ადვოკატებს მეტი აქტიურობა მართებთ და ზნეობითაც უნდა იყვნენ გამორჩეული
რეზონანსი
(14.12.2021)

11 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, რომლის წევრთა რიცხვი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, გაორმაგდა,მესვეურები მორიგი 4 წლით აირჩია. 9860 რეგისტრირებული ადვოკატიდან საერთო კრებაში, სულ, 1339-მა (13.6%) მიიღო მონაწილეობა და თავმჯდომარე ხმების უბრალო უმრავლესობით აირჩია, რისი შესაძლებლობაც წესდებაში მხოლოდ 2021 წლის 14 ნოემბერს შეტანილი ცვლილებით მიეცათ.

ვულოცავ ბატონ დავით ასათიანს მეორე ვადით არჩევას, თუმცა, ევროპულ სამართლებრივ სივრცეში აპრობირებული „სამართლიანი კონკურენციის პრინციპის“ უზრუნველსაყოფად, კარგი იქნებოდა, პროფესიული ერთობის ლიდერად, მის გარდა, სხვა ღირსეული კანდიდატებიც ყოფილიყვნენ დასახელებული, ხოლო კრებაში მონაწილეთა რეგისტრაციასთან ერთად, ხმის მიცემაც ე. წ. დისტანციურ რეჟიმში განხორციელებულიყო, რაც საარჩევნო პროცესში ასოციაციის გაცილებით მეტ წევრს ჩართავდა. 

ამასთან, გაუგებარია, რატომ ან როგორ უნდა აღმოჩნდეს პროფესიონალი ადვოკატების მიერ, უმარტივესი „კითხვარების“საკმაოდ დიდი ნაწილი (145) არასწორად შევსებული (მით უმეტეს, სრულიად მშვიდ გარემოში...), რის გამოც ე. წ. ბათილი ბიულეტენები პროცენტულად გაცილებით იმაზე მეტი აღმოჩნდა (11 %), ვიდრე საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისას...

ვინაიდან სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნა ან/და აბუჩად აგდება) აშკარა გამოვლინებებს, არა მარტო საჯარო მოსამსახურეების (მაგ., პოლიციელების, პროკურორების, მოსამართლეების, პოლიტიკოსების...), არამედ, სრულიად მოულოდნელად, ცნობილი ქართველი ადვოკატების საქმიანობაშიც წავაწყდი (მაგ., კანონმდებლობის, ეთიკის კოდექსის ან/და კლიენტის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება, არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი რჩევები, მორიგებაში ხელის შეშლა, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ოფისში მიწოდებული წერილობითი განცხადებების ჩაბარება-რეგისტრირებაზე უარის თქმა, ხოლო ფოსტით მიღებულებზე თვეობითპასუხების გაუცემლობა და სხვა...), გადავწყვიტე, მეც მიმეღო მონაწილეობა ადვოკატთა ეთიკის კომისიის წევრების არჩევნებში, როდესაც გავიგე, რომ 15 წევრიდან რამდენიმე არაადვოკატი უნდა ყოფილიყო.

სამწუხაროა, რომ3 ადგილზე მხოლოდ 4 კანდიდატს ჰქონდა წარდგენილი განაცხადი და კომისიის წევრი ვერ გავხდი, თუმცა ნამდვილად გამიხარდა, რომ ეთიკის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, სტაჟიან ადვოკატს, საერთაშორისო მასშტაბის იურიდიული ფირმის „გრატა ინტერნეიშენალ ჯორჯიის“ დირექტორს, ირაკლი კორძახიას მხოლოდ 8 ხმით ჩამოვრჩი, ხოლო ის ფაქტი, რომ ბატონი ირაკლი თავისმა კოლეგებმა ეთიკის კომისიის „ძირითად შემადგენლობაშიც“ კი აღარ აირჩიეს, კომენტარს არ საჭიროებს... 

მადლობა 385–ვე ადვოკატს, რომლებმაც ეთიკის კომისიაში ჩემი ყოფნა საქმისთვის სასარგებლოდ ჩათვალეს, მიუხედავად იმისა, რომ არც კანდიდატებთან შეხვედრის (თუნდაც „ონლაინ“...) ორგანიზება მოხერხდა, არც ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდზე განთავსდა კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემები და არც „რეიტინგულ“ არხებზე ვჩანვარ...

ცხადია, ქართველ ადვოკატთა კორპუსთან თანაშრომლობას ვაგაგრძელებ და არსებული პრობლემების აღმოფხვრაშიც, შეძლებისდაგვარად, დავეხმარები, ვინაიდან ნამდვილად არ მინდა, ეს უმნიშვნელოვანესი უფლებადამცავი დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიცია-პროკურატურას ან სასამართლოს დაემსგავსოს, რისთვისაც ადვოკატებმა, კანონის უზენაესობის პრინციპის გარდა, არც პროფესიული ეთიკის (ელემენტარული ზნეობრივი) ნორმები და არც ბიბლიური მცნებები უნდა დაივიწყონ... 

ამასთან, დარწმუნებული ვარ, 10 000-მდე ადვოკატის პროფესიული გაერთიანება საკმაოდ სერიოზული და ანგარიშგასაწევი დეპოლიტიზებული ძალაა, რომელსაც საკუთარი უფლებების დაცვაშიც, დაზარალებულ მოქალაქეთა მიმართ „სამართლიანობის აღდგენასა“ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშიც გაცილებით ქმედითი წვლილის შეტანა შეუძლია, თუმცა თითოეული ადვოკატისა და მათი ასოციაციის ლიდერების გააქტიურების გარეშე საქართველოში ვერც კანონმდებლობა მოწესრიგდება და ვერც სასამართლო გახდება რეალურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რის გარეშე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა ეფექტურად ვერ განხორციელდება და არც ევროპულ კავშირში მიგვიღებენ...

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე