რეზონანსი
(02.08.2020)

მეცნიერთა კონგრესისა და პარტია „თეთრების" მიერ შემუშავებული პროფესიონალთა საპარლამენტო გუნდის შერჩევის კრიტერიუმები

პროფესიონალთა საპარლამენტო გუნდის სიაში ვერ მოხვდება, ვინც: მხარი დაუჭირა ქართული მიწის, სტრატეგიული ობიექტების, ეროვნული სიმდიდრის გაყიდვას;

მხარი დაუჭირა პასპორტიდან ეროვნების ამოღებას, რითაც, პრაქტიკულად, ეროვნება გაუთანაბრა მოქალაქეობას. .. მხარი დაუჭირა პასპორტიდან მამის სახელის ამოღებას და, პრაქტიკულად, უთვისტომოდ გვაქცია;

მხარი დაუჭირა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, ანუ ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტრადიციულ ფასეულობებს;

2005 წელს მხარი დაუჭირა განათლების კანონს, სადაც სიტყვა „მშობელი" ამოღებულია მაშინ, როცა ეს საერთაშორისო კონვენციაშია ჩაწერილი და სადაც განათლების უპირველეს ამოცანად მიჩნეულია: „ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება" და 2019 წელს მხარი არ დაუჭირა იმ შესწორებებს, რომლებიც მენციერებმა, მეცნიერებათა აკადემიამ შესთავაზა;

მხარი დაუჭირა საფინანსო და ეკონომიკური სისტემების ცენტრალიზაციას და უუფლებოდ დატოვა ქვეყნის რეგიონები;

მიიღო გადაწყვეტილება თბილისსა და ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლების დემონტაჟთან დაკავშირებით, შეეძლო მათი დაბრუნება, სადაც თავადან იდგა და არ დააბრუნეს;

ფინანსდებოდა ან ფინანსდება რუსეთიდან, სოროსიდან, პირადად ან მის პარტიას აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ფული;

მომთაბარეობს პარტიიდან პარტიაში, მისი „პატრონის" ჯერ ქებით მოდის პოლიტიკაში და მერე მისი ლანძღვით რჩება;

თანამშრომლობდა და თანამშრომლობს უცხოეთის სპეცსამსახურებთან (ვითხოვთ ლუსტრაციის კანონის მიღებას);

გამდიდრდა სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბდებოდა;

მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის თუნდაც ერთი ლარი.

პროფესიონალთა სიაში უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც:

აცნობიერებენ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის მნიშვნელობას;

აღიარებენ ქვეყნის ბატონ-პატრონად ხალხს და არა - ხელისუფლებას;

დაუბრუნებენ ხალხს რეფერედუმის გზით კანონის გაუქმების უფლებას;

მხარს დაუჭერენ დეპუტატის გამოწვევას, უარს იტყვიან დეპუტატის იმუნიტეტზე, ყოველგვარ პრივილეგიაზე, პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე;

იცხოვრებენ ხალხის ცხოვრებით და თანამდებობიდან წავლენ იმავე ქონებით, რაც გააჩნდათ მისვლის დროს;

აღიარებენ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების მიერ შემუშავებულ და ხელმოწერილ მოქმედების მანიფესტს - „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო"... სამოქმედოდ მიიჩნევენ მენციერთა მიერ შემუშვებულ ქვეყნის განვითარების კონცეფციას „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" და პროგრამულ დოკუმენტს „ახალი განზომილება - რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ";

იცავენ ყოველი ადამიანის ბუნებრივ, ანუ რეალურ კონსტიტუციურ უფლებებს: სიცოცხლის უფლებას; სიტყვის თავისუფლებას; საკუთრების უფლებას; მისწრაფებას უკეთესი ცხოვრებისკენ.

გუნდის წევრები უნდა იზიარებდნენ მეცნიერთა მიერ შემუშავებულ მომავლის საქართველოსთვის ბრძოლის ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას:

პირველი - განათლება და მეცნიერებაა სახელმწიფოს საძირკვლის უპირველესი ქვაკუთხედი;.

მეორე - მეწარმეობის დაცვა. დაცული მეწარმეა ქვეყნის ძლიერების ქვაკუთხედი. ხელისუფლებამ მეწარმე უნდა დაიცვას თავისუფალი და პატიოსანი, კონკურენტული გარემოს შექმნისა და შენარჩუნების უზრუნველყოფით;

მესამე - კულტურა და მეცნიერება, ეროვნული და პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი. სწორედ ოპტიმიზმი სჭირდება ნიჰილიზმით, პესიმიზმითა და სიძულვილით გაჯერებულ ქართულ სივრცეს;

მეოთხე - ქართული სოფელი, როგორც ქვეყნის უძველესი კულტურული ფენომენი.

საარჩევნო სიაში თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს:

საქართველოს ყველა რეგიონს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით; სასურველია - ყველა ქალაქსა და რაიონს; ქართულ დიასპორებს, რომელ ქვეყნებშიც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები; ყველა ეთნიკურ ჯგუფს; ყველა პროფესიასა და თაობას.

ეს გუნდი წინ უნდა აღუდგეს სეპარატიზმს, ნარკომანიის ლეგალიზებას, საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას სათამაშო ბიზნესში. უნდა აღკვეთოს საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობების შეცვლა, ჰესების უკონტროლო მშენებლობა, ბუნებაზე ზემოქმედების სხვა საშუალებები.

გუნდმა უნდა იბრძოლოს ველური საბანკო სისტემის წინააღმდეგ; ხელი შუწყოს სამეწარმეო სექტორის განვითარებას; უზრუნველყოს საშუალო ფენის სწრაფი განვითარება; საინვესტიციო პოლიტიკა დაუქვემდებაროს ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

უნდა იბრძოდეს იმისთვის, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, გარანტირებული სამედიცინო მომსახურება და განათლების მიღების თანაბარი უფლება.

ხელისუფლება, რომელიც ამ ბუნებრივ და კონსტიტუციურ უფლებებს ვერ უზრუნველყოფს, გადასაყენებელია იმპიჩმენტით. იმპიჩმენტის პროცედურაც გაადვილებული უნდა იყოს.

მიღებულია მეცნიერთა კონგრესის თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორის, გელათის, სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სესიების მოთხოვნათა გათვალისწინებით, 2020 წლის 17 ივლისს, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" ფონდის ოფისში გამართულ მეცნიერთა კონგრესის სამუშაო შეკრებაზე.

ტექნიკურ, ფილოსოფიურ, მედიცინის, ბიოლოგიურ, ეკონომიკურ, ისტორიულ, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ, მეცნიერებათა დოქტორები: ამირან აფციაური, რეზო ბალანჩივაძე, ჯუმბერ ბოლღაშვილი, რამაზ გახოკიძე, ანზორ თოთაძე, ჯუმბერ კოპალიანი, მანუჩარ მაჩაიძე, რამაზ ნამიჭეიშვილი, ლუარა ნიჟარაძე, ლევან ოდიშარია, გია სიგუა, ვახუშტი ფარცვანია, პაატა შავაძე, ვახში ჟვანია. გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პარტია „თეთრების" თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი.

ჩაწერა სახელი