რეზონანსი
(23.02.2022)

მოქალაქეებმა ჩვენი „ურყევი ნება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა“ კონსტიტუციის პრეამბულაში ჯერ 1995 წელს ავსახეთ, ხოლო რამდენიმე წლის წინ „უზენაეს კანონს“ გარდამავალი დებულებაც დავუმატეთ „ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“ საქართველოს ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას რაც შეეხება, როგორც ჩანს, დრო კიდევ დაგჭირდება, თუმცა მოქალაქეებს სოციალური პრობლემები ელემენტარულ დონეზე თუ ვერ მოვუგვარეთ, ევროპულ ოჯახში არავინ მიგვიღებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფომ მოქალაქეების უმრავლესობას ე.წ. შემნახველ სალაროებში შეტანილი (ათწლეულობით ნაგროვები) თანხა არ დაუბრუნა, ხოლო ე.წ. საერთო-სახალხო ქონება ერთეულების (ფაქტობრივად, კომუნისტების დროინდელი „ნომენკლატურული ელიტის“) მიერ აღმოჩნდა „პრიხვატიზებული,“ ამასთან, ასეულობით მილიონი ლარი ისეთ არაგონივრულ პროექტებში გაიფლანგა, როგორიცა, მაგალითად, თუნდაც ავლაბრის რეზიდენცია, ქუთაისის პარლამენტის შენობა და ე.წ. რიყის დოქებია, რბილად რომ ვთქვათ, ამორალურია, როდესაც დამუკიდებლობააღდგენილი და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული ქვეყნის მოქალაქეს თბილისის ქუჩებსა თუ მეტროს ვაგონებში მათხოვრობა უწევს.

თუმცა ფაქტია ისიც, რომ, რეალურად გაჭირვებული (სოციალურად დაუცველი) ადამიანების გარდა, ქუჩებში ხელგაწვდილები თაღლითებიც და ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვებიც დგანან, რომლებიც განსაკუთრებით შუქნიშნებთან მომრავლდნენ და, საკუთარი თავის გარდა, მძღოლებსაც უქმნიან საფრთხეს. „მათხოვრების“ გარკვეული ნაწილი კი მოქალაქეებს (განსაკუთრებით, ტურისტებს), ფაქტობრივად, „აბულინგებს“ და შემწეობის თხოვნის საბაბით მათ გაქურდვასაც არ თაკილობს. სხვადასხვა ასაკისა და საეჭვო რეპუტაციის პირები მაღაზიებთან, რესტორნებთან და სასაფლაოებთანაც ითხოვენ დახმარებას.

იმ გარემოებასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ თბილისში გზაჯვარედინებთან ყურადღებას იპყრობენ შავოსანი ქალები და ხელჯოხიანი მამაკაცები, რომლებიც, ფაქტობრივად, სანახაობას („შოუს“) აწყობენ და უკანონო მეწარმეობას ეწევიან. ევროპის ქალაქებში დადგენილი წესით რეგისტრიტებული პირები დამსახურებულ ანაზღაურებას სხვადასხვა ინტრუმენტზე დაკვრისთვის ან ცნობილი პერსონების განსახიერებისთვის თუ იღებენ, ჩვენთან მგლოვიარე, ავადმყოფი ბავშვების მომვლელების ან/და ხეიბრების როლებს  ირგებენ.

ცხადია, მსგავსი პრობლემა სხვა ქვეყნებშიც არსებობს და სხვადასხვა გზით ცდილობენ მის მოგვარებას. გამოცდილების გასაცნობად შორს წასვლა არ დაგჭირდება. ფაქტია, რომ აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მათხოვრობა 2000 წლიდან გახდა დასჯადი, 2016 წლიდან კი სანქციები მათხოვრობისთვის კიდევ უფრო გაამკაცრეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეზობელ რესპუბლიკაში კანონის აღსრულებას საკმაოდ ეფექტურად ახერხებენ, გამოდის, რომ ბაქოში ქუჩაში მათხოვრობასთან მიმართებით ვითარება სამართლებრივად გაცილებით უკეთესად არის დარეგულირებული, ვიდრე საქართველოს დედაქალაქში (როგორც ვიცი, ბაქოში გარე ვაჭრობაც აკძალულია).

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე, შეიძლებოდა, მხოლოდ თბილისში აკრძალულიყო მათხოვრობა (მაწანწალობა, ქუჩაში წამოწოლა და ძილი). პირველ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ჯარიმის გადახდა დაეკისრებოდა, ხოლო მისი გადაუხდელობის ან იგივე სამართალდარღვევის განმეორების მემთხვევაში ბრალეულ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდებოდა. შედეგად, მათხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი სივრციდან (ქუჩებიდან) რელიგიური დაწესებულებების ტერიტორიაზე გადაინაცვლებდა, ხოლო ვინაიდან, კონსტიტუციის თანახმად, ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან, სასულიერო პირები საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედებდნენ და შეძლებისდაგვარად გაუწევდნენ თანადგომას გაჭირვებულებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს (ადმინისტრაციულ ორგანოებს ან/და სოციალური დაცვის სამსახურებს) მიმართავდნენ დასახმარებლად.

ცხადია, მათხოვრობით დაკავებული ბავშვების მიმართ ხელისუფლებამ სრულიად განსხვავებული, სპეციფიკური მექანიზმები უნდა გამოიყენოს, თუმცა ყველა შემთხვევაში მათ ქუჩაში ან მეტროში ფულის შეგროვების უფლება არ უნდა მისცეს და ყველა გამოვლენილ ფაქტზე ადეკვატურად (ცხადია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით) უნდა იმოქმედოს. ამასთან, განსაკუთრებით მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი იმ პირებს, ვინც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებს და, ფაქტობრივად, მათზე ძალადობს.

ამასთან, ვინაიდან კონსტიტუციით „სოციალურ სახელმწიფოსაც“ ვაშენებთ და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვასაც პრიორიტეტულად მივიჩნევთ, ცხადია, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ, ფაქტობრივად, ხელისუფლების შეცდომების გამო უსახლკაროდ დარჩენილ და უპოვარ ჩვენს თანამოქალაქეებს საცხოვრისიც, კვებაც და ელემენტარული პირადი ჰიგიენის წესების დაცვაც ესაჭიროებათ. შესაბამისად, მერიის ბიუჯეტში სათანადო სახსრები თუ არ მოიძებნა, გონივრულად მომაჩნია, სოციალური ფონდი თუ შეიქმნება (ცხადია, დასახელებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს), რომელშიც მოზიდული სახსრებითა და შემოწირულობებით უპოვართა თავშესაფრები გაიხსნება (სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობების ადაფტირების ან ახალი ობიექტების აშენების გზით), რომელშიც ყველა მათხოვარს ან უბინაოდ დარჩენილს საშუალება ექნება, ღამე გაათენოს, საკვები მიიღოს და წყალი გადაივლოს. ხოლო დღის განმავლობაში შეეძლება, ნებისმიერი საქმიანობით (ცხადია, კანონით დაშვებულით) დაკავდეს, ოღონდ იმ პირობით, ქუჩაში შემწეობა არ უნდა ითხოვოს.

ისიც ლოგიკურია, რომ საქართველოს  მოქალაქეები, რომლებმაც მათხოვრობა „ბიზნესად“ აქციეს და თანამოქალაქეებს ფულს, ფაქტობრივად, თაღლითობით სძალავენ, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა (საპატრულო ან მუნიციპალურმა პოლიციამ) დადგენილი წესით უნდა გამოავლინონ და პასუხიც საკადრისად აგებინონ, ხოლო მათხოვრობით დაკავებული არაიდენტიფიცირებული პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათი ვინაობის დადგენამდე და დეპორტაციის საკითხის გადაწყვეტამდე, უმჯობესი იქნება, რომ სპეციალიზებულ დროებითი განთავსების იზოლატორებში (თავშესაფრებში, სოციალურ სახლებში) გადავიყვანოთ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავი ვალდებულად მივიჩნიე, დედაქალაქის მერიისთვის მიმემართა და რეაგირება მომეთხოვა. ცხადია, თბილისში მათხოვრების რიცხვის შესამჩნევ ზრდასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყეტად, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. პოლიტიკური ნებაა საჭირო, თუმცა ისიც უდავოა, გადადება აღარ შეიძლება და ადეკვატური რეგულაციების შემოღებაა საჭირო. იმედი მაქვს, კახა კალაძეც და მისი ახალგაზრდული გუნდიც თბილისში მათხოვრობის აკრძალვასაც ან სხვა, უფრო გონივრული სამართლებრივი მექანიზმით ამ სფეროს მოწესრიგებასაც პრიორიტეტულად მიიჩნევს და პრობლემის გადაწყვეტის ეფექტურ გზას შემოგვთავაზებს.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე