ლიკა გურაბანიძე
(12.10.2016)

"არჩევნების შედეგებს მივიღებთ, მაგრამ დაგვიმტკიცეთ, პატივცემულო ხელისუფლებავ, რომ ეს არჩევნები არ იყო გაყალბებული, რომ ჩვენი ხმები არ არის გადალაგებული ბათილ ბიულეტენებში," - ამის შესახებ ნათქვამია "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს გაურიგდნენ და ორივემ გადაინაწილა სხვა ოპოზიციური პარტიების ხმები. ამასთან, პარტიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესატანად მომზადებული აქვს საჩივრები, რითაც ხმების გადათვლასა და შედეგების კორექტირებას ითხოვენ.

"დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენი ხმები არ არის გადალაგებული ბათილ ბიულეტენებში, "ოცნებისა" და "ნაციონალების" დასტებში და ზოგ შემთხვევაში, სხვა პარტიების დასტებში და თუ ეს ასე არ აღმოჩნდა, ჩვენ მოგილოცავთ გამარჯვებას და გავაგრძელებთ საქმიანობას იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩამოვაყალიბებთ უკვე არსებული რეალობის შემდეგ," - ნათქვამია განცხადებაში.

გჯერათ თუ არა, რომ "ართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გარიგება მოხდა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 გოგი თორაძე  რეჟისორი): რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, ყველა სხვადასხვა პარტიის გარიგებაზე საუბრობს, თუმცა ამის დასამტკიცებლად ფაქტებია საჭირო. ყველა ისეთ საკითხზე საუბრობს, რომ ამის დაჯერება უკვე აშკარად შეუძლებელია. თუ მათ რაიმე ფაქტი აქვთ, მაშინ დადონ, რომ ჩვენც დავინახოთ. ამაზე ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს. სიტყვებს რეაქტიული თვითმფრინავივით უშვებენ, რასაც უნდათ, იმას ამბობენ, რომ ტელევიზიასა და პრესაში სკანდალი შექმნან.

 

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): ამის არავის სჯერა და ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. რა თქმა უნდა, გარიგებას ადგილი არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს გაბრაზებულ გულზე ნათქვამი სიტყვებია. ეს საინტერესოც აღარაა.

 

 

 

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ამ წლების განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებით დამიგროვდა, პირადად მე მეჩვენება, რომ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გარიგება მართლა მოხდა. როგორი პროპორციებით მოხდა მათ შორის ხმების გადანაწილება, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დღეს საქართველოში "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების 27% სასაცილოა. მათი მონაცემები მინიმუმ 10%-იათაა გაზრდილი. ამ შედეგს "ნაციონალური მოძრაობა" მარტო ვერ გააყალბებდა, აქედან გამომდინარე ეჭვი ჩნდება.

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): რა თქმა უნდა, არავითარი გარიგება არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" მრავალი კუთხით სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ბურჯანაძის პარტიის კომენტარს რაც შეეხება - ეს არასერიოზული და არაადეკვატურია.

 

 

 

 ნინო ჩხობაძე (ეკოლოგი): ეს ყველაფერი ცოტა გაუგებარია და პრინციპში ჯერ კიდევ გასაანალიზებელია, თუ რა მოხდა ამ არჩევნებზე. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ ფაქტოვრივად მხოლოდ სამი პარტია შევიდა პარლამენტში. მე, როგორც მოქალაქე, გარედან ვუყურებ ამ პროცესებს და შიგნით რა ხდება, არ ვიცი.

ჩაწერა სახელი