ვიხილავთ თუ არა სააკაშვილის პოლიტიკურ განცხადებებს პირდაპირი ეთერით - საკითხავი სწორედ ეს არის?!
რეზონანსი
(28.11.2021)

სააკაშვილის პერსონა კვლავ „რეიტინგული“ ტელევიზიების ყურადღების ცენტრშია. თვითონ ითხოვს სასამართლო პროცესში მონაწილეობას, რომელსაც ადვოკატები პოლიტიკურად მოიხსენიებენ. „მიშა მაგარიას“ მხარდამჭერებიც მოუთმენლად ელიან ლიდერის „პირდაპირ ეთერში“ გამოსვლას, თუმცა, ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ, გაუჭირდება თავის გაკონტროლება და მონანიების ან დუმილის უფლების გამოყენების ნაცვლად, გამორიცხული არ არის, პროცესის მონაწილეების შეურაცხყოფისა და არაკორექტული გამონათქვამების გამო ისევ წარმოჩნდეს „დაზარალებულად“ (როგორ დაპატიმრების შემდეგ გავრცელებულ უმძიმეს კადრებში...). იქნებ გვეფიქრა, რამდენად გონივრულია მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ან/და არაადეკვატურად მოქმედი ადამიანის „ლაივში“ ჩვენება, მით უმეტეს, თუ ის ყოფილი პრეზიდენტია (ანუ, მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეულად ითვლება...) და განსაჯელის სკამზე იმ დროშისა და გერბის ფონზე ზის, რომლებიც, ფაქტობრივად თვითნებურად აქვს მიღებული... 

1997 წელს ფოტო-ვიდეო კამერებისა და ტელევიზიის სასამართლო პროცესებზე დაშვებით საქართველოს პარლამენტმააშკარად გაუმართლებელი ნაბიჯი გადადგა და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის წარმომდგენლის რჩევით. სიტყვის თავისუფლებას უპირატესობა უდანაშაულობის პრეზუმფციის დაკნინების ხარჯზე მიანიჭა. ფაქტია, ამ შემთხვევაში, ისევ თვით რომის პაპზე მეტი კათოლიკენი აღმოვჩნდით, ვინაიდან ტელეტრანსლაციები უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზიდან დავიწყეთ, თუმცა იმავე აშშ–ში (ინგლისშიც, გერმანიასა და საფრანგეთშიც...) დღემდე თავს იკავებენ ამისაგან და არცთუ უსაფუძვლოდ...მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე სააკაშვილი „რევოლუციური“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებისთვის „წლის ადამიანად“ აღიარეს...

სამაგიეროდ, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ გზით ხელისუფლებაში მოსულ ძალებს სხდომების „გამჭვირვალობამ“ დისკომფორტი შეუქმნა(გამამტყუნებელი განაჩენების წილმა 99% შეადგინა... ), კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებებით ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება,არა მარტო სხდომათა დარბაზებში, არამედ სასამართლოს შენობებშიც კი აიკრძალა. ანუ, ერთი უკიდურესობიდან ისევ მეორეში გადავვარდით... მოგვიანებით, ცხადიაისევ „ნაციონალურინტერესებში“, სასამართლოს შენობებს მიმდებარე ტერიტორიებიც დაემატა და „საქმისგანხილვისსაქვეყნოობა“ („ღიაობა“, „საჯაროობა“... ფაქტია, პარლამენტი დღემდე ტერმინის თაობაზეც ვერ ჩამოყალიბებულა...) იმ დონემდე შეიზღუდა, რომ „სასამართლოს შენობაში (სასამართლოს ეზო, სასამართლოს შენობა) აიკრძალა ფოტო, კინო, ვიდეოაპარატურის, მობილური ტელეფონების და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა“. 

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლისთანავე სასამართლო სხდომის დარბაზებში კვლავ დაუშვეს ფოტო-ვიდეო და ტელეკამერები... ამ აშკარად პოპულისტური ქმედების ნეგატიური შედეგი ნათლად გამოჩნდა, თუნდაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის (ვანო მერაბიშვილის)და თბილისის ყოფილი მერის (გიგი უგულავას) საქმეების გაშუქებისას, როდესაც ბრალდებულები პირდაპირ ეთერში აკეთებდნენპოლიტიკურ განცხადებებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს…

დღევანდელ პირობებში ტელე (ვიდეო, ფოტო) საშუალებების შეუზღუდავი დაშვება სასამართლო სხდომათა დარბაზში(მით უმეტეს, თუ ჯერჯერობით არც სასამართლოა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი...), ფაქტობრივად, თითოეულს გვაძლევს საშუალებას, უკითხავად ჩავერიოთ ადამიანის პირად ცხოვრებაში, გავხდეთ მისი ტრაგედიის მაყურებლები და, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ადამიანი, რომელსაც კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასამართლოს მიერ მისი გამართლებაც არაა გამორიცხული, შეგვიძლია განსასჯელის სკამზე (ზოგჯერ „გალიაშიც“...) ვიხილოთ, რაც ყოველი ნორმალური ადამიანისათვის თავისთავად წარმოადგენს კანონით გაუთვალისწინებელი სასჯელის განსაკუთრებულ სახეობას... (ცხადია, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილსაც ეხება...).

გარდა ამისა, არც მეორე უკიდურესობაა გამორიცხული, როდესაც ტელეკამერებს სასამართლო პროცესზე სანახაობის („შოუს“) ელემენტები შეაქვთ და „ელიტური“ განსასჯელები შინაგანი რწმენის თანახმად კი აღარ იქცევიან, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რას მოელიან მათგან ან როგორი „იმიჯი“ აქვთ შექმნილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამასთან, ზოგიერთმა განსასჯელმა სასამართლოსადმი ჭეშმარიტების დადგენაში ხელშეწყობისა და გულწრფელი მონანიების ნაცვლად, კიდეც რომ სურდეს ამის გაკეთება, ტელეკამერების წინ, შესაძლოა, ძირითადი აქცენტი პოლიტიკურ განცხადებებსა და მისთვის არასასურველი ხელისუფლებისა თუ ცალკეული პირების ლანძღვაზე გააკეთოს. არც ის არის გამორიცხული, რომ განსასჯელმა თავი შეიკავოს ზოგიერთ გარემოებებზე საუბრისაგან ან დუმილის უფლება გამოიყენოს. გარკვეული უხერხულობა ექმნებათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც სასამართლოში მოწმის სახით არიან გამოძახებულნი და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ საქმესთან შეიძლება მხოლოდ უნებურად იყვნენ დაკავშირებულნი, ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტში, თუნდაც მოკლე დროით მათმა გამოჩენამ, სავსებით შესაძლებელია, საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები აღძრას და მათ სახელს რეპუტაციის შელახვის რეალური საფრთხე შეუქმნას.

მხედველობიდან ნურც ის ზოგიერთი მოსამართლე გამოგვრჩება, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უფრო მეტად, შეიძლება, იმაზე წუხდეს, თუ რა რაკურსით უჩვენებენ საღამოს საინფორმაციო გადაცემებში და მის რომელ გამონათქვამს აირჩევენ გამოსაქვეყნებლად. გარდა იმისა, რომ ტელეკამერები სასამართლოს სხდომის დარბაზში ზედმეტ დაძაბულობას ქმნიან, არც ის არის გამორიცხული, რომ მოსამართლე გადაწყვეტილების გამოტანისას მასმედიით საზოგადოებაში წინასწარვე შექმნილ აზრს (კონიუქტურას) უფრო გაუწიოს ანგარიში, ვიდრე შინაგან რწმენას.

არც ის არის გამორიცხული, რომ საზღვარგარეთელი მეთვალყურეების აღიარებით, ჯერ კიდევ ნაწილობრივ თავისუფალი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მქონე ჩვენს ქვეყანაში სასამართლო სხდომათა დარბაზში შეტანილი აპარატურა ტელეკომპანიების ფაქტობრივმა მფლობელებმა საკუთარ ან თუნდაც მოსახლეობის ცალკეული მცირე ჯგუფების (პოლიტიკური გაერთიანებების, „ოლიგარქების“ ან ე.წ. ქურდული სამყაროს) ინტერესებისათვის გამოიყენონ და, „ხალხის“ სახელს ამოფარებულებმა, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებით, სასამართლო ხელისუფლებაზე „ზედამხედველობისა“ და ზეწოლის მძლავრ ბერკეტად აქციონ.

სწორედ ამიტომ, თუ სამოქალაქო da ადმინისტრაციული საქმეების სასამართლოში განხილვისას სხდომათა დარბაზში ტელევიზიის დაშვება სადავოდ შეიძლება არ გაგვეხადა, რაც შეეხება სისხლის სამართალწარმოებას, უმჯობესი (სამართლიანიც და გონივრულიც) იქნებოდა, საერთოდ აკრძალულიყო ფოტო-ვიდეოგადაღება და ტელეტრანსლაცია სხდომის დარბაზიდან.სხდომაზე დასწრება და ინფორმაციის გავრცელება ყველას შეუძლია, ხოლო განაჩენი ღია სხდომაზე საქვეყნოდ ცხადდება. 

იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება დარეალურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო ხელისუფლების ფორმირება, ასევე შეჯიბრებითობის პრინციპის დანერგვა და ადვოკატურის ბრალდების მხარესთან უფლებრივად გათანაბრებამომავლის საქმეა, გამართლებულად მივიჩნევ, ჯერჯერობით არ დაგვეშვა ფოტო (ვიდეო, ტელე) კამერები უშუალოდ სასამართლო სხდომათა დარბაზში, რისთვისაცკანონმდებლობის დაუყოვნებლივ შეცვლა იქნება საჭირო. 

მანამდე კი უპრიანი იქნებოდა, თავად მასმედიას, თუ სულ არ იტყოდა უარს სასამართლოს სხდომათა დარბაზებიდან ტელეტრანსილაციებზე, შეეკავებინა თავი აქცენტის გადატანისაგან განსასჯელთა სკამზე აღმოჩენილი ან მოწმის სახით დაბარებული ადამიანების გამოსახულებების ჩვენებაზე, რითაც უდაოდ ხელს შეუწყობდა ადამიანის უფლებების დაცვას და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის, ზოგჯერ უნებლიე ხელყოფის შემთხვევებს მაინც შეამცირებდა.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე