თდასუ–ის პროფესორი საკოორდინაციო საბჭოს რჩევებს აძლევს
რეზონანსი
(27.01.2021)


პირველ ყოვლისა, თავად „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ სტატუსია დასადგენი. ფაქტობრივად,მხოლოდ საკონსულტაციო ორგანოა, თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სამართლდამცავები სავაჭრო ობიექტების დაკეტვას მანამდე იწყებენ, სანამ მთავრობა შესაბამის დადგენილებას გამოსცემს. არადა, შესაძლებელია, საბჭოს რეკომენდაციებსა და ნორმატიულ აქტებში მკაფიოდ ისიც კი არ იყოს განსაზღვრული, თუ ვის და როდიდან ეკრძალება საქმიანობა... 

ამის თვალსაჩინო მაგალითია, წინასაახალწლოდ, ეკონომიკურ საქმიანობაზე ნებართვების, ფაქტობრივად, შერჩევით გაცემა... მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ვებგვერდზე სავაჭრო ცენტრები საერთოდ არ იყო ნახსენები, დახურულმა„მოლებმა“ მუშაობა დაიწყეს, ხოლო ბაზრობების ტერიტორიაზე ღია სივრცეში განთავსებული სავაჭრო ცენტრებთან მისასვლელები პოლიციას ჰქონდა ბლოკირებული... ცალკე მსჯელობის თემაა შეზღუდვების მეორე ეტაპის დაწყების ვადის არაგონივრული განსაზღვის გამო გამოწვევული „შავი პარასკევი“...

ამდენად, ჯერ ტერმინ „ბაზრობის ბიზნესოპერატორის“ მნიშვნელობაა დასაზუსტებელი, ვინაიდან, კანონმდებლობის თანახმად, ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები განსხვავებულ ინსტიტუტებად არის მოაზრებული, ამასთან, თითოეული შეიძლება ღია სივრცეშიც იყოს მოწყობილი და დახურულშიც. ამასთან, რეკომენდაციებისა და ვალდებულებების მკაფიოდ გამიჯვნასთან ერთად, აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა დედაქალაქში არსებული ღია და დახურული ტიპის მსხვილი სავაჭრო ობიექტებისადმი, რომლებშიც ათეულობით ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. 

ფაქტია, როდესაც დახურულ სავაჭრო ცენტრებს, აგრეთვე, ცალკე შესასვლელის მქონე მაღაზიებს მიეცათ მუშაობის აღდგენის უფლება, ე. წ. ელივას, ლილოსა და ისნის ბაზრობების ტერიტორიაზე არსებულ ღია სივრცეში დამოუკიდებელი შესასვლელის მქონე სავაჭრო ობიექტებში თვითდასაქმებული ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, სახლში დარჩენილიყო, რამაც მათი სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. 

მართალია, 15 თებერვლიდან ბაზრობების გახსნაც დაიგეგმა, მაგრამ „ბაზრობის ორგანიზატორებს“ დაევალათ, უზრუნველყონ არა მარტო ადმინისტრაციაში დასაქმებულების, არამედ ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებში „ვაჭრობის ორგანიზატორებისგან“ წერილობითი თანხმობის მიღება კოვიდზე ტესტირების გავლაზე და მერე ამ ტესტირების ჩატარების უზრუნველყოფა (35 ლარი ჯდება...), ხოლო თუ ბაზრობის გახსნის მომენტისთვის ვერ უზრუნველყოფენ მოვაჭრეთა 20%–ის „გატესტვას“ მაინც, დაიკეტებიან... გამოდის, რომ ისევე, როგორც პირბადეების ტარებასთან მიმართებით მთავრობამ პასუხისმგებლობა ტესტირების გავლაზეც, ისევ ბაზრობის ორგანიზატორებს გადააკისრა, რაც არაგონივრულად მიმაჩნია. მით უმეტეს, რომ არც დამქირავებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და არც მისი დაინფიცირების თაობაზე პერსონალური მონაცემების მოპოვება გამქირავებელს არ უნდა ევალებოდეს... 

 როგორც ქუჩებში, ასევე ბაზრობების საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადეების ტარებისა და კოვიდტესტირების წესების დამრღვევ მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირები უნდა ავლენდნენ და აჯარიმებდნენ, რაც მედიითაც ფართოდ გაშუქდებოდა. შედეგად, დარმუნებული ვარ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ნებით ან სანქციის შიშით დაემორჩილება დადგენილ რეგულაციებს (როგორც ეს უსაფრთხოების ღვედების შემთხვევაში მოხდა) და პირბადეების გამოყენების მაჩვენებლითაც მოწინავეები გავხდებოდით ევროპაში...

 ყველა შემთხვევაში, დაუშვებლად მიმაჩნია, მოქალაქეების (მათ შორის მივაჭრეების) მიერ პირბადის ტარების ან თუნდაც კოვიდტესტირების გავლის წესების დარღევისთვის პასუხისმგებლობის იმ ბაზრობების (სავაჭრო ცენტრების) ორგანიზატორებზე გადაკისრება, რომლებსაც ისედაც სხვა ბევრი საზრუნავი აქვთ. მესმის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ურჩევნიათ, ცაკლეული მოქალაქეების დევნას, მათ იდენტიფიცირებასა და 20 ლარით დაჯარიმებას, პირბადის გარეშე მყოფს მხოლოდ ფოტო გადაუღონ და ბაზრობის ოფისში მშვიდ ვითარებაში გამოწერონ 2 000 ან თუნდაც მხოლოდ 500-ლარიანი საჯარიმო ქვითარი, მაგრამ, თუ ნამდვილად ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა გვამოძრავებს, უმჯობესია, სანქციები კონკრეტული სამართლადამრღვევის წინააღმდეგ გამოიყენონ. არაგონივრული რეგულაციებისა და სანქციების გამო, შეიძლება, ბაზრობები საერთოდ არ გაიხნას ან გახსნის შემდეგ დაიხუროს, რასაც ათეულ ათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვება და ოპოზიციის მიერ გაზაფხულისთვის დაგეგმილი აქციების მონაწილეთა რიცხვის საგრძნობლად გაზრდა მოჰყვება ... 

კორონავირუსზე ტესტირების გავლის წესიც მთავრობის დადგენილებით ისევე მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, როგორც პირბადის ტარების და თუ, საკოორდინციო საბჭოს რჩევის საფუძველზე, მთავრობა ჩათვლის, რომ თითოეულმა მოვაჭრემ ტესტირება ყოველ 3, 10 ან თუნდაც 30 დღეში ერთხელ უნდა გაიაროს, ამისთვის აუცილებელი ლაბორატორიების შექმნაც თავად უნდა ითავოს,მათი მაქსიმალური ოდენობით სუბსიდირებაც უნდა მოახერხოს და შესაბამისი სანქციებიც უშუალოდ მათ უნდა დაუწესოს, ვინც არ წესს არ დაემორჩილება და ტესტირების გავლის გარეშე განახორციელებს ვაჭრობას. ცხადია, მთავრობამ მედიით დაუყოვნებლივ უნდა დიწყოს მოვაჭრეების ინფორმირება შესაბამის პორტალზე დარეგისტრირების აუცილებლობისა და საქმიანობის უფლების მხოლოდ ტესტირების გავლის შემდეგ მიღების თაობაზე. ცხადია, მთავრობამ ტესტების ხარისხზეც უნდა აგოს პასუხის და ლაბორატორიების პერსონალის კეთილსინდისიერებაზეც (ავტომობილების „ტექდათვალიერებასავით“ რომ არ მოხდეს. გაუმართავი მანქანებიც „ახერხებენ“ გავლას...). მით უმეტეს, რომ ტესტების ჩინეთიდან შემოტანაა დაგეგმილი (ცდომილება შეიძლება, 70% –მდეც კი იყოს),ხოლო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი (ელინ მასკი) აშშ–ში ერთ დღეს 4 სხვადასხვა ტესტით შემოწმდა და ორით კოვიდით დაინფიცირებული აღმოჩნდა, ხოლო ორით – არა...

როგორც ღია ბაზრობების გახსნამდე დახურული სავაჭრო ცენტრების ამოქმედება, ასევე, ღია და დახურული ბაზრობების ერთდროულად გახსნაც სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია. შეზღუდვების შემოღების მიზნიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ღია ტიპის (საზოგადოებრივი სივრციდან დამოუკიდებელი შესასვლელის მქონე) სავაჭრო ობიექტები უნდა გახსნილიყო, მიუხედავად იმისა, სავაჭრო ცენტრის თუ ბაზრობის ტერიტორიაზე იქნებოდნენ განთავსებულნი, შემდეგ ეტაპებზე კი დახურულ სივრცეში განთავსებულები გაიხსნებოდა, იმისდა მიხედვით, თუ მოხერხდებოდა ე.წ. კოვიდუსაფრთხოების უზრუნველყოფა. ფაქტია ისიც, რომ მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები (რეკომენდაციები), რიგ შემთხვევებში, არასაკმარისად დასაბუთებული და წინააღმდეგობრივია, ხოლო ზოგჯერ _ შინაარსობრივადაც და რედაქციულადაც გაუმართავი, რის გამოც მეწარმეებისთვის ზოგჯერ ისიც გაუგებარი რჩება, თუ როდის უნდა გაისნან ან/და რატომ არ უნდა გაიხსნან, რაც საჯარო სამსახურში დასაქმებული იურისტების არასათანადო კვალიფიკაციით უნდა იყოს განპირობებული.

საქართველოს მოქალაქეებმა „ევროპელობა“ უსაფრთხოების ღვედების შემოღებისას გამოავლინეს. ამდენად, თუ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული რეგულაციების რეალური მიზანი ვირუსების გავრცელების პრევენციაა, ქვეყნის ეკონომიკური ფუნდამენტი რომ არ მორღვეულიყო, გაცილებით გონივრული იქნებოდა, მოქალაქეებისთვის როგორც ქუჩაში, ასევე სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება თავიდანვე დაგვევალებინა. ამასთან, მაკონტროლებელთა რიცხვიც არსებითად უნდა გაგვეზარდა, რაშიც ძალოვანი უწყების რეზერვიც უნდა გამოგვეყენებინა და „სატრანპორტო კომპანიის“ ინსპექტორებიც, ხოლო თბილისის მერიას „მუნიციპალური პოლიცია“ უნდა შეექმნა.

დარწმუნებული ვარ, მსოფლიოც დამშვიდდება, კორონავირუსს საქართველოც დაამარცხებს და მოქალაქეები სამართლებრივ სახელმწიფოსაც დავამკვიდრებთ, თუ სამართლიანი არჩევნებისა და კონკურსების ჩატარებას ვისწავლით. მე კი, თუ გადმომიგზავნიან, მზად ვარ, სამთავრობო კოვიდრეგულაციების პროექტებსაც გავეცნო და შენიშვნები წარვადგინო, რითაც მოკრძალებულ წვლილს შევიტან ქვეყნის მდგრად განვითარებასა და სამართლებრივი კულტურის ამაღლებაში.

ავთანდილ კახნიაშვილი,

სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი