რეზონანსი
(09.02.2023)

ბათუმის საკრებულოს წევრი ლაშა კილაბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა. მან საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. პოლიტიკურად აქტიური კილაბერია ახლა ამერიკაში კურიერად მუშაობს და ირწმუნება, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდება.

კილაბერია მეგობრებთან ერთად ჯერ პოლონეთში წავიდა, სადაც ორი თვე დაყო, იქიდან კი - აშშ-ში.

„სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის პაატა აციმბა, ლაშა ჩხარტიშვილი და ვანო გაბუნია. პაატა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსია, ლაშაც ასევე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა. 

ვიცდიდით, ვფიქრობდით, რომ ჩაწყნარდებოდა სიტუაცია, მაგრამ როცა არაფერი შეიცვალა, გადავწყვიტეთ ამერიკაში წამოსვლა. არც ვიზა გვქონდა, არც „მწვანე ბარათი“, წამოვედით ისე, როგორც ბევრი ქართველი მოდის – მექსიკის სახიფათო გზა ვარჩიეთ.

მე აქ არ წამოვსულვარ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ადამიანების უმრავლესობა ზეწოლის გამო მოდის აქ, მე მომიწია იძულებით წამოსვლა“, – ამბობს ლაშა.

ის ამერიკაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. „ახლა ველოდებით სასამართლოს და ვნახოთ რა იქნება“, – განუცხადა "ბათუმელებს" ყოფილმა დეპუტატმა.

კილაბერია თავის ემიგრანტობას მხოლოდ და მხოლოდ სუს-ის ზეწოლას უკავშირებს და არა ენმ-ში მომხდარ განხეთქილებას. ნაწილობრივ უარყოფს იმასაც, რომ ლევან ვარშალომიძეს ფრაქციის თავმჯდომარედ არ სურდა მისი კანდიდატურა.

„იყო რაღაც, მაგრამ ამ თემამ გაიარა უკვე, აღარ ვეხები ამ თემას. მე საკრებულოს 14-ვე წევრმა მომცა ხმა, მაგრამ შემდეგ, ვინ როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია.

ყველა ფეხის ნაბიჯზე დაგვდევდნენ, გვითვალთვალებდნენ, გვისმენდნენ, ყველა აქციაზე, მშვიდობიანი იყო თუ რაიმე პერფორმანსს ვაკეთებდით, ყველგან ყოველთვის ჩვენ გვიჭერდნენ.

პარტიის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო ნიჰილიზმი ნამდვილად არ გამჩენია და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ სხვა ადამიანები გამოვიყვანოთ ნიჰილიზმიდან“, – გვეუბნება ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი.

მისი თქმით, ამერიკაში ჩამოსული „აქ არავინ ხარ“, ახალდაბადებულივით ხარ ადამიანი და ცდილობ ცხოვრება თავიდან ისწავლო.

„არც პატრონი გყავს, არც ახლობელი, ჩვენ ოთხი ადამიანი ვართ ერთმანეთისთვის ყველაფერი. რა თქმა უნდა, ენის ბარიერი გვაქვს და ნელ-ნელა ვსწავლობთ, ვმეცადინეობთ, რადგან ენის გარეშე ვერაფერს იზამ აქ, მართვის მოწმობა უკვე ავიღე და შევძლებ მოძრაობასაც. ამ ეტაპზე მიტანის სერვისში ვმუშაობ კურიერად და ასე გამაქვს თავი.

ბინის შოვნა ძალიან რთულია უსაბუთო ადამიანისთვის, ამიტომ სანამ რამეს ვიშოვიდი, მეგობრებთან ვიყავით გაჩერებული. ახლა ოთხივე ერთ ბინაში ვართ", - განაცხადა კილაბერიამ

წყარო: ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე