რეზონანსი
(12.05.2022)

ერთი კვირის წინ ქაშვეთის (ქაშუეთის) წმინდა გიორგის ეკლესიიდან ვალერი კოჩაროვი (ყოველმხრივ გამორჩეული პიროვნება, თბილისის კოლორიტი, ნიჭიერი მხატვარი და მუსიკოსი, საქართველოში კინეტიკური არტის და ქართული როკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 30-მდე პერსონალური გამოფენის ავტორი, „ბიტლზების" პოპულარიზატორი, კლასიკურის ავტომობილების მოყვარული) ჯორჯ ლენონთან შესახვედრად გავაცილეთ... მგონი, ლენონის სული (ნაწილი მაინც) მართლაც მასში იყო გადმოსული... მიუხედავად იმისა, მისი სულის მოსახსენებლად თანამედროვე მუსიკის ბევრი ფუძემდებელი შეიკრიბა, ქელეხის სუფრას ვალერის შვილის (ნიკა კოჩაროვის) მეგობარი, ბაკურ ბურდული წარუძღვა და მეტად ღირსეულადაც...

ბოლოს რომ დამირეკა, უკრაინის მხარდასაჭერად საქვემოქმედო კონცერტის ჩატარების იდეა გამანდო და ხელშეკრულებების მომზადება-გადახედვაში დამხარება მთხოვა, მანამდე კი ზამთარ და კოვიდგადარჩენილი მეგობრების შეკრებას და მათთან ერთად ჩვეულ მოლხენას აპირებდა...

იქ თეატრი არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თუ ვალერი კოჩაროვმა იმდენი მოახერხა, მის მიერ შექმნილმა ჯგუფმა „ბლიცმა" ლივერპულში გამართულ „ბიტლზების" ორეულების კონკურსში გაიმარჯვა, შვილმა (ნიკა კოჩაროვმა) ევროვიზიის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ხოლო შვილისშვილის სახელი („კოსმო") იმ სანაპიროს ეწოდა, რომელზეც ჯორჯ ლენონის საყვარელ თეთრ ფერში გადაწყვეტილი საცხოვრებელი ბინა მოიწყო (თბილისში „კოსმონავტების სანაპიროც" გვაქვს...). დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად ჯგუფსაც შექმნის...

გუშინ ევროვიზიის პირველ ტურში მონაწილე 16 ქვეყნიდან სომხეთმა მე-2 ადგილი დაიკავა. ვულოცავ აშკარა ფავორიტობას! ხუთშაბათს ჩვენები გამოვლენ. ცხადია, ვგულშემატკივრობ და წარმატებას ვუსურვებ! მართალია, „ცირკუს-მირკუსი" დასახელებითაც აშკარად ასახავს თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და კულტურაში არსებულ რეალობას, თუმცა ვინაიდან ჯგუფის არც ვიზუალი მომწონს, არც ნამღერი, მერჩივნა საქართველოდან ჩოხებიანი ბიჭების მიერ შესრულებული ტრადიციული „მრავალჟამიერი" თუ არა, ვისოლის რეკლამაში გაჟღერებული „ზესტაფონო გშორდების" გათანამედროვებული ვერსია მაინც წარგვედგინა. ვფიქრობ, ნუცა ბუზალაძეც ან სოფო ბათილაშვილიც ბუნებივი ენერგიით ან სინაზითაც მოხიბლავდნენ ევროპელებს...

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ქვეცნობიერში აღმებეჭდა და სიზმრად გამომეცხადა. ცხადია, ყველაფერი არ მახსოვს. მახსოვს ტყით შემოსაზღვრული მინდორი მთის ფერდობზე. გარშემო ბევრი ახალგაზრდა (როგორც დედა ენის ბაღში ლოკდაუნისას), შუაში კი კოჩაროვი დგას გახეულ ჯინსებში (არადა, მიუხედავად იმისა, სულ არასტანდარტულ-ევროპულად იმოსებოდა, დახეული ჯინსებით არასოდეს მინახავს). მეც, რამდენიმე ადგილზე დახეული ჯინსები მაცვია და ის მაწუხებს, რომ ვერ ვიხსენებ, თუ სად გამეხა (არადა, 80-იან წლებში ჯინსები რამდენი ადგილზე თვითონ გავხიე, რომ ბიჭვინთაში ჩამეცვა).

როდესაც ვალერი ამბობდა, რომ ამ ადგილზე თანამედროვე მუსიკის ფესტივალის ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი, ხოლო მონაწილეებს მუსიკოსების მიერ შექმნილი მხატვრული ტილოების გადაეცემოდათ, მოულოდნელად ტყიდან ხალებიანი გოჭი (ტახს უფრო ჰგავდა) გამოხტა და მინდვრის გარშემო ჭყვიტინით სირბილი დაიწყო... „იმდენს იზამს, შემოგვეჭმევა-მეთქი", ვიხუმრე (არადა არც ნადირობა მხიბლავს და არც მწვადის მომზადების პროცედურა). კოჩაროვი, რომელიც იშვიათი იუმორის გრძნობითაც გამოირჩეოდა, შანსს როგორ გაუშვებდა: „რას ამბობ, ისეთი ლამაზია და ისეთი ხმა აქვს, ვიშვილებ, ჩემს ჭკუაზე გავზრდი და საქართველოს სახელით გავაშვებინებ ევროვიზიაზე, აბა, ნიკუშა არაფერს მიჯერებსო." ძილშივე ისეთი სიცილი ამიტყდა, რომ გამეღვიძა...

მაშინ ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ნიკა კოჩაროვს და მის მეგობრებს ვალერის ან ლენონის დაბადების დღეს (13 მარტს, 9 ოქტომბერს ან თუნდაც მომავალი წლის მაისის თვეში, გარდაცვალების წლითვისთვის) კოჩაროვის სახელობის თანამედროვე მუსიკის ფესტივალის (ან კონკურსის) ღია სივრცეში ჩატარება ეთავათ, რომელშიც როგორც „ბიტლზების", ასევე ბლუზის, როკენროლისა და პროგრესული მუსიკის მოყვარულები ერმანეთსაც შეხვდებონენ და უკვე ლეგენდად ქცეულ მუსიკოსსაც გაიხსენებდნენ.

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე