მიმართვა ქართულ საზოგადოებას
რეზონანსი
(14.02.2021)


ჩვენ, საქართველოში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, როგორც ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის სოლიდური გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის მქონე დაინტერესებულ მხარეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ახალგაზრდული სააგენტოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში დატოვება და ვთვლით, რომ იგი არ უნდა იქცეს ახლად შესაქმნელი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეუწყებად!

აღნიშნულ პოლიტიკურ საკითხს ვუყურებთ, როგორც საზოგადოებისთვის ამ მნიშვნელოვანი სფეროს არასწორად დარეგულირების პროცესს, დაცლილი ვართ ყოველგარი პარტიული ინტერესისგან, მაღლა ვდგავართ ნებისმიერი პერსონის მხარდაჭერასა თუ კრიტიკაზე და ვცდილობთ იმ ინსტიტუციის გადარჩენას, რომელმაც სისტემური ცვლილებები უნდა განახორციელოს ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის. 

ამიტომაც, მოგმართავთ ქართულ საზოგადოებას – გთხოვთ, დაგვიჭირეთ მხარი!

ახალგაზრდობის სფეროს მარეგულირებელი კანონპროექტი შეიქმნა ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე, რითაც დაირღვა სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრინციპი: „ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდების მიერ!“

ვერც 8 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტში სტუმრობამ და ვერც 12 თებერვალს საკომიტეტო მოსმენაზე ჩვენი წარმომადგენლების დასწრებამ ვერ მოგვცა სასურველი შედეგი. წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებები მიღებულ იქნა პირველი მოსმენით.

მართალია, ორივეგან მოგვისმინეს და ჩვენ მიერ არგუმენტებისწარმოდგენისას თანაგრძნობაც  გამოხატეს, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ უფრო მეტს! 

სტრუქტურული დიალოგი და მონაწილეობა გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას სფეროდან წამოსული დაკვეთის საფუძველზე! ასე რომ, მოსმენა არ არის საკმარისი! ჩვენ გვინდა, რომ გაგვიგონ და დაგვეთანხმონ!ისევე, როგორც გაუგეს და დაეთანხმნენ სპორტისა და კულტურის მესვეურებს და მისცეს მათ საშუალება, რომ განათლების უზარმაზარი სამინისტროს ბიუროკრატიული ლაბირინთებიდან დაეხსნათ თავიანთი სფეროები.

აქვე, გამოვხატავთ რა ღრმა პატივისცემას ქართული სპორტისა და კულტურის წინაშე, პირველ რიგში ამ სფეროების წარმომადგენლებს მოგმართავთ – აღნიშნულ სტრუქტურულ ცვლილებას ახალგაზრდული სფეროს ინტერესები ეწირება. აქამდე, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებული დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული (ახალგაზრდობის სააგენტო), სპორტისა და კულტურის ახლად შესაქმნელ სამინისტროში გაერთიანებით გაეხვევა ურთულეს ბიუროკრატიულ მარწუხებში. გაგვაგონეთ თქვენი ხმა! გამოხატეთ სოლიდარობა!.. ამოგვიდექით მხარში!.. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებული უმწვავესი კრიზისის ფონზე არ ვჩანვართ... არადა, ჩვენ ვარსებობთ!.. 

ჩვენ არ ვითხოვთ მოწყალებას! გვაქვს უმტკიცესი არგუმენტები,  საკომიტეტო მოსმენაზე კი ვერ მივიღეთ მათი გამაბათილებელი ვერც ერთი პასუხი! ერთადერთი ძლიერი არგუმენტი, რაც კანონპროექტის წარმდგენისგან მოვისმინეთ, იყო ის, რომ აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებით პარლამენტს მიეცემა საშუალება, უფრო ეფექტიანი კონტროლი განახორციელოს ახალგაზრდობის სააგენტოზე, თუმცა ამის მიღწევა სტრუქტურული ცვლილების გარეშეც შეიძლება!..

რაც შეეხება არგუმენტებს:

1. ახალგაზრდული სფერო კროს-სექტორულია (სექტორთაშორისია).

ახალგაზრდულ სფეროს ვხვდებით ყველა სახელმწიფო უწყებაში. იგი არის გამჭოლი და აერთიანებს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ყველა ასპექტს. ამიტომაც, ახალგაზრდული სფეროს პოზიციონირება საჭიროა ცალკე არსებული სტრუქტურის სახით, რადგან მისი ეფექტიანობა პრინციპულად დგება საფრთხის ქვეშ რომელიმე სამინისტროში გაერთიანების შემთხვევაში (კომიტეტი დაგვეთანხმა სფეროს კროს-სექტორულობაში, თუმცა ვერ ხედავს აღნიშნული პრინციპის დაზიანების საფრთხეს). 

2. სამთავრობო ახალგაზრდულ პროგრამებს ესაჭიროება ეფექტიანიკოორდინაცია. 

ამონარიდი პარლამენტის ინიციატივით 2018 წელს ჩატარებული კვლევიდან: „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების სტატუსის შეფასება“.

„იმისათვის, რომ დაგვედგინა, საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 207 პროგრამიდან განხორციელების რა ეტაპზეა თითოეული მათგანი, სამოქმედო გეგმის განმხორციელებელი უწყებებიდან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვნა შემდეგი სტატუსების მიხედვით:

• მიმდინარე – პროგრამის განხორციელება დაიწყო და არ დასრულებულა – 55;

• დასრულებული – პროგრამების განხორციელება დასრულდა – 51;

• შეჩერებული – პროგრამის განხორციელება დაიწყო, თუმცა შეჩერდა – 14;

• განუხორციელებელი – პროგრამის განხორციელება არ დაწყებულა – 28.

განმხორციელებელი უწყებების ნაწილმა ინფორმაცია არასრულად წარმოადგინა, ხოლო ნაწილმა არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება, ამიტომაც პროგრამების განხორციელების სტატუსებს დაემატა კატეგორია „უცნობი“ – 59 პროექტი“.

წარსული გამოცდილება ცხადყოფს, სამინისტროს დაქვემდებარებულმა ახალგაზრდულმა სტრუქტურამ ეს ვერ მოახერხა.

3. ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო სტრუქტურა უნდა იყოს ლეგიტიმური და გავლენიანი. 

პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი ახალგაზრდობის სააგენტო ხელს უწყობს როგორც სამთავრობო კაბინეტში, ისე საზოგადოებაში ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობისა და სარგებლის შესახებ სათანადო ინფორმაციის გავრცელებას. კანონპროექტით წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებიდან კი ნათლად ჩანს, თუ რამდენად რთული ბიუროკრატიული ბარიერის წინაშე აღმოჩნდება ახალგაზრდული სფერო, თუკი იგი იქნება სამინისტროს დაქვემდებარებაში. 

ზემოთ ხსენებული კვლევის მორიგი ამონარიდი ადასტურებს, თუ რა ბარიერებს ვაწყდებით მუშაობის პროცესში:

„ჩაღრმავებული ინტერვიუების რესპონდენტები სამოქმედო გეგმის განხორციელებისერთ-ერთ სირთულედ იმას ასახელებენ, რომ საკოორდინაციო საბჭოში სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელთა შორის დაბალი იყო ცოდნა იმისა, თუ რას წარმოადგენს ახალგაზრდული პოლიტიკა და რაში მდგომარეობს მისი სარგებელი საზოგადოებისათვის. 

უფრო მეტიც, ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ღიად აფიქსირებდა თავის ნეგატიურ განწყობას ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართ, მას აკავშირებდა „კომსომოლის“ პრაქტიკებთან და ზოგადად საბჭოთა ტექნოლოგიებთან“.

II-III არგუმენტებზე კომიტეტი გვეთანხმება, ჩვენ შიშს ტრავმულ გამოცდილებას მიაწერს და გვპირდება ცვლილებებს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარების გარანტიები და მექანიზმები არ წარმოუდგენია.

4. ახალგაზრდულ სექტორში მნიშვნელოვანია მდგრადობა. 

ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყება, ყოველთვის (განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში) იყო სტრუქტურიდან სტრუქტურაში მოძრაობის უსასრულო პროცესში. დაუსრულებელი რეორგანიზაცია აზარალებს თავად სექტორს, ახალგაზრდობასა და ზოგადად სახელმწიფოს. ერთადერთი მოქნილი სტრუქტურა, რამაც შეიძლება ახალგაზრდულ სფეროს შეუნარჩუნოს ღირებულება, არის დამოუკიდებელი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე უწყება, როგორიც არის ახლა. 

5. ახალგაზრდობის სააგენტოს სამინისტროსთვის დაქვემდებარება არ არის დასაბუთებული.

2019 წელს ახალგაზრდობის სააგენტოს ჩამოყალიბება და პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარება მოხდა მაშინდელი სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივით. ახალგაზრდობის სააგენტომ ჩამოყალიბებისთანავე წამოიწყო 3-წლიანი რეფორმა (ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემისა და ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციის შექმნა), რომლის განხორციელება ჯერ არ დასრულებულა და რომლის მიმდინარეობის შეფასებაც ჯერ არ მომხდარა. ამიტომაც, ჩვენთვის გაუგებარია და ვერც საკომიტეტო მოსმენაზე მივიღეთ ვერანაირი პასუხი – რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში? რატომ არ გაამართლა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფმა ახალგაზრდულმა სააგენტომ? რის საფუძველზე ითვლება, რომ იგი უკეთ იფუნქციონირებს სამინისტროს ფარგლებში? 

6. ამჟამინდელი ქართული მოდელი უნიკალურადაა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

საპარლამენტო მოსმენის დროს არგუმენტად წარმოგვიდგინეს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ახალგაზრდული კომპონენტის სამინისტროს ქვეშ მოქმედების მაგალითები, თუმცა გვინდა მათ შევახსენოთ, რომ ევროპის კომისია და ევროსაბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ამჟამინდელ მოდელს, უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევს მას და სხვა ქვეყნებს სთავაზობს საქართველოს მაგალითის გაზიარებას. ამ დროს კი უკან ვდგამთ ნაბიჯს, როდესაც 2024 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას ვაპირებთ...  გაუგებარია?!.

დასკვნა

პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში „ახალგაზრდობის სააგენტოს“ შენარჩუნება გააადვილებს ახალგაზრდების ჩართულობას, სხვადასხვა სამინისტროს მიერ ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებისას შესაბამისი პოლიტიკის დანერგვას, კოორდინაციას, მონიტორინგს, შეფასებას, მხარდაჭერასა და კოლაბორაციას. ყოველივე ეს კიდევ უფრო განამტკიცებს ახალგაზრდული სექტორის განვითარებას და შეუქცევადს გახდის დასახული რეფორმების გატარებას. ამიტომაც გთხოვთ, დაგვიჭირეთ მხარი! 

P.S. ამ გამოწვევამ ახალგაზრდული სექტორი უპრეცედენტოდ გააერთიანა. ჩვენ ვსაუბრობთ 100-ზე მეტი ორგანიზაციის სახელით, თუმცა საკომიტეტო მოსმენაზე აღმოჩნდა ერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელმაც შემოთავაზებული კანონპროექტის გამო მადლობაც კი გადაუხადა ავტორებს. ამიტომაც, ჩვენს კოლეგას გვინდა შევახსენოთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ჩვენი თავი ჩვენადვე  უნდა გვეყუდნოდეს!“ 

#გაგვითვალისწინეთახალგაზრდულისექტორიც! 

#ჩვენვარსებობთ!

#არაფერიჩვენშესახებჩვენგარეშე!

#ჩვენუკანარდავიხევთ!

ახალგაზრდული ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი