რეზონანსი
(13.06.2024)

ჟურნალისტი ვახო სანაია ბიძინა ივანიშვილის მიერ საერტაშორისო აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უძველესი ქართული ხელნაწერის შეძენასთან დაკავშირებით საზოგადოების დადებით შეფასებებს ეხმიანება და მათ საპასუხო ავრცელებს ვიდეოს და ტექსტს, რის გამოც, როგორც სანაია ამბობს, ოლიგარქი ციხეში უნდა იჯდეს.

„რადგან უტიფრად გვჩრიან ივანიშვილის ქველმოქმედებისა წარსულზე გადამკვდარი მოღვაწის ზღაპრებს, შეგახსენებთ, რომ სწორედ ისტორიაა ის, რის გამოც (არა მხოლოდ ჩემი აზრით) ის ციხეში უნდა იჯდეს.

„გავიხსენოთ, როგორ ააფეთქეს ხუთი ათასი წლის ისტორია საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე.

ავტორიტეტულმა უცხოურმა სამეცნიერო წრეებმა დაადასტურეს, რომ იქ ხუთი ათასი წლის წინ ოქროს მოპოვების მთელი პროცესი არსებობდა. წარმოიდგინეთ, ეს ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ხუთი ათასი წლის წინ. ეს უძველესი მაგალითი იყო მთელ მსოფლიოში. უფრო ძველი, ვიდრე ეგვიპტეში.

დაარღვიეს ყველაფერი. ძეგლს მოუხსნეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და ბოლოს უბრალოდ ააფეთქეს.

დანაშაულის მთელი ჯაჭვია. ჩართული იყო არაერთი თანამდებობის პირი. ჩადენილია სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული. აღარაფერს ვამბობ დანაშაულზე ისტორიის წინაშე.

მატერიალური სარგებლის მიზნით, ერთი დირიჟორის ბრძანებით, ჰაერში აწიეს უძველესი ისტორია – მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი.

ვინ არ გამოხატა პოზიცია, ვინ არ დაგმო ფაქტი – ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მედია, პრეზიდენტი, პატრიარქი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

როგორც ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფო” ანადგურებდა ისტორიულ ძეგლებს, ზუსტად ასე მოექცნენ საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურულ მემკვიდრეობას” – წერს ვახო სანაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე