ლიკა გურაბანიძე
(17.10.2016)

ბოლო დღეებში ინტენსიურად საუბრობენ იმაზე, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ზოგიერთი აწ უკვე ყოფილი წევრი შესაძლოა, მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნოს. ამას არც თავად "თავისუფალი დემოკრატები" გამორიცხავენ.

თუმცა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამას გამორიცხავს.

"ეს საკითხი არ განხილულა და ალბათ არც განიხილება. არ ვიცი, ვინ შემოიტანა აღნიშნული საკითხი მედიასივრცეში. რაღაც სკანდალური თემის შემოტანას ჰგავს. მე ერთხელ ვთქვი, რომ პარლამენტში კარგი თანამშრომლობა გვქონდა ვახტანგ ხმალაძესთან, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ასევე შევაქე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში თანამშრომლობის გამო ნოდარ ებანოიძე. ეს არანაირად არ ნიშნავს რომელიმე კანდიდატურის განხილვას რაიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ამის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ვოლსკიმ.

უნდა შესთავაზოს თუ არა "ქართულმა ოცნებამ" თანამდებობები აღმასრულებელ ხელისუფლებაში "თავისუფალ დემოკრატებს"? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გელა ნიკოლაიშვილი (იურისტი): "ვფიქრობ, რომ თუ რომელიმე პარტიაში მყოფი ყოფილი კონკრეტული პიროვნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქვეყნისათვის გამოსადეგი იქნება, რატომაც არ უნდა შესთავაზოს? არათუ "თავისუფალი დემოკრატების", ნებისმიერი სხვა პარტიის ყოფილი წევრის ხელისუფლებაში ყოფნის ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს პიროვნება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც ღირებული უნდა იყო."

 

 გია მურღულია (ფილოლოგი):  "ქართულმა ოცნებამ" თვითონ იცის თავისი საქმის, მთავრობაში ვის შესთავაზოს ადგილი და ვის არა. ანუ, მთავრობა არ გამორიცხავს იმას, რომ გამოიყენოს ყველა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია, რაიმე სარგებელი მოუტანოს ქვეყანასა და საზოგადოებას. ასეთ შემთვევაში პროფესიონალიზმზე აქცენტი მნიშვნელოვანია.

"თუ ადამიანს გონიერი კაცისა და სახელმწიფოს ერთგული ადამიანის რეპუტაცია აქვს, მას წარსულში რომელიმე პარტიის კუთვნილებამ ხელი არ უნდა შეუშალოს. ჩვენ კადრები ძალიან გვიჭირს და ხელისუფლება ამით სწორ არჩევანს გააკეთებს."

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც დიპლომატი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესია, როდესაც შემთხვევითი პარტიები ნელ-ნელა იშლებიან და პროფესიულ სფეროებში ინაცვლებენ.

"სახელმწიფომ მათი რესურსი უნდა გამოიყენოს, ეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება. ამ პარტიულ თამაშობანას კი თავი უნდა დავანებოთ.

"კი ბატონო, შევიდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, შეასრულონ თავისი საქმე და ემსახურონ ქვეყანას."

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი):  "აუცილებლად უნდა შესთავაზონ, იმიტომ, რომ უძლიერესი გუნდი სწორედ "თავისუფალ დემოკრატებს" ჰყავდათ. ასეთი მცოდნე და პროფესიონალი ადამიანები არ უნდა დაიკარგონ. ისინი საქართველოსთვის ყველაფერს გააკეთებენ. რაც უფრო მალე შესთავაზებენ თანამდებობებს, ეს ქმედება ქვეყანას მით უფრო სწრაფად წაადგება."

ჩაწერა სახელი
ლია (01.11.2016)
აღნიშნული ხუთეული ორმაგი სტანდარტიისაა, მაგათ საქმის გაკეთება, რომ სდომოდათ, სხვადასხვა დროს იყვნენ ხელისუფლებაში, თუმცა ღალატის გარდა ვერაფერი შესძლეს, ფულს დახარბებული ვაიპატრიოტები, მეცოდებიან, რა სასაცილოები არიან გაჟგიმულები, რომ დააბოტებენ!

lia (26.10.2016)
ასეთი ამაზრზენი ხუთეული, როგორებიც არიან ე.წ. თავისუფალი დემოკრატების ლიდერები, საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს!!!! დოლიძე-აბაშიძე და განსაკუთრებით ცაგარეიშვილი, სულით და ბუნებით ტიპური "გაეჩნიკი", არ არსებობს, ფუ, რა გულის ამრევები არიან!

ლი (17.10.2016)
ბ-ო კვაშალი, სამწუხაროდ ისევ სუბიექტური ხართ, უძლიერესი გუნდი ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს ნაციონალებს, მაგრამ თქვენ და თქვენისთანები, ხომ სწორხაზოვნად აზროვნებთ!!!!!!!