რეზონანსი
(31.08.2022)

ახალ სატელევიზიო სეზონს "რუსთავი 2"-ზე, რამდენიმე ახალ შოუსთან ერთად, "ოჯახობანაც" შეემატება. გასართობ შოუს აჩიკო სოლოღაშვილი წაიყვანს. მისი კანდიდატი შოუს პროდიუსერმა, სოფო ბანძავამ და არხის გენერალურმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა ერთდროულად დაასახელეს. 

მსახიობი და ტელეწამყვანი, "სხვა შუადღესთან" 11 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, მალე ახალ გამოწვევას შეეჭიდება და როგორც პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს სიახლე სიამოვნებას ანიჭებს.

აჩიკო სოლოღაშვილი: "სხვა შუადღეშიც" დადგა ახალი სიცოცხლის დრო და ჩემთანაც. 11 წელი არ არის ცოტა ერთ გადაცემაში ყოფნისთვის. ახალი ეტაპის დროა. სისხლის გამოცვლა საჭიროა, მთავარია, ეს ცვლილება არხს წაადგეს.  

გეტყვით, რომ ძალიან მხიარული, ძალიან ოჯახური, თბილი და თავისთავად, პოზიტიური გადაცემა იწყება. მსგავსი გადაცემა ქართულ ტელესივრცეში ბევრი არ არის. 

ორი ოჯახი ეჯიბრება ერთმანეთს. ცნობილი და არა ცნობილი ოჯახების სახალისო შეჯიბრის ყურება ძალიან გაგართობთ. 

მარტივად რომ ავხსნა, უფროსებს დავუსვამ ბავშვურ კითხვებს და ბავშვებს - დიდურ კითხვებს. თაობების ბრძოლა გაიმართება. საინტერესო იქნება სიტყვების განხილვა. მე ვასახელებ ძალზე სპეციფიკურ სიტყვას და მიდის მისი განხილვა, ოჯახები განმარტავენ, რა ჰგონიათ ამ სიტყვის მნიშვნელობა. ახალ თაობაში, კომპიუტერულმა თამაშებმა ტერმინები დაამკვიდრა, რომელიც დიდებმა სულ არ ვიცით. ასე რომ, ხალისი გველის. მე ვიქნები ძალიან სახალისო განხილვის მხარეს. 

წყარო: prime time

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე