ მაინც, სადაც, ავტომობილებს დამუხრუჭება უწევთ ან მოსახვევია, საგზაო მონიშვნა აუცილებლად მაღალი ხარისხის პოლიმერული (შუქამრეკლი) მასალებით უნდა შესრულდეს ან რეგულარულად ახლდებოდეს (თუნდაც, იწმინდებოდეს). ყველა შემთხვევაში, დაუშვებლად მიმაჩნია, მძღოლების ისეთი საგზაო მონიშვნის „დაუმორჩილებლობისთვის" დაჯარიმება, რომლის მხოლოდ 5-10 % პროცენტი თუ „იკითხება" ავტომობილიდან...

თვალსაჩინოებისთვის კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ. 14 ივლისს, 14 საათსა და 19 წუთზე შემატყობინეს, რომ გორგასლისა და მეფე სოლომონ მეორის (კრწანისის) ქუჩების გადაკვეთაზე არსებული საგზაო მონიშვნის დაუცველობისთვის პოლიციის „ჭკვიანმა კამერამ" 20 ლარით დამაჯარიმა (ქვითრის ნომერი ავ 010452779).

ვინაიდან თავს კანონმორჩილ მოქალაქედ მივიჩნევ, ცხადია, დამაინტერესა, თუ რა დავაშავე?! აღმოჩნდა, რომ გორგასლის ქუჩაზე, ფინანსთა სამინისტროს წინ („ფრესკოსთან") არსებულ შუქნიშანთან არ არის დამონტაჟებული მოძრაობის მიმართულების მაჩვენებელი საინფორმაციო საგზაო ნიშანი, ხოლო მეორე და მესამე ზოლზე (პირველი „ბასლაინია") დატანილი თეთრი ფერის საგზაო მონიშვნა პირდაპირ მოძრაობის ნებას გვრთავს. ასიოდე მეტრში, მეფე სოლომონ მეორის (კრწანისის) ქუჩაზე ასახვევთან მეორე შუქნიშანია. მანამდე კი, მეორე ზოლზე უკვე მხოლოდ მარჯვნივ მოძრაობის თაობაზე მიმანიშნებელი საგზაო მონიშვნაა დატანილი (გორგასლის 63-ის მიმდებარედ), თუმცა, სავარაუდოდ, საბურავების ნაცვეთით იმ დონეზეა დაფარული, ფაქტობრივად, ასფალტის ფერი აქვს მიღებული, რის გამოც მძღოლებისთვის, პრაქტიკულად, შეუმჩნეველია. მით უმეტეს, დღის საათებში, როდესაც გზა ხის ფოთლებში გამოღწეული მზის სხივებით არათანაბრად არის განათებული („აჭრელებულია"). აღნიშნულის გამო მძღოლების დიდი ნაწილი მეორე ზოლიდან პირდაპირ აგრძელებს მოძრაობას, ხოლო ვინაიდან საგზაო მონიშვნა ზემოდან გაცილებით უკეთესად ჩანს (ცხადია, პოლიციის ვიდეოკამერიდანაც...), სავარაუდოდ, თვეში მინიმუმ 1000 -მდე მძღოლი ყოველგვარი ბრალის გარეშე ჯარიმდება, ხოლო მცირე ზომის ჩინური ვიდეოკამერა, როგორც ჩანს, არა მარტო „ჭკვიანია", არამედ საკმაოდ „მსხვილი გადამხდელიც" (წლის განმავლობაში ბიუჯეტში 250 000 ლარზე ნაკლები არ შეაქვს...).

ამაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსაც (ვინც სამართალდარღვევის ოქმებს ადგენს) და მერიასაც (ვინც საგზაო ნიშნების განთავსებასა და საგზაო მონიშვნის დატანაზეა პასუხისმგებელი) შევატყობინე და დროული რეაგირება მოვითხოვე. სწორედ ევროსტანდარტები მოითხოვს, რომ საგზაო მონიშვნა მძღოლებისთვის ადვილად შესამჩნევი იყოს, რისთვისაც, თუ მაღალი ხარისხის საღებავებზე ხელი ვერ მიგვიწვდება ან საგზაო მონიშვნის პერიოდულ განახლებას ვერ ვახერხებთ, კარგი იქნებოდა, ასფალტის საფარზე დატანილი თეთრი ხაზები ბენზინით ან საღებავის გამხსნელით პერიოდულად მაინც გაგვეწმინდა, პირველ რიგში კი გზის ის მონაკვეთები, რომლებსაც პოლიციის ვიდეოკამერებით ვაკოტროლებთ და საგზაო მონიშვნის მოწესრიგებისთვის საკმარისი თანხა შემოდის (ჩემი მცდელობის შედეგად, ბენზიანი ჩვრით გაწმენდილმა საგზაო მონიშვნის ნაწილმა „გამოანათა"...). ყველა შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ სანამ ფინანსთა სამინისტროსთან შესაბამისი საინფორმაციო საგზაო ნიშნები დამონტაჟდება და საგზაო მონიშვნა განახლდება, ამ მონაკვეთზე საგზაო მონიშვნის დაუცველობისთვის („დაუმორჩილებლობისთვის") შედგენილი ყველა საჯარიმო ქვითარი გასაუქმებელია.

სამწუხაროდ, მსგავსი „მახეები" საქართველოს დედაქალაქშიც კი ბევრგან გვხდება (მაგ., რუსთაველის გამზირის 31. აქედან გამომდინარე, მართალია, ევროპელის მეგობრების რეკომენდაციებში საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ ხარვეზებზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ თუ მერიამ საგზაო ნიშნებთან და მონიშვნასთან ერთად, შუნიშნებიც არ შეუსაბამა ე.წ. ევროსტანდარტებს, დარწმუნებული ვარ, კარგა ხანს, ისევ „ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნათელი პერსპექტივის" ამარა დავრჩებით...

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე