ლიკა გურაბანიძე
(22.10.2016)

"გირჩში" მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური სტაბილურობისთვის საარჩევნო სისტემის არსებითად შეცვლაა მნიშვნელოვანი. ეს ხელს შეუწყობს პარლამენტში პოლიტიკური გაერთიანებების ადეკვატურ წარმომადგენლობას, კერძოდ: გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები; შემოღებულ იქნას სრულად პროპორციული სისტემა ან ნაწილობრივ პროპორციული-ნაწილობრივ რეგიონულ-პროპორციული სისტემა; საარჩევნო ბარიერი დაწეული იქნას 1%-მდე.

"ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კახიანი საარჩევნო ბარიერის 1%-მდე დაწევის ინიციატივის მხარდაჭერას, რაზეც პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" საუბრობს, გამორიცხავს.

კახიანის შეფასებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემას აქვს ის უარყოფითი მხარე, როცა ისეთი "ჭრელი პარლამენტი" შეიძლება იყოს არჩეული, სადაც გადაწყვეტილებების მიღება გართულებული იქნება. კახიანის თქმით, სწორედ ასეთი "სიჭრელის" გამოსარიცხად არსებობს საარჩევნო ბარიერი.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, ახალ პოლიტიკურ ცენტრ "გირჩის" ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ფორმულის გამომუშავებაა საჭირო.

"დღეს არსებული 5%-იანი ბარიერი მაღალია. ამიტომ იყო საუბარი 4-მდე ჩამოწევაზე, შეიძლება 3-მდეც ჩამოიწიოს, თუმცა 1% მე ვფიქრობ რომ ძალიან ცოტაა. პარტიები შეისწავლიან ალბათ ამ საკითხს და შესაბამის ფორმულას გამოიმუშავებენ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორ ფიქრობთ, უნდა დაიწიოს თუ არა საარჩევნო ბარიერი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):  "ვფიქრობ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა საჭირო არ არის. პირიქით, პოლიტიკურმა პარტიებმა მუშაობა უნდა გააქტიურონ და მათი პროგრამა, თუ საქმიანობა საზოგადოების ინტერესთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს.

"საარჩევნო კულტურა უნდა გაიზარდოს, რათა ჩვენ რეალურ პოლიტიკურ ძალებსა და პიროვნებებს ვაძლევდეთ ხმას. საარჩევნო ბარიერის დაწევა ბავშვური თამაში მგონია. პარტიები ადეკვატურები უნდა იყვნენ იმ მოთხოვნების მიმართ რაც საზოგადოებას აქვს."

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი):  "არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიწიოს ბარიერმა, იმიტომ, რომ 1%-იანი ბარიერის მქონე პარტიები შემდგომი ოთხი წელი საქართველოს არ უნდა მართავდნენ. ბევრ პარტიაზე მწყდება გული ვინც პარლამენტში ვერ შევიდა, რადგან სხვადასხვა გუნდების პარლამენტში ყოფნა მისი გაჯანსაღებისთვისაა საჭირო, თუმცა პარტია რომელიც 1,5%-ზე მეტს ვერ აგროვებს ამ განცხადებას არც უნდა აკეთებდეს."

 

 

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "არ უნდა დაიწიოს, რადგან ვფიქრობ, რომ ის ციფრები, რაც ახლა გვაქვს, ოქროს შუალედია. პარტიებმა ბევრი არ უნდა ისაუბრონ, არამედ უნდა დაგვანახონ რას გააკეთებენ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ.

"1% ჩვენნაირი საზოგადოებისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. საარჩევნო ბარიერის ამ დონემდე ჩამოწევა მეტ პრობლემას შექმნის. ჩვენი პარლამენტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. პარტიებმა ხმის მიცემა უნდა დაიმსახურონ."

 

 ია ანთაძე (მედიაექსპერტი):  "საარჩევნო ბარიერის დაწევის პროცესი დაწყებულია. "ქართულმა ოცნებამ" ეს ვალდებულება 2020 წლისთვის აიღო და ბარიერის დაწევას 4%-მდე გეგმავს. ვფიქრობ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა საჭიროა, რადგან 4%-ის გადალახვა პარტიებს რეალურად შეუძლიათ. თუმცა მიმაჩნია, რომ 1%-იანი ბარიერი ძალიან ცოტაა."

ჩაწერა სახელი