რეზონანსი
(13.01.2022)

14 იანვარს საქართველოში ე. წ.ძველი სტილით ახალი წლის დადგომასთან ერთად, „ახალი სახელმწიფო დროშის" დღეც აღინიშნება, რომლის თაობაზე დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა... არადა, როდესაც სააკაშვილისდროინდელი საკრებულოს მიერ მიღებული და დგენილების საფუძველზე შენობის თავზე „ისტორიული (დავით აღმაშენებლის) თეთრ-წითელჯვრიანი დროშები" აღიმართა, არავის გახსენებია, რომ თსუ-ის მეცნიერების აზრით„ თეთრ ფონზე გამოსახული ხუთი ჯვარი კათოლიკური სამყაროს ინტეგრაციული სიმბოლოა და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა".

ამასთან, ვინაიდან მე-11 საუკუნის „იერუსალიმის ჯვარი" („მოლივლივე" დიდი ჯვარი სწორი მცირე ჯვრებით) სრულიად სხვა ფორმისაა, არ შეიძლება ის ქართული დროშის ანალოგად ჩაითვალოს, ხოლო „ნაციონალურ დროშად" მიჩნეულ ხუთჯვრიან სიმბოლოს ჯვაროსნების მიერ ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში დაფუძნებული ერთ-ერთი ორდენი იყენებდა, რის თაობაზეც აკადემიკოსმა გურამ შარაძემ არაერთხელ განაცხადა საქვეყნოდ.

ბატონი აკაკი ბაქრაძეც გვაფრთხილებდა, ფრთხილად, დროშის ქურდობა არ დაგვწამონო.

მანამდე, ქართული ისტორიული დროშების ცნობილმა მკვლევარმა, პროფესორმა სვიმონ გამსახურდიამ გაზეთების მეშვეობითაც ამცნო საზოგადოებას, რომ „მე-14 საუკუნეში ანონიმი კათოლიკე ბერის მიერ შექმნილი ატლასზე ჩახატული ხუთჯვრიანი დროშა შეუძლებელია 2 საუკუნით ადრე მოღვაწე დავით აღმაშენებელს დავუკავშიროთ. ამის დამადასტურებელი არცერთი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება. წყაროების მიხედვით, არც მანამდე და არც მე-11-12 საუკუნეების ქართულ დროშებზე ხუთი ჯვრის გამოსახულება არსად ფიგურირებს..." (ამისთვის, ბატონი სვიმონი ჰერალდიკის სახელმწიფო კომისიიდან დაითხოვეს...).

ისიც ფაქტია, რომ ამ სახის ხუთჯვრიანი დროშა პირველად „მოქკავშირის" ღონისძიებებზე 1995 წელსგამოჩნდა (მონარქისტული პარტიის დროშაზე მცირე ჯვრები სწორი ფორმის იყო). ოპოზიციაში „მივლინებულმა" სააკაშვილმაის ჯერ „ნაცმოძრაობის" სიმბოლოდ, მერე სახელმწიფო დროშადაც გაამწესა, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჰერალდიკის საბჭოს მიერ „ჯვაროსან ჟოფრუა დე ბუილონის (გოდფრი ბუიონელის) ემბლემად, იერუსალიმის გერბად და წმინდა ნიშნად" მოხსენიებული ხუთჯვიანი სიმბოლო, „სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულად" ჩაითვალა...

სავსებით შესაძლებელია, ეს დროშა საქართველოში მართლაც გიორგი მეხუთემ შემოეტანა, ვინაიდან პალესტინაში რამდენიმე ქართული მონასტერი აღადგინა და ქართველ პილიგრიმებსაც გაუთავისუფლა წმინდა მიწამდე მისასვლელი, მაგრამ მეცნიერულად ეს ჯერ დადასტურებული არ არის. სამაგიეროდ, ცნობილი გახდა, რომ თუ მეოთხედან არა, მერვე საუკუნიდან მაინც ხუთჯვრიანი სიმბოლოები სომხურ ტაძრებში უკვე ნამდვილად გვხვდება" (მიხეილ ზღულაძე, „არც თუ უნიკალური დროშა").

ვინაიდან 1999 წელს არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება 2003 წლის 22 ნოემბერს შეუწყდა, 2004 წლის 14 იანვარს, ისე მოხდა „ვადაგასული" დეპუტატების „მობილიზება" და ახალი („რევოლუციური") დროშის ცაიტნოტურ რეჟიმში „დაკანონება", რომ მისი შინაარსის (სემანტიკის) თაობაზე, ფაქტობრივად, არავის ჰქონდა მკაფიო წარმოდგენა... ისიც ფაქტია, რომ ჯვაროსნულ-კათოლიკური სიმბოლოს სახელმწიფო დროშად დაკანონების კატეგორიული წინააღმდეგი მხოლოდ გურამ შარაძე იყო, ხოლო ახალი „ეროვნული დროშის ზუსტი გამოსახულების დადგენა" მხოლოდ სააკაშვილის 2004 წლის 25 იანვრის 31-ე ბრძანებულებით მოხდა, რის შემდეგაც სპეციალისტები საზღვარგარეთ მიავლინეს, თუმცა ქართულ„ხუთჯვრიანს" ვერსად მიაკვლიეს...

საგულისხმოა, რომ „სახელმწიფო დროშის დღეც" თავად სააკაშვილმა დააწესა და ისიც განაცხადა: „არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის".

როგორც ჩანს, სახელმწიფო დროშის წარმომავლობისა და ზუსტი გამოსხულების თაობაზე მკაფიო წარმოდგენა არც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ (რელიგიურია, ისტორიული თუ პარტიული) და თვითონაც ჰერალდიკის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული„ოფიციალური ინფორმაციით" სარგებლობენ, რომელიც კონიუქტურის შესაბამისად იცვლება... ალბათ ამის გამოა, რომ არცთუ იშვიათად, სამთავრობო დაწესებულებებშიც და ოფიციალურ ღონისძიებებზეც განსხავავებული ვარიანტებია გამოყენებული, ხოლო მეხუთე პრეზიდენტის ვირუსებისგან დამცავ პირბადეზე გამოსახული ვიწროზოლებიანი ხუთჯვრიანი სიმბოლო აშკარად „ნაციონალურია", ვინაიდან კანონმდებლობით, სახელმწიფო დროშაზე ცენტრალური (დიდი) ჯვრის ტოტის სიგანე დროშის სიგანის 1/5-ს უნდა შეადგენდეს.

წინაასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო სიმბოლიკასთან მიმართებითაც გვპირდებოდა „სამართლიანობის აღდგენას", თუმცა პოლიტიკიდან ისე წავიდა, მხოლოდ საკრებულოს შენობის მცირე გუმბათებიდან ჩამოიხსნა „ნაცმოძრაობის" მიერჯერკიდევ 2002 წელსაღმართული 8 „ხუთჯვრიანი", ფაქტობრივად კი, „ნაცმოძრაობის" პარტიული დროშა, რომელიც გლოვის დღეებშიც კი არ ეშვებოდა.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა თუ ეღირსა, სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის თაობაზე სპეციალისტებსაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც სერიოზული სჯა-ბაასი მოუწევს (კარგი იქნებოდა, კონკურსი გამოცხადებულიყო). უაღრესად არაგონივრულია, როდესაც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ფაქტობრივად, ერთი კაცის (თუნდაც, პარტიის) ხუშტურების მიხედვით ვწყვეტთ, ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ „ხელისუფლების წყაროს" - ხალხს თუ არა, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს მაინც დავეკითხოთ.

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე