რეზონანსი
(02.02.2021)


მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ჩასწორებასა და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაში ნამდვილად მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, ხოლო საქართველოს „უზენაესი კანონით“ მოქალაქეებს სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება და ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაცია გვაქვს დეკლარირებული, ფაქტია, დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილი 30 წლის განმავლობაში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ე. წ. ზოგადი უნარების ცოდნაში, ჯერჯერობით, მოვიკოჭლებთ. შესაბამისად, „რევოლუციური თემატიკაც “ პერიოდულად აქტიურდება... 

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით, „პარლამენტი მუშაობას შეუდგებოდა, თუ დადასტურდებოდა დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება“ (მუხლი 51). „უზენაესი კანონის“ კობახიძისეული რედაქციის თანახმად, „პარლამენტი უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას“, თუ პირველ სხდომას სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება, მაგრამ „სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან“ (მუხლი 38). მეტად ბუნდოვანი ჩანაწერია, მით უმეტეს, რომ ეს „სრული უფლებამოსილება“, რატომღაც, მოცემულია პარლამენტის რეგლამენტში, რომელშიც, იმავე კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ „პარლამენტის მუშაობის წესი“ უნდა იყოს განსაზღვრული (რეგლამენტის ადრინდელ რედაქციაში „კონსტიტუციური პრეროგატივა“ ერქვა...). ამასთან, ახალი რედაქციითაც მკაფიოდ არ ჩანს, თუ რა ბედი ეწევა მოქმედ პარლამენტს, თუ პირველ სხდომაზე შეკრებილი უმრავლესობის მიერ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მაგ., 51 უარს განაცხადებს მუშაობაზე...

ყველა შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმების გრამატიკული, ისტორიული და მიზნობრივი განმარტებიდან გამომდინარე, ლოგიკური უნდა იყოს, რომ, თუ დეპუტატთა რიცხვის 100-მდე შევსება ვერ მოხერხდა, პარლამენტი „სრულ უფლებამოსილებას ვერ შეიძენს“ (დანიშნულებას ვერ განახორციელებს), რის გამოც არჩევნების ჩატარება თავიდან მოგვიწევს...

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ამოქმედებას მხარს ვუჭერდი და ვთვლიდი, რომ ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელის შემშლელია და სახელმწიფოებრიობასაც უქმნის საფრთხეს, შექმნილ ვითარებაში ვადამდელი არჩევნების დანიშნა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პრიორიტეტებიდან და კანონის უზენაესობის პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეა აუცილებელი. 

ფაქტია, ვინაიდან პრეზიდენტის მიმართვამ ოპოზიციონერი დეპუტატებიდან გული ვერავის აუჩუყა. სხდომაზე უმრავლესობას ოპოზიციონერთა განცხადებები რომ დაეკმყოფილებინა, ფაქტობრივად, ჰარაკირს გაიკეთებდა და ვადამდელ არჩევნებში მოუწევდა ცესკო-ს მიერ არჩევნების შემაჯამებელ ოქმში ნაჩვენები შედეგების გამეორება... არადა, თუნდაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის გამწესებას სწორედ, მინიმუმ, 90 დეპუტატის ხმა სჭირდება... 

არადა, როდესაც კანონმდებლობის ბუნდოვნობისა („არაგანჭვრეტადობის“) და მასში „გაპარული ხარვეზების“ გამო უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა პარლამენტის წევრთა პირადი განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე). გამოვიდა, რომ შეეძლოთ, ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემთხვევაშიც კი არ შეეწყვიტათ მათთვის უფლებამოსილება... (ფაქტობრივად, იგივეა, ხალხის მიერ პარლამენტში ოპოზიციიდან გამწესებული პოეტი აიძულო, უმრავლესობის ლიდერს მიუძღვნას ლექსები...). პარლამენტი ვალდებული იყო, განმცხადებლებისთვის შეეწყვიტა უფლებამოსილება, ვინაიდან წერილობითი ნების გამოხატვის მომენტიდან საკმაო დრო იყო გასული და ნებისმიერს შეეძლო, პოზიცია შეეცვალა (პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეიძლება, კონსტიტუციის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული სხვა შემთხევებში შეუწყდეს, რის თაობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება. მაგ., ნადირობისას დაიკარგა, მოქალაქეობა დაკარგა ან ბიზნესით დაკავდა...). შესაბამისად, თითოეულ ოპოზიციონერს საკუთარი აზრი წერილობითაც მკაფიოდ ჰქონდა გამოხატული და საქვეყნოდაც არაერთგზის გამოცხადებული, ხოლო თუ 20-მდე დეპუტატი ვინმეს ხათრით ან რომელიმე „ბუას“ შიშით ვერ ბედავს პარლამენტში შესვლას (როგორც ამას უმრავლესობის მესვეურები აცხადებენ...), დამატებით ვადაში, კიდეც რომ დასძლიონ „კომპლექსები“ (სავარაუდოდ, ფსიქიკური, ფიზიკური ამ ფინანსური ზემოქმედების შედეგად ...), ამომრჩევლებს არ ვეკითხებით, თუ აწყობთ „დაბულინგებულ რჩეულებს“ 4 წელი უხადონ ხელფასები?!

ამდენად, თუ ბიძინა ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებში მონაწილე ახალი პოლიტიკური გუნდის შემადგენლობის თაობაზე ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა, როგორც ჩანს, ვერაგი კორონავირუსის მესამე შემოტევისა და ბოკერიას „ლეგიტიმური რევოლუციის“ მოლოდინში, „კოჰაბიტაციის მეორე ტალღა“ გადაგვივლის, რაც ცაკლე მსჯელობის თემაა... 

არადა, თუ სამართლიანი კონკურსებისა და არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, „ამერიკელი მეგობრებიც“ უარს გვეტყვიან თანადგომაზე და ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილადაც არავინ გვაღიარებს…

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი