მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ბატონ მაიკ პომპეოს, საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს საზოგადოებრიობას
რეზონანსი
(09.08.2020)

ბატონო სახელმწიფო მდივანო,

ქართველი ხალხი მუდმივად გამოხატავს მადლიერებას  ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების მიმართ იმ მრავალმხრივი მხარდაჭერისა  და თანადგომისათვის,რომლებიც ჩვენი ქვეყნის  დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას  ესაჭიროება. თავის მხრივ, ქართული საზოგადოება  მუდმივად მიისწრაფვის დასავლური ღირებულებების დემოკრატიული პროცესების  შესაბამისი ინსტიტუციების დამკვიდრებისა და  თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის, მაგრამ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით,  მოქმედი ხელისუფლება ცდილობს, ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობით დააკანონოს უთანასწორო და არადემოკრატიული საარჩევნო პირობები  და ამ გზით ლეგიტიმური გახადოს ახალი ვადით ხელისუფლების გახანგრძლივება.

ბატონო მაიკ, 

ჩვენ ვეხმაურებით ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი ორგანოს არაერთგზის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, პირადად თქვენს საუბარს საქართველოს მთავრობის მეთაურთან  და მიგვაჩნია,რომ  უფრო კონკრეტული  ძალისხმევაა  საჭირო  იმისათვის, რომ  დაარწმუნოთ  საქართველოს ხელისუფლება, საარჩევნო კოდექსში განახორციელონ თავისუფალი, გამჭვირვალე და თანასწორი არჩევნებისათვის აუცილებელი ცვლილებები, კერძოდ: 

1. საარჩევნო ადმინისტრაციებში, რომელთა რაოდენობა სულ 3800 სააარჩევნო სტრუქტურულ  ერთეულს მოიცავს,   მმართველ პარტიას დანიშნული ჰყავს 43 500 ე.წ. საარჩევნო მოხელე, რომლებიც მოხელის სტატუსით არიან შენიღბული და, სინამდვილეში, წარმოადგენენ მმართველი ძალის პარტიულ აქტივს.  დასახელებული ციფრიდან მხოლოდ 438 წარმომადგენელი  ჰყავს დანიშნული ოპოზიციურ საპარლამენტო  და არასაპარლამენტო კვალიფიციური სტატუსის პარტიებს,რაც ერთი პროცენტის თანაფარდობის  ტოლფასია. აქედან გამომდინარე,  მმართველ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციებში დომინანტური და ტოტალური უმრავლესობა აქვთ, რომლებიც, ამავე დროს, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ადამიანურ რესურსს და ბიუჯეტის ფულით იყენებს თავის სასარგებლოდ.   აქედან გამომდინარე, თანაბარი და თანასწორი წარმომადგენლობითი ბალანსის შესაქმნელად აუცილებელია, რომ კანონით დადგინდეს, საოლქო და საუბნო კომისიებში ყველა პარტიას მიეცეს თითო წევრის დანიშვნის უფლება. ასეთი ფორმირების წესი საფუძველს გამოაცლის ერთპარტიული უმრავლესობების არსებობას საარჩევნო ადმინისტრაციებში და უფრო სანდოსა და ლეგიტიმურს გახდის საარჩევნო პროცესს; 

2. კანონში უნდა შეიცვალოს საარჩევნო კომისიის მიერ  ე.წ.2/3-იანი გადაწყვეტილების მიღების წესი და, საფუძვლიანი საჩივრის არსებობის შემთხვევაში, ხმების ხელახალი გადათვლის შესახებ,   კომისიები გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს არანაკლებ ერთი მესამედის მხარდაჭერით. ამით საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე სუბიექტს უფლება მიეცემა, დარწმუნდეს ხმის მიცემის სისწორეში და დაიცვას იმ ამომრჩეველთა ხმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამა თუ იმ სუბიექტს;

3. კანონში უნდა შეიცვალოს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში მოქმედი საუწყებათაშორისო  კომისიის ფორმირების წესი და მას უნდა ხელმძღვანელობდეს არა მმართველი პარტიის იუსტიციის მინისტრი, არამედ - დაუინტერესებელი და მიუკერძოებელი პირი, თუნდაც ეუთო-ს წარმომადგენელი, ხოლო წევრებად მიწვეული უნდა იყვნენ საარჩევნო მონიტორინგის განმახორციელებელი აკრედიტებული ორგანიზაციები; 

4. საარჩევნო კოდექსში უნდა გაუქმდეს ყოველგვარი უპირატესობა და შეღავათი, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უკავშირდება, კერძოდ, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური  თანამდებობის პირების სახელმწიფო ტრანსპორტითა და საკუთარი დაცვის წევრებით მონაწილეობა საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებში. 

ეს არის მინიმალური პირობები იმისათვის, რომ  ცოტათი მაინც გაუმჯობესდეს  დემოკრატიული არჩევნებისათვის აუცილებელი გარემო.

ვალერი გელბახიანი,

საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2008 წლებში

ჩაწერა სახელი