რეზონანსი
(06.03.2022)

აზრი აქვს მონეტარისტების გამონათქვამს: ,,ფულს აქვს მნიშვნელობა“. ფული უთუოდ მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკისათვის, რამდენადაც მასში ფოკუსირდება ეკონომიკური პროცესების მთელი წრე, ფასების დონე, მომხმარებელთა მყიდველობითი უნარიანობა, ეკონომიკური წრებრუნვა და პროპორციები, მოხმარების მასშტაბები, წარმოების რესურსების მოძრაობა, ეკონომიკური ზრდის ტემპები, საბოლოოდ ადამიანთა კეთილდღეობა. ფული ეკონომიკური ორგანიზმის ერთგვარი ,,სისხლია“. 

მარტივად რომ ვთქავათ, მომხმარებელს თუ ცოტა ფული აქვს და მისი საერთო რაოდენობა ქვეყანაში ნაკლებია, ვიდრე საჭიროა მიწოდებული საქონელისა და მომსახურების დროული რეალიზაციისათვის, ამ უკანასკნელთა შესაბამისი ნაწილი გაუსაღებელი რჩება, იგი მიმწოდებლის საწყობშია გაჩერებული. სათანადო ფული ვერ მიდის მწარმოებელთან. წარმოება იზღუდება, ე.ი. ეკონომიკური წრებრუნვა შეფერხებულია. ფულის ნაკლებობა ისევე საზიანოა ეკონომიკისათვის, როგორც ზედმეტობა. 

დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ჩვენს ბაზარზე დიდ ოდენობითაა ხანგრძლივად ან სრულიად გაუსაღებელი საქონელი. მომხმარებელთა დიდ ნაწილის მოთხოვნა შეზღუდულია ფულის ნაკლებიბის გამო. ფული მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს საჭირო რაოდენობით. საქონელი და მომსახურება საერთოდ უფრო მცირე რაოდენობით საღდება, ვიდრე მიწოდებულია ან შეიძლებოდა ამიტომაც ადგილი აქვს ეკონომიკის ფუნქციონირების შეფერხებას. 

მომსახურების სფეროს დაწესებულებებიც ნაკლები დატვირთვით მუშაობენ მათზე მოთხოვნის, ე.ი ფულის, ნაკლებობის და არა მოთხოვნილების არ არსებობის გამო, რაც ხალხის კეთილდღეობაზე აისახება. 

ზემოთ აღნიშნულიდან ფაქტია, რომ ქვეყანაში ფული ცოტაა, ვიდრე საჭიროა. მაგრამ საიდან უნდა გაჩნდეს ეს ფული? მისი უზომოდ დაბეჭდვა ხომ მიუღებელია, რომ ინფლაციის წყარო არ წარმოიშვას. 

საკითხი, ცხადია, ეხება ფულის მიწოდების წყაროებს. საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, ფულის მთლიანმა მასამ 2020 წელს 30.4 მლრდ ლარი შეადგენა . ეკონომიკის მონეტიზაციის დონე 62 %.-ს ფარგლებშია, განვითარებული ქვეყნების დიდი უმრავლესობის მონეტიზაციის დონე კი 80 %-მდეა.

2021 წლის აპრილში ნაღდი ფულის მასა 13.798 მილიარდ ლარს უდრიდა. მოსახლეობის შემოსავლები 12192 მლნ ლარის, ერთ მცხოვრებზე - 3264 ლარს, ფულადი შემოსავლები - შესაბამისად 11291 მლნ და 3030 ლარს, მშპ მიმართ ფულადი შემოსავლები შეადგენს 27,7 %-ს, ფულადი ხარჯები - 23,1 %-ს . წლიური ხელფასის სართო მოცულობა საქართველოში შეადგენდა მშპ მოცულობის 28,2 % -ს. შედარებისათვის აღვნიშნავ, რომ ევროკავშირში ეს სიდიდე უდრიდა 66,1 %--ს, საფრანგეთში - 67,3, გერმანიაში - 63,6 , იტალიაში - 63,1, ესპანეთში- 61,1, დიდ ბრიტანეთში- 73,0 , აშ შ - ში - 63,7 5-ს. 

ცნობილია,რომ საქართველოში უაღრესად დაბალია პენსიები, გარდა პრივილეგიური ფენისა, ყველა დანარჩენისათვის ბოლო პერიოდში გახდა 300 ლარი. შევნიშნავ იმის სრულ უსამართლობასაც, რომ არ არსებობს პენსიების დიფერენცირება დამსახურების მიხედვით, რაც აუცილებელია. ასეთი რამ იშვიათად თუ გვხვდება რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც პოსტსოციალისტურში.. საქართველოში პენსია შეადგენს საშუალო ხელფასის 27,0 %-ს და მშპ სულადობრივი სიდიდის 26,6 % ს, ნიდერლანდებში საშუალო პენსია უდრის მშპ სულადობრივი სიდიდის 53, 3 %-ს საშუალო ხელფასის - 80,5%-ს, შვეციაში - შესაბამისად : 63,1 და 66,0 , გერმანიაში -58,86 და 64,4 , ფინეთში - 58,3 და 64,9 , აშშ- ში 35,7 % -ს და 35,7 %-ს და ა. შ. 

ეს ციფრებიც მიუთითებს ქვეყანაში ფულის დეფიციტზე. 

ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ, შრომის ანაზღაურების დონე მომუშავეთა დიდი ნაწილისათვის უაღრესად მცირეაა. ზოგჯერ 250- 300 ლარსაც არ აღემატება, რაც ნიშნავს დაქირავებულთათვის კუთვნილი ანაზღაურების გადაუხდელობას, შრომის ექსპლუატაციას დამქირავებელთა მიერ . ამდენად სამუშაო ძალის ნორმალური კვლავწარმოების საშუალება არ არსებობს. ხელფასის განსაზღვრის არავითარი სწორი მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა არც კერძო სექტორს და არც სახელმწიფოს არ გაჩნია. აღიშნული გარემოებანი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მათი უსამართლობის შესახებ, ნიშნავს უწესრიგობას ეკონომიკურსა და სოციალურ სფეროებში. 

შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ შრომის მწარმოებლურობისა და შრომის ანაზღაურების დონეებს შორის 

განსხვავება საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის დიდია. კერძოდ, შრომის მწარმოებლურობა საქართველოში დაახლოებით 3-4-ჯერ მცირეა, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო შრომის ანაზღაურება კი - დაახლ 9-10-ჯერ. ეს შეუსაბამობაც საგულისხმოა.

აუცილებელია დაჩქარდეს კანონმდებლობის წესით შრომის მინიმალური ანაზღაურების ოპტიმალური სიდიდის დადგენა, შეიქმნას ინსტრუმენტები დამქირავებელთა მიერ შრომის ექსპლუატაციის აღსაკვეთად. გადაუდებლად უნდა განხორციელდეს ახალი საპენსიო რეფორმა პირველ რიგში მისი დიფერენცირების მომართულებით. ამ საკითხს სათანადო ყურადღება უნდა აქცევდნენ პროფკავშირები. ამას კი ვერ ვამჩნევთ, რაც სრულიად გაუგებარია.

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ უმუშევრობის მაღალი დონის გავლენას ფულის ფულის მიწოდებაზე. უმუშევართა საერთო რიცხვი ამჟამად საქართველოში შემაშფოთებელ სიდიდეს 344,6 ათას კაცს, ანუ სამუშაო ძალის მთელ რიცხოვნებაში. 22,1%-ს შეადგენს (განვითარებულ ქვეყნებში იგი 4-6 %-ის ფარგლენშია). ამ დონის შემცირება მრავალმხრივ, უწინარესად სოციალური თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, მაგრამ არანაკლებ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.

ფასები ჩვენს პირობებში ისინი მატულობს მიწოდების დანახარჯების ზრდის, ასევე ეკონომიკაში ქაოსური პროცესების გამო, რაც არავითარ კანონზომიერება არ ექვემდებარება. ინფლაცია მძიმე ტვრთად აწვება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს (მოსახლეობის 41 % სიღარიბის ზღვარს მიღმაა).

განხილული მონაცემებისდან შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ეკონომიკაში ფული ცოტაა, ეკონომიკის მონეტარიზაციის დონე არ შეესაბამება ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების საჭირო პირობებს. ამრიგად, გვაქვს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ფულის მიწოდება სათანადო არაა ეკონომიკური მექანიზმის გამართულობის თვალსაზრისით. 

ფულის მიწოდების დასაბუთებულად მნიშვნელოვანად გადიდება ზემოთ აღნიშნული ვითარებების გათვალისწინებით (და არა უწესრიგო ემისიის გზით), ეკონომიკის მონეტიზაციის დონის მოწინავე ქვეყნების დონემდე აყვანა თავისი შინაარსით არ გამოიწვევს ინფლაციურ შედეგებს - მომხმარებელთა მოთხოვნის (მყიდველობითი უნარის) შემცირებას, არამედ მის დარეგულირებას, ერთგვარ ზრდასაც წარმოების (დოვლათის მიწოდების) წახალისებას. 

არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს დოლარიზაციის - უცხოური მონეტების გამოყენების - მეტისმეტად მაღალი დონე საქართვცელოში. იგი თითქმის 70 %-მდეა. თუ შვადარებთ საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების მაჩვენებელს განსხვავება, ჩვენი ქვეყნის სასარგებლო არაა, იგი იქ 50 %-ze naklebia. ყაზახეთში, მაგალითად, დეოზიტების დოლარიზაცია 37 %-ს შეადგენს.სრულიად გაუმართლებელია, რომ საქარღველოში ძვირად ღირებული საქონელი და მომსახურება თითქმის მთლიანად უცხოურ ვალუტაზე იყიდება, რაც სხვა ქვეყნებში ნაკლებად ხდება. არასახარბიელოა ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. იმპორტი 2,8 ჯერ ჭარბობს ეწსპორტს. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს გამოთქმული მოსაზრებები და სხვა აუცილებელი მომენტები, დაუყოვნებლივ გადაიდგას საჭირო ნაბიჯები ქვეყანაში სწორი მონეტარული პოლიტიკის შემუშავების, ფულის მიწოდების, შრომის ანაზღაურების მოწესრიგების, ფასების, დოლარიზაციის დონის რეგულირების მექანიზმების გამოყენების მიმართულებით. 

გიორგი მალაშხია

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი (ემერიტუსი), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე