მოსაზრება
(04.02.2021)


ნიკა ჩიტაძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

საერთაშორისო საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი 

სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონში ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ახალი ენერგეტიკული პროექტების ამოქმედების შედეგად, გასულ წელთან შედარებით, 2021 წელს საქართველო აზერბაიჯანიდან საერთო ჯამში 188,8 მლნ კუბური მეტრით მეტ გაზს მიიღებს. მიმდინარე წლისთვის  დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანა აზერბაიჯანიდან სულ 2,518 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, საიდანაც „სოკარის“ მხრიდან იმპორტის მოცულობა იქნება 1,504 მლრდ კუბური მეტრი.

ზემოაღნიშნული ბალანსის თანახმად, წელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ (სპეციალურ ფასად შესასყიდი გაზი) მოცულობა 508.7 მლნ კუბური მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ (ტრანზიტის მოცულობასთან უშუალოდ დაკავშირებული) – 505.9 მლნ კუბური მეტრი. შედეგად, „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ საქართველო 1,014 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 126 მლნ-ით აღემატება. 2020 წელს „ოფციური“ და „დამატებითი გაზის“ მოცულობა გახლდათ 888,5 მლნ კუბური მეტრი.

ამასთან ერთად, ბალანსის მიხედვით, საქართველო წელს დამატებით 200 მლნ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს რუსეთიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს დაგეგმილია ადგილობრივი მოპოვების ზრდაც დაახლოებით 11.08 მლნ კუბური მეტრი მოცულობის ფარგლებში. შედეგად, 2021 წელს გაზის მოწოდების პროგნოზი 2.729 მლრდ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი იქნება.

რაც შეეხება მოხმარებას, სპეციალისტთა გაანგარიშებით, მისი მოცულობა დაახლოებით 2.694 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს, აქედან 1.794 მლრდ კუბური მეტრი სოციალური მოხმარებაა (664.9 მლნ კუბური მეტრი თბოსადგურები და 1.129 მლრდ კუბური მეტრი მოსახლეობა), ხოლო 899.82 მლნ კუბურ მეტრი კერძო სექტორზე იქნება განაწილებული. 

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობის ზრდის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გახლავთ იმ რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტების ამოქმედება, რომლებიც „ტანაპის“ (ტრანსანატოლიური მილსადენი - Trans Anatolian Pipeline) და „ტაპ“-ის (ტრანსადრიატიკული მილსადენი - Trans Adriatic Pipeline) სახელებს უკავშირდება.  მოკლედ განვიხილოთ თითოეული პროექტი:  

ტანაპის (TANAP) პროექტი

„ტანაპი“ (ტრანსანატოლიური გაზსადენი), როგორც გაზსადენის - ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაგრძელება  სათავეს აიღებს საქართველო-თურქეთის საზღვართან, ახალციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და თურქეთის დასავლეთ საზღვრამდე, ქალაქ ედირნეს სამხრეთამდე (თურქეთ-საბერძნეთის საზღვარი) მივა. პროექტის მიხედვით, აღნიშნული მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლის პირველ ეტაპზე, ანუ 20-იანი წლების პირველ ნახევარში მისი სიმძლავრე 16 მილიარდ კუბურ მეტრს უნდა შეადგენდეს, ხოლო 2026 წლიდან მოყოლებული, როდესაც ექსპლუატაციაში დამატებითი კომპრესორული სადგურიც შევა, გამტარობა 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. თურქეთისათვის, სადაც ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად ეტაპობრივად იზრდება, 6 მილიარდი კუბური მეტრი წინსწრებითაა გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, ჩვენს მეზობელ ქვეყანას  ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება როგორც რუსეთიდან, „ცისფერი ნაკადის“, ისე ირანიდან „ტებრისი-ანკარას“ მილსადენების მეშვეობით. დანარჩენი ათი მილიარდი (2026 წლიდან კი 25 მილიარდი) კუბური მეტრი ევროპის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

გარდა ამისა, განხილვის სტადიაშია „ტანაპის“ და „ტაპის“ გაფართოების კიდევ ერთი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც დამატებითი მაგისტრალური მილსადენის აშენების შედეგად გამტარუნარიანობა შესაძლებელია 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს. მოცემული პროექტი შესაძლებელია იმ შემთხვევაში იქნეს რეალიზებული, თუ, ერთის მხრივ, ევროპაში მოთხოვნა ბუნებრივ აირზე გაიზრდება და, მეორე მხრივ, ადგილი ექნება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მოპოვების ზრდას, რაც თავის მხრივ საერთაშორისო ბაზარზე აღნიშნული ენერგეტიკული რესურსის საკმარისი რაოდენობით მიწოდებას უზრუნველყოფს. მოცემული ბოლო პირობა შეიძლება დაკმაყოფილდეს „შაჰდენიზის“ საბადოს ათვისების მე-3 ფაზაში (SD3), რომელის გეგმაც უკვე არსებობს, ასევე კასპიის ზღვაში მდებარე სხვადასხვა ნავთობ საბადოზე „შავი ოქროს“ მოპოვების პროცესში მიღებული თანამდევი აირის გამოყენებით, ან კასპიის ზღვის აზერბაიჯანის მონაკვეთზე დამატებითი ოფშორული საბადოების (აბშერონი, უმიდი, ბაბექი, ნახიჩევანი, შაფაგ-ასიმანი) ათვისებით.

ტაპ-ის (ტრანსადრიატიკული გაზსადენი) (TAP) პროექტი 

2020 წლის 13 ოქტომბერს კონსორციუმმა TAP AG გააკეთა განცხადება ტაპ-ის გაზსადენის მშენებლობის დასრულების შესახებ. შედეგად, 2021 წლიდან აზერბაიჯანმა შაჰ-დენიზის საბადოდან “ტრანსადრიატიკული გაზსადენით“ (TAP) ევროპისთვის გაზის მიწოდება დაიწყო.

TAP-ის სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ჩრდილოეთით, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, ხოლო 105 კმ ადრიატიკის ზღვის ფსკერზე, დარჩენილი 8 კმ იტალიის ტერიტორიაზეა. TAP წარმოადგენს „სამხრეთის გაზის კორიდორის“ ბოლო კომპონენტს - TANAP-ის გაგრძელებას. მოცემული მილსადენით ევროპის მიმართულებით წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება უნდა განახორციელოს. მისი სიმძლავრეების შესაძლებლობა კი ამ მოცულობის გაორმაგების საშუალებას იძლევა.

პროექტის თანამფლობელები არიან: კომპანია SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagas (16%) და Axpo (5%). პროექტის ჯამური ღირებულება 4,5 მილიარდი ევროა.

ტანაპ-ის და ტაპ-ის პროექტების გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა და საქართველო

ზემოაღნიშნული ორი  პროექტის ამოქმედება და საერთო ჯამში - სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდს და ენერგო უსაფრთხოებას მოუტანს. კერძოდ, თუ ტრანს-ანატოლიური გაზსადენის - TANAP ექსპლუატაციაში შესვლამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა, დღევანდელ ეტაპზე ქვეყანა თანდათან საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ყალიბდება. დღევანდელი პერიოდიდან, საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრვი აირი  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხრეთ კავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენი, TANAP-თან ერთად, უზრუნველყოფს კასპიის საბადოებში არსებული გაზის მიწოდებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებისათვის. TANAP-ის ამოქმედების შემდეგ, თანდათანობით გაიზრდება სამხრეთის გაზის კორიდორით, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის მოცულობები, რაც უკვე იქნა აღნიშნული. 

პროექტის ეკონომიკური მნიშვნელობა

იმ მიზნის მისაღწევად, რომ TANAP და საერთო ჯამში - სამხრეთის ენერგეტიკული დერეფანი ფუნქციური გამხდარიყო - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შაჰ-დენიზის კონსორციუმმა სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სიმძლავრის გასაზრდელად მშენებლობაში და მომსახურებაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარამდე მოცულობის თანხა გამოყო, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მეტად მნიშნელოვან საერთაშორისო საინვესტიციო მხარდაჭერას წარმოადგენდა. კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 2000-მდე ადამიანი, აშენდა 62 კმ-ის სიგრძის ახალი მილსადენი. აგრეთვე, 2 დამატებითი საკომპრესორო სადგური და ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგური. ასევე დაიგეგმა 2 კმ-იანი შემოვლითი მილსადენის მშენებლობა თურქეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე სატუმბ სადგურთან. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ TANAP-ის ამოქმედების პირველ ეტაპზე, 2018 წელს, საქართველოზე გაიარა დაახლოებით 1,5 მლრდ კუბური მეტრით მეტმა გაზმა (ჯამში 8 მლრდ კუბური მეტრი) იმასთან შედარებით, რაც მანამდე მოქმედი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, 2019 წელს კი დამატებითი გატარებული გაზის მოცულობამ დაახლოებით 2,7 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. ანუ იმავე წლის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე გატარებულ იქნა 9.2 მლრდ კუბური მეტრი გაზი. შედეგად, როგორც აღინიშნა, უკვე 2021 წელს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა შეღავათიანი პირობებით დამატებით შეიძინოს დაახლოებით 125 მლნ კუბური მეტრი გაზი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინასწარი პროგნოზით, "ტანაპის" ამოქმედებით, 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცულობა დღევანდელთან (300 მილიონი კუბური მეტრი) შედარებით გაოთხმაგდება, მათ შორის TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს. 2026 წლისთვის მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); 2030 წელს TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანაა დაგეგმილი, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე - 1.4-ჯერ მეტს.

ზემოაღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზის მოცულობის 5%-ს ქვეყანა შეიძენს შეღავათიანი ფასად და ამასთან ერთად, გაზსადენების სრულყოფილი ამოქმედების შემდეგ ტრანზიტის საფასურად საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

დასკვნა 

შესაძლებელია იმის თქმა, რომ ზემოაღნიშნული პროექტების განხორციელება მრავალმხრივ ინტერესს წარმოადგენს, რადგანაც საქართველო, როგორც სტაბილური და მდგრადი სახელმწიფო - კრიტიკულად აუცილებელია როგორც ბუნებრივი აირის მომპოვებელი და ექსპორტიორი აზერბაიჯანისთვის, ასევე თურქეთისა და ევროპისთვის. ევროპისთვის დიდი მნიშნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ მისი ბაზრებისაკენ მიმართული ენერგეტიკული ნაკადები მაქსიმალურად იყოს დაზღვეული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის რისკებისგან. სწორედ ეს გახლავთ ის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდა სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის (როგორც რუსული გაზის ერთადერთი ალტერნატიული საიმპორტო მილსადენის მარშრუტის) კონცეფცია. ბუნებრივია, ასეთი ტიპის მასშტაბური პროექტები მონაწილე ქვეყნებს შორის მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობების ჩამოყალიბების მეშვეობით შეიძლება იქნეს განხორციელებული, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. 

აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ფაქტორებისა და ენერგო უსაფრთხოების გარდა, სამხრეთ დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოუტანს, ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ როგორც სატრანზიტო ქვეყანა, საქართველო ევროპის უშუალო ინტერესის არეალში მოექცევა, რაც პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო განავითარებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი
xxx (04.02.2021)
საინტერესოა, რატომ არ განიხილება უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვას მიმართულებით და შემდეგ ევროპული ქვეყნები, ზღვაზე გავლით პროექტები, ეს იმიტომ რომ თურქეთი, ცოტა ფინთადაა ევროპასთან და ჰოპლა, რომ ქნას მაშინ რა ხდება...