რეზონანსი
(11.11.2022)

"სამშობლო ჩემნაირი მშივრების ქვეყანაა, ალბათ რამდენი ბაღანეა ჩემსავით მშიერი, ეს არის სამშობლო ჩემთვის", - ეს სიტყვები 14 წლის ქობულეთელმა სერგი თურმანიძემ თქვა, ობოლმა ბიჭმა, რომლის უმძიმესმა ისტორიამ ამ დღეებში მთელი სოციალური ქსელი მოიცვა და ყველა ამ ბიჭის ბედზე აალაპარაკა. მისი ცრემლები და ხმა, ალბათ ბევრ ადამიანს ახლაც არ ამოსდის გონებიდან....

როგორ ირკვევა, ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე დღესვე, მის სახლში კეთილი ადამიანები პროდუქტებით დატვირთულები მივიდნენ. სერგი და მისი ოჯახი ხალხმა გაახარა, რადგან თანხა ანგარიშზეც საკმაოდ ჩაირიცხა. დახმარება გამოყო აჭარის მთავრობამაც. ორი დღის შემდეგ, როცა სერგის დავუკავშირდი ძალიან გახარებული იყო.

"მადლობა ყველას დახმარებისთვის, ახლა უკვე ყველაფერი მაქვს, საჭმელიც და მეტი რა უნდა ვთქვა. ისიც არ ვიცი, ის ქალბატონი (იგულისხმება სიუჟეტის ავტორი) ჩემთან ვინ გამოგზავნა.

მე ვცხოვრობ გორგაძეებში და სკოლაში აქ დავდივარ. მყავს 13 წლის და, 4 წლის ძმა და დედა. მამა როცა ცოცხალი იყო, მთელ თანხას ჩვენს საჭმელში ხარჯავდა. გული სტკიოდა, წამლის ფულსაც საჭმელზე ხარჯავდა. დიდხანს იწვა საავადმყოფოში და იქ გარდაიცვალა. დავრჩით მარტო. ამის მერე გამიჩნდა საფიქრალი, ყველაფერი გვენატრებოდა, მამას გარდაცვალების მერე ყველაფერი ცუდი და ცუდი იყო. ბევრჯერ დამიძინია მშიერს, მამა რამეს ახერხებდა, ნერვიულობდა სახლის პირობების გამოც.

არ ველოდი, რომ ამდენი ხალხი დამეხმარებოდა, მადლობა ყველას. შარშან ახალი წელი რომ მოდიოდა, ჩემს ბიცოლას ვთხოვე დაეწერა "ფეისბუკზე", რომ ვინმეს ჩვენთვის საახალწლოდ ტკბილეული მოეტანა. მაშინ ბიცოლამ ანგარიშის ნომერი დადო, სულ 203 ლარი შემოვიდა, აქედან 200 ლარი მარი კაპანაძემ ჩარიცხა. მაშინ ვიდეოც ჩავწერე და მას მადლობა გადავუხადე. ახლა რაც მოხდა, ამას არ ველოდებოდი, ახლა საჭმელი ბევრი გვაქვს. მოდიან ადამიანები და მოაქვთ საჭმელი, ფულსაც გვჩუქნიან.

ალბათ ავისრულებ სურვილს და სახლსაც ცოტას მივხედავ, ფული თუ დაგვრჩა, ავეჯსაც შევიძენთ, მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა. სულ იმაზე ვდარდობდი, რა მიმეტანა სახლში, რადგან არ გვქონდა საჭმელი.

რომ გავიზრდები, მინდა მეზღვაური გამოვიდე. ალბათ ავისრულებ ამ სურვილსაც.

ახლა საჭმლის მარაგი გვაქვს და დიდი მადლობა. ჩემმა კლასელებმა და მასწავლებლებმა ტელევიზიით ნახეს ეს ვიდეო და მითხრეს, რატომ არ გვითხარი, საჭმლით ჩვენც დაგეხმარებოდითო. არ იცოდნენ ჩემს პირობებზე, რადგან ამაზე მე ხმამაღლა არ ვსაუბრობდი. ბევრი რამ შეიცვალა ამ დღეებში ჩემს ცხოვრებაში, საკვების პრობლემა აღარ არის და ეს ყველაზე დიდი შვებაა ახლა ჩვენთვის. ჯართს იმიტომ ვაგროვებდი, რომ პური არ გვქონდა. მეზობლებსაც ვეცოდებოდით და ისინიც შემოგვაწვდიდნენ ხოლმე საჭმელს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" სერგიმ.

სერგის დახმარების მსურველებს შეუძლიათ ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა:

მიმღები 61004031012, ირაკლი თხილაშვილი GE87BG0000000528034458

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე