რეზონანსი
(09.02.2021)


ევროპელმა კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება რომ შეძლოს და მისი ძირითადი უფლებები არ იქნას ხელყოფილი, პარლამენტისა თუ მთავრობის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია, პირველ რიგში, გონივრული და გასაგები („განჭვრეტადი”) უნდა იყოს, ხოლო, ბუნდოვნობის შემთხვევაში,მათი გონივრული განმარტება და სწორად შეფარდება უნდა ხდებოდეს.

სამწუხაროდ, მსოფლიოში ამჯერად უკვე კორონავირუსმა გაააქტიურა ე.წ. „თავისუფლებისა და წესრიგის თანაფარდობის თავდაპირველი დილემა“, ანუ რა დოზით უნდა შეეზღუდოს უფლებები და თავისუფლებები მოქალაქეს, თუნდაც მისივე სიცოცხლის გადასარჩენად და ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად?! საქართველოს მთავრობასაც მოუწია, დაეცვა გონივრული ბალანსი ადამიანის უფლებების გამოყენების ფარგლების დადგენისას, რათა რომელიმე ერთის გაუმართლებელ შეზღუდვას მეორისთვის არ მიეყენებინა გამოუსწორებელი ზიანი. ისიც ფაქტია, რომ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან გაგებით მოეკიდა კოვიდ 19–ის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებულ აკრძალვებსაც, თუმცა კითხვები იმასთან მიმართებით გაჩნდა, თუ რამდენად ადეკვატურად განხორციელდა მეწარმეობისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. 

ვინაიდან სამართლის ნორმებს ადამიანები ადგენენ, ცხადია, მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებშიც შეიძლება, „გაიპაროს ხარვეზები“, მით უმეტეს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში იურიდიული განათლებისა და საჯარო სამსახურში კვალიფიციური კადრების კონკურსების შერჩევის მიმართულებითაც სერიოზული პრობლემები შეიქმნა, რაც „უზენაეს კანონზეც“ კი აისახა. შედეგად, კონსტიტუციაში ცვლილება-დამატებების შეტანაში ნამდვილად არავის ვუთმობთ პირველობას. 

ამდენად, ვინაიდან ეკონომიკის გახსნის პერსპექტივაც გაჩნდა, გადავწყიტე, მთავრობისთვის ისეთი რჩევებით (რეკომენდაციებით) მიმემართა, რომელთა გათვალისწინება ნებისმიერი ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შეფერხების საშუალებას მხოლოდ მინიმალური „წერტილოვანი შეზღუდვებით“ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუჩერებლად მოგვცემდა. შესაბამისად, ადამიანებიც ნაკლებად დაზარალდებოდნენ და საქართველოს ეკონომიკასაც („მდგრად განვითარებასაც“) არ შეექმნებოდა სერიოზული პრობლემა.

ვთვლი, რომ, გასული წლის გაზაფხულზე ზედმეტად მკაცრი შეზღუდვების შემოღების შემდეგ, კორონავირუსის სწრაფი გავრცელება („მეორე ტალღა“) გაუმართავმა სამართლებრივმა ე.წ. კოვიდრეგულაციებმა და მათ შესრულებაზე არაეფექტურმა კონტროლის მექანიზმმა განაპირობა. ფაქტია, რომ ზაფხულში პირბადეები, მაგ, აჭარაში, ფაქტობრივად, არავის ეკეთა... 

ვირუსთან ბრძოლის კამპანიის პოლიტიზების მცდელობას (როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან...) ადამიანის უფლებები რომ არ შეეწიროს, პირველ რიგში, სამართლებრივად დასარეგულირებელია თავად „პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ სტატუსი. 

თუ „მთავრობის შესახებ“ კანონით შექმნილი „სათათბირო ორგანოა“, მან პრემიერ–მინისტრს ან მთავრობას მხოლოდ დასკვნები უნდა წარუდგინოს, რის საფუძველზეც შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები უნდა გამოიცეს. რეგულაციების დადგენისას ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს რეკომენდაციები და ვალდებულებები, აგრეთვე, ღია და დახურული ბაზრობების, სავაჭრო ცენტრებისა და სავაჭრო ობიექტების ცნებები. „შავი პარასკევი“ რომ არ განმეორდეს, ჯერ ტერმინ „ბაზრობის ბიზნესოპერატორის“ მნიშვნელობაა დასაზუსტებელი. ამასთან, ვინაიდან ობიქტები შეიძლება, ღია სივრცეშიც იყოს მოწყობილი და დახურულშიც,რეგულაციების პროცესში თითოეულის თავისებურება უნდა იყოს გათვალისწინებული. 

სწორედ ვირუსის გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია გამართლებულად, ყველა მსხვილი ობიექტის ერთიანად და სრულიად დაუსაბუთებლად არც დახურვა და არც, მერე, ერთიანად გახსნა. პირველ რიგში, ის ღია სავაჭრო ობიექტები უნდა გახსნილიყო, რომელთა საქმიანობა მომხმარებელების შენობა–ნაგებობაში დაშვების გარეშეა შესაძლებელი (მიუხედავად იმისა, ქუჩებში მდებარეობს თუ ბაზრობების ტერიტორიებზე), შემდეგ _ ღია სივრცეში განთავსებული ის დამოუკიდებელი სავაჭრო ობიექტები, რომლებშიც მომხმარებლებისთვის შესავლელისა და გასასვლელის გამიჯვნა ან ცალ–ცალკე მოწყობა არის შესაძლებელი, ბოლოს კი _ ღია სივრცეში განთავსებული სხვა დანარჩენი ობიექტები. ამასთან,ზოგიერთი ობიექტი შეიძლება, მანამდე არ გახსნილიყო, სანამ ვირუსის გავრცელების საფრთხე თუნდაც მიმდებარე ტერიტორიაზე იარსებებდა... 

მაქსიმალურად უნდა გაზრდილიყო იმ მაკონტროლებელთა რაოდენობა, რომლებსაც კოვიდრეგულაციების დაუცველობისთვის მოქალაქეთა გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლებათ. ამ მიზნით საპატრულო პოლიციის (განსაკუთრებით, ე.წ. ქვეითი პატრულის), ე. წ. უბნის ინსპექტორების, მერიის ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომლების, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინსპექტორებისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლების (მათ შორის, კერძოს) გარდა შეიძლებოდა, თადარიგში გასული ან რეზერვში მყოფი ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებიც გამოგვეყენებინა. თბილისის მერიამაც უნდა შექმნას „მუნიციპალური პოლიცია“, რომელიც შსს-ს წესრიგის დაცვაში დაეხმარებოდა, ხოლო, პირველ ეტაპზე, საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეში კოვიდრეგულაციების შესრულებაზე კონტროლს უზრუნველყოფდა. 

პირბადის ტარების, სოციალური დისტანციის დაცვისა და თერმოსკრინინგის გავლის წესების დაკანონების, აგრეთვე კონტროლის ეფექტური მექანიზმის დანერგვის (სამართლდამრღვევი პირების მაქსიმალურად გამოვლენისა და მათ მიმართ ადეკვატური სანქციების გამოყენების) შემთხვევაში, ვფიქრობ, საჭირო არ გახდებოდა „კომენდანტის საათის“ შემოღება და მომსახურების სექტორში დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირება. საკმარისი იქნებოდა, მხოლოდ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი და დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი პირების გადამოწმება, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა.

სამწუხაროდ, მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები, რიგ შემთხვევებში, არასაკმარისად დასაბუთებული და წინააღმდეგობრივია (ცალკეულ შემთხვევებში კი, აშკარად დისკრიმინაციულიც...), ხოლო ზოგჯერ შინაარსობრივადაც და რედაქციულადაც იმდენად გაუმართავი,რომ მეწარმეებისთვის გაუგებარი რჩება, თუ როდის უნდა გაიხსნას ან/და რატომ არ უნდა გაიხსნას, რატომ ითვლება ღია სივრცეში განთავსებული ერთსართულინი ნაგებობები დახურული ტიპის ობიექტებად, სად გადის ბაზრობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის ზღვარი, სად არ უნდა „დაუშვან მომხმარებელი პირბადის გარეშე“, რომელი სივრცეების დეზინფიცირება და რა პერიოდულობით უნდა უზრუნველყონ... აღნიშნული კი, ძირითადად, საჯარო სამსახურში დასაქმებული იურისტების არასათანადო კვალიფიკაციათა და თავად იმ მეწარმე სუბიქტების აზრის გაუთვალისწინებლობით უნდა იყოს განპირობებული, ვისაც რეგულაციები უნდა შეეხოთ...

ვინაიდან „ევროპელობა“ უსაფრთხოების ღვედების შემოღებისას გამოვავლინეთ, ვირუსთან ბრძოლის სამართლებრივ ჩარჩოში მოსაქცევად გონივრულად მიმაჩნია, ყველა სავალდებულო რეგულაციის საფუძველზე (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, სკრინინგი, ტესტირება, კარანტინის გავლა და სხვა), მთავრობას შეემუშავებინა ერთიანი, მაგ., „ვირუსული უსაფრთხოების (ან ანტივირუსული) წესები“ (საგზაო მოძრაობის წესების მსგავსად), რომლებსაც პარლამენტი სპეციალური კანონის სახით მიიღებდა ან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონს ცალკე თავის სახით დაუმატებდა. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ კანონით იხელმძღვანელებდენ, ხოლო მთავრობა ძირითად ძალისხმვევას იმ რეკომენდაციების მომზადებას მოახმარდა, რომლებიც მორიგი ვერაგი ვირუსის (მაგ., კოვიდ 2,5,8,10–ის ახალი შტამების ან კოვიდ 24,36,41,56–ის) შემოტევისგანაც დაიცავდა მოქალაქეებს. 

დარწმუნებული ვარ, გონივრული სამართლებრივი შეზღუდვებისა და ეფექტური კონტროლის მექანიზმის ამოქმედების პირობებში, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ნებით ან/და სანქციით შიშით დაემორჩილება დადგენილ რეგულაციებს (როგორც ეს უსაფრთხოების ღვედების შემთხვევაში მოხდა) და არა მარტო პირბადეების გამოყენების მაჩვენებლით, არამედ კანონმორჩილების მხრივაც სამაგალითოები გავხდებით მსოფლიოში (წესრიგის დაცვა არც გერმანელების „გენეტიკაშია“...), რაც ევროპულ კავშირში ინტეგრაციაშიც შეგვიწყობდა ხელს.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი