რეზონანსი
(25.11.2022)

მთელი ქვეყანა შეძრა თერჯოლის ცენტრში, მაღაზიაში მომხდარმა შემზარავმა დანაშაულმა, სადაც თამილა ლილუაშვილი მენეჯერად მუშაობდა. იგი სამსახურში, თავის კაბინეტში საქმეს აკეთებდა, როცა მოულოდნელად ოთახში მისი ყოფილი ქმარი, ლევან ზვიადაძე შეიჭრა. მან ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა, ოთახში გამოკეტა და ცეცხლი წაუკიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდა ქალს ოთახიდან გამოსვლის საშუალება არ მისცა და წამებით გარდაიცვალა.

„თამილა არაჩვეულებრივი, უპატიოსნესი, უკეთილშობილესი გოგო იყო, უპატიოსნეს ოჯახში აღზრდილი, საოცარი ადამიანი, შვილებზე ზედ გადაყოლილი დედა. მეუღლესთან გაცილებული იყო და ყველაფერს აკეთებდა მისი შვილების კარგი მომავლისთვის. ბავშვები სასკოლო წრეებზე დაჰყავდა, თვითონაც უმაღლესი განათლება ჰქონდა, ინგლისური ენის პედაგოგია და ბავშვებსაც ამზადებდა.

მისი მეუღლე, ლევან ზვიადაძე, წყალტუბოს სოფელ ბანოჯადან არის. ლევანის დაც ჩვენი უბნის რძალია. თითქმის ერთ ეზოში ცხოვრობენ თამილა და ის გოგო, ერთი ღობე ჰყოფთ. ლევანის სიძე, დის ქმარი თამილას ნათესავია. ერთი საბიძაშვილოა. ლევანის სიძის ხელში, მის თვალწინ არის თამილა გაზრდილი. ამ ოჯახებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ სულ. ლევანი დასთან დადიოდა და იქ გაიცნო თამილა. ბავშვობაში კარგი ბიჭი იყო, ახლა რამ გააგიჟა ასე, ვერ გეტყვით.

რა ჰქონდა საეჭვიანო? ოჯახზე გადამკვდარი გოგო იყო, მზრუნველი ცოლი. სიყვარულით დაქორწინდნენ, რამდენიმე წელი იცხოვრეს ერთად. ორი გოგონა ჰყავთ. თამილა წყალტუბოში, ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა. იქაც ყველა დიდ პატივს სცემდა, ძალიან კარგად უძღვებოდა ოჯახს. ბავშვები ისეთი კარგები ჰყავს, ისინი როგორ არ შეეცოდა.

როგორც ვიცი, ლევანი ცოლზე ძალადობდა, სცემდა, ამის გამო დაჭერილიც იყო, მაგრამ როგორც მახსოვს, გირაოთი თუ საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს. თამილა თავისი ორი ბავშვით დაბრუნდა თერჯოლაში, მშობლების სახლში. ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, ძალიან გახდა ნერვიულობისგან, ახლა ცოტა დამშვიდებული იყო თითქოს, მაგრამ, როგორც ვიცი, ლევანი არ ისვენებდა, სულ აწიოკებდა გოგოს. თამილა ყოველ მეორე დღეს მუშაობდა და ამ ზაფხულს სულ აკითხავდა სამსახურში. არ ვიცით, ეს ბიჭი რამ გააგიჟა ასე. რამეს იკეთებდა, ეწეოდა მოსაწევს, თუ რა ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, აგრესიული იყო. ასე სასტიკად მოკლა გოგო...

როგორც ვიცი, შესულა მაღაზიაში, მენეჯერი იყო თამილა და ოთახში გამოუკეტია, იქ შეასხა ბენზინი. ხალხი იმდენად შოკირებულია, უცებ ვერც გაიგეს, რა მოხდა. თამილას ბიძაშვილის ცოლიც იმ მაღაზიაში მუშაობს, სალაროსთან იყო. მერე ყველა შეეცადა გოგოს დახსნას, მაგრამ წამებში აფეთქდა და ვერ დაიცვეს, ვერანაირად.

საშინელი ამბავია, უდიდესი ტრაგედია. წარმოიდგინეთ, ახლა რა მდგომარეობაშია მისი ოჯახი, ლევანის სიძის ოჯახიც. ორი ბიჭი ჰყავს იმ დასაც. თამილას დედას თავიდან ვერ უთხრეს, რომ ეს საშინელება ლევანის ჩადენილი იყო და ეგონა, რაღაც აფეთქდა მაღაზიაში. წუხელ, ღამის 3 საათზე, ჩვენი უკარგესი გოგო სახლში დამწვარი და დანახშირებული მიასვენეს. ასეთი გამწარება არ ვიცი, ასე რამ გააგიჟა, რამ გააბოროტა? ის როგორ უნდა გადარჩეს?

მისი სიძე, დის ქმარი კლინიკაში გაგიჟებული მისულა და ექიმებისთვის უთქვამს, ხელი არ გაანძრიოთ მის გადასარჩენად, ჯობია მოკვდეს, რომელ მკურნალობაზე და გადარჩენაზეა ლაპარაკიო, გაანადგურა ოჯახი. იმ ოჯახმა რა დააშავა? არაჩვეულებრივი ადამიანია ეს სიძე, როგორ იცხოვრონ ასეთი გამწარებული ოჯახის გვერდით?" - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე