ნინო ქეთელაური
(13.10.2016)

"რეალური, ნამდვილი, სერიოზული, ევროპული, კლასიკური ტიპის" პარტიის ჩამოყალიბებას, "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა აუცილებლად მიიჩნევს.

მისი თქმით, ამ ვითარებაში სხვადასხვა პარტიაში გაფანტული რესურსის მოგროვება უნდა მოხდეს.

"ასეთი ტიპის სერიოზული პარტიის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ პარტიული მსხვერპლი ამ პროცესისა და შევეწიროთ ამ მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას სხვებთან ერთად, თუ იქნებიან ამის მსურველები," - განაცხადა შარტავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ თემაზე კონსულტაციები ერთ-ორ პოლიტიკურ ძალასთან მას უკვე ჰქონდა.

რამდენად რეალურია პარლამენტის გარეთ დარჩენილი პროდასავლური პარტიების გაერთიანება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიშა მშვილდაძე  (პროდიუსერი): მე ვფიქრობ, საკმაოდ რეალურია და აუცილებელიც არის. რაც მთავარია, პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ველშია გაჩენილი. არჩევნების შემდეგ უკვე შესაძლებელია, ზუსტი შეფასება მიეცეს ქართულ პოლიტიკურ მოღვაწეობას და ამის მერე დაიგეგმოს ახალი. პრინციპში, რაც ამ არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, მე ვფიქრობ, ასეთი გაერთიანება დროულიც არის.

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ჯანსაღი პროცესია, რაც პოლიტიკას ახასიათებს. დემოკრატიული საზოგადოებისთვის ამაში არაფერია მიუღებელი. თუკი შეიქმნება ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, არ არის გამორიცხული, ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ და რაც მეტი მოაზროვნე ძალა იქნება, მით უკეთესი. ჩემი აზრით, გაერთიანების პროცესიდან საზოგადოებაც მხოლოდ მოგებული დარჩება. მთავარია, ამას არ ახლდეს ავანტიურა და პროვოკაცია.

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  ეს ნომერი უკვე აღარ გავა. თავის დროზე, როდესაც ეს ბიძინა ივანიშვილს სჭირდებოდა (თუმცა ამას მარტოც მოახერხებდა), რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დაპირისპირებოდა, მაშინ იყო პარტიების გაერთიანების აუცილებლობა. მაგრამ დავინახეთ, რომ ეს პარტიები ცალკე ვერ შევლენ პარლამენტში. აქედან გამოდინარე, გასაგებია, რომ მას უნდა გაერთიანება. გამოიკვეთა, რომ რეალურად არის ორი ძალა, მესამე შესუსტებულია, მაგრამ ისიც ჩანს, დანარჩენი პარტიები კი ვხედავთ, რა დღეშიც არიან. ჯერ კიდევ ვნახავთ სხვა პარტიების დაშლის თუ გადასხვაფერების პროცესებს. ამიტომ, ამ გაერთიანებებზე საუბარი ნაადრევია. ისიც არ ვიცით, რომელი პარტია დარჩება და ვინ სად წავა. ნუ დაგვავიწყდება, რომ წითელი მაიმუნის, ცეცხლის სტიქიის წელიწადია, რომელიც უამრავ მოულოდნელ ცვლილებას შემოიტანს. ამიტომ დღეს ეს გამოსვლა, აბსოლუტურად უდროოა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარტიები თავად ვერ გარკვეულან საკუთარ თავში და მეორეც, გაერთიანება ახლა, როდესაც წაგებულია თამაში, არაფერის მომცემია.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): რატომაც არა. ისინი პარლამენტის გარეთ იქნებიან და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. ძალიან კარგი ინიციატივაა. საერთოდ, რაც მეტი გამოცდილი პარტია გაერთიანდება, უკეთესია. რეზულტატიც ძალიან კარგი იქნება. მე მივესალმები.

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ასეთი გაერთიანება არარეალურია, მაგრამ თუკი ევროპული ტიპის გაერთიანება შეიქმნება, აქ უნდა იყოს ახალი სახეები და მაშინ დაიჯერებს ხალხი. ახლა ვინც არ უნდა მოინდომოს, ამათ ეს არ გამოუვათ. მე ამას რიგითი ამომრჩევლის პოზიციიდან ვამბობ.

ჩაწერა სახელი