რეზონანსი
(29.12.2021)

კინორეჟისორ ბატონ გიორგი თორაძის მიერ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის არჩევნებში თავისი კანდიდატურის დასახელებამ ჩვენი დიდი ინტერესი გამოიწვია.

ჩვენ, ვინც ცხოვრება ქართულ ფეხბურთში გაატარა, კარგად ვიცნობთ გიორგის. მას მრავალი დოკუმენტური ფილმი აქვს შექმნილი ქართული სპორტის თემებზე, რისთვისაც რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები დაიმსახურა.

მის ნამუშევართა შორის არის ფილმები ქართულ რაგბიზე, კალათბურთზე, ჭიდაობაზე, ჭადრაკზე, მაგრამგანსაკუთრებული ადგილი მის შემოქმედებაში მუდამ ეკავა ქართულ ფეხბურთს. შეიძლება ითქვას, რომ გიორგი თორაძე ქართული ფეხბურთის ბოლო ოთხი ათწლეულის მემატიანეა.

სწორედ მისი დამსახურებით გვაქვს შემორჩენილი ქართული ფეხბურთის ბევრი უნიკალური კადრი. გარდა საქმიანისა, ბევრ ჩვენგანს აქვს მასთან პირადი, მეგობრული ურთიერთობა. საუბრებისას ხშირად შევხებივართ ქართული კინოს პრობლემებს და მისგან ბევრი საინტერესო მოსაზრება გაგვიგია ამ პრობლემების მოგვარების გზების შესახებ. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის საინტერესო გიორგი თორაძის ეს გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, ვინ გახდება საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი, ეს ქართველი კინემატოგრაფისტების გადასაწყვეტია. მაგრამ საქართველოში კინოს მუდამ დიდი საზოგადოებრივი დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა. ქართული კინო და ქართული ფეხბურთი ამ მხრივ ერთ ბედს იზიარებენ.

ამიტომ ჩვენ, როგორც ქართული საზოგადოების წევრები, მივესალმებით ბატონ გიორგი თორაძის ამ გადაწყვეტილებას და გამოვხატავთ მისდამი მხარდაჭერას.

 

ვახტანგ ქორიძე (სვფგ პრეზიდენტი)

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე