რა პრინციპებზე დაყრდნობით იქმნება პროფესიონალთა საპარლამენტო გუნდი, ვინ ქმნის, ვინ შეიძლება იყოს მისი წევრი და ვისთვის არის დაკეტილი მისი კარები
რეზონანსი
(26.07.2020)

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის შესაძლებლის 7-10 პროცენტზე მეტის მოქმედებაში მოყვანა. ათწლეულებია, საქართველოში ბიუჯეტის 1 ლარი 15-25 თეთრის საქმეს აკეთებს. დამკვიდრდა პირადი ერთგულებით კადრების შერჩევის ავადმყოფური სისტემა, რომელიც ებრძვის ძლიერს და ხელისუფლებაში მოჰყავს სუსტი. ეს განაპირობა პოლიტიკის ქუჩაში გადატანამ. 30 წელია ქვეყანა ქუჩით იმართება და ხელისუფლებაში დომინირებენ ქუჩის პოლიტიკოსები.
შედეგად, პარტიებში არის პროფესიონალიზმის, წესიერების, ქვეყნისადმი ერთგულების და ზნეობის დეფიციტი. ხოლო პროფესიონალებს, ზნეობრივ ადამიანებს აქვთ პარტიების მიუღებლობა. ისინი ერიდებიან პარტიებთან თანამშრომლობას.
კანონმდებლობა მხოლოდ პარტიის წევრებს აძლევს შესაძლებლობას, იყვნენ ხელისუფლებაში. მწარე სიმართლეა, საქართველოში სუსტი ხელისუფლების არსებობა კანონმდებლობითაა გარანტირებული,
ზუსტია მეცნიერთა შეფასება, რომ ჩვენ ვიცნობთ ძალაუფლებისთვის მებრძოლებს და არ ვიცნობთ მათ. ვინც გაცილებით უკეთესნი არიან; გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ, მათ ვერ იგუეს ქუჩის პოლიტიკა. ამ ადამიანებს ხალხიც და ხელისუფლებაც ნაკლებად იცნობს.
პარტიებს გარეთ გაცილებით საინტერესო და საჭირო ხალხია!
სამწუხაროდ იმძლავრეს არაფრის შემქმნელმა, „ვიღაცის" მორჩილმა, უპრობლემო პოლიტიკოსებმა! ხოლო აკადემიური, დარბაისელი, თავისი საქმის პროფესიონალი არავის აინტერესებს!
დემოკრატიულ ქვეყნებში თუ პოლიტიკოსი 15-20 წელი ვერ აჩვენებს შედეგს, მას არ ირჩევენ. ე.ი. დემოკრატიულ ქვეყნებში არ ირჩევენ უცნობს, საქართველოში კი არ ირჩევენ ნაცნობს, ავტორიტეტულს.
ჩვენი პრინციპული პოზიციაა: ეჭვით შევხედოთ ვინც პარლამენტისკენ გარბის და შევეხვეწოთ მათ, ვინც ამისთვის არ იბრძვიან, მაგრამ საქმის კეთების დიდი რესურსი აქვთ.
დემოკრატიაზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სოფელსაც კი არ ენდობიან თავიანთი თავკაცის არჩევას და ზემოდან უნიშნავენ. ეს მახინჯი სისტემა უნდა შეიცვალოს. საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში, მთელ მსოფლიოში მიმობნეულ ქართველებში უნდა ვეძებოთ ქვეყნისთვის საჭირო ადამიანები. მათ შეუძლიათ სასწაულის მოხდენა; ისინი ხალხის წინაშე გრძნობენ პასუხისმგებლობას.
ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები - ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, ასლან აბაშიძის, მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებებში. ჩვენი ამოცანაა ასეთი ადამიანების ჩაყენება ქვეყნის სამსახურში.
დიდი მუშაობაა გასაწევი უცხოეთში მცხოვრებ სახელოვან თანამემამულეებთან მათი ქართულ პოლიტიკაში ინტეგრაციისათვის. გამოსაყენებელია დიასპორაში მათი დიდი ავტორიტეტი, კარგი ურთიერთობები იმ ქვეყნების მოსახლეობასთან და ხელისუფლებებთან.
ფაქტია, ხალხს არ უყვარს პოლიტიკოსები და კრიტიკულად არის განწყობილი მათ მიმართ, მაგრამ უბედურებაა, რომ პოლიტიკოსებს არ უყვართ, არ ესმით ხალხის. პოლიტიკოსებისთვის ხალხი საარჩევნო მასაა. ეს შეურაცხმყოფელია!
მართვის სისტემა შესაცვლელია. ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ჯანსაღ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროფესიონალებს, მორალურად სუფთა ადამიანებს.
მეცნიერებმა გააცნობიერეს, რომ მართვის სისტემაში ყველაზე არასაიმედო ელემენტია ადამიანი და უპირატესობას ანიჭებენ მდგრადი მართვის სისტემის შექმნას. ამის გაკეთება არ შეუძლიათ მოქმედ, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს.
პიროვნებაზე აგებული მართვის სისტემა მახინჯი სისტემაა, როცა: პარტიები ერთიანდებიან ვინმეს წინააღმდეგ და არა ქვეყნის ინტერესებისათვის; ქვეყნის ერთგულება ჩანაცვალებულია უფროსისადმი ერთგულებით; მყარდება ფულის ძალაუფლება; პოლიტიკოსებს ხალხის აზრი კი არ აინტერესებთ, არამედ უცხოელი პატრონების; ქვეყნის გარეთ პატრონებს ეძებენ და არა მეგობრებს; პოლიტიკური დაპირისპირება გადადის ბიოლოგიურ სიძულვილში.
გადარჩენა პროფესიონალებშია. ხალხის მიერ შერჩეულ, ზნეობრივ სუფთა და რწმენის ადამიანებშია და არა ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებულ გუნდებში. 30 წელია, ვხედავთ, ღარიბი უფრო ღატაკდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება. რეალურად მივიღეთ: ყალბი ეროვნული პათოსი, დემოკრატიის თამაში, სოციალური დემაგოგია და ელიტარული კორუფცია... ვცხოვრობთ სიყალბეში, ბატონობს პოლიტიკური მაფია.
ჩვენი სურვილია, შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მოგვცემს ხელისუფლებას მყვირალა, თვითმარქვია და ქუჩის პოლიტიკოსების გარეშე. შექმნის პროფესიონალთა საარჩევნო გუნდს, რომლის შემადგენლობა ხალხიდან წამოვა და ამ გუნდის ყველა წევრს ეცოდინება, რომ ის ხალხის და ქვეყნის წინაშეა პასუხისმგებელი და არა პარტიის, პოლიტიკოსის, თუნდაც, ხელისუფლების წინაშე.
საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს ქვეყნის ოქროს ფონდია. სწორედ ეს ხალხი უნდა იყოს წარმოდგენილი ხელისუფლებაში.
მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ერთად შევადგინოთ პროფესიონალთა საარჩევნო გუნდი. დავუჭიროთ მას მხარი არჩევნებზე. ამ გზით შევძლებთ საქართველოს მთავარი პარადოქსის - მდიდარ ქვეყანაში ღარიბად რომ ვცხოვრობთ, დაძლევას... ეს არის გზა, რომ ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.
ამირან აფციაური - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
რეზო ბალანჩივაძე - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯუმბერ ბოლღაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
რამაზ გახოკიძე - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
ანზორ თოთაძე - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ჯუმბერ კოპალიანი - ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი
მანუჩარ მაჩაიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
რამაზ ნამიჭეიშვილი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ლუარა ნიჟარაძე - ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი
ლევან ოდიშარია - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
გია სიგუა - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ვახუშტი ფარცვანია - ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი
პაატა შავაძე - სამართლის დოქტორი
თეიმურაზ შაშიაშვილი - გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. პარტია „თეთრების" თავმჯდომარე
ვახში ჟვანია - ფიზიკოს-კიბერნეტიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი

ჩაწერა სახელი