რეზონანსი
(09.05.2022)

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა, 24 წლის ტატო მურუსიძე დაიღუპა. მისი ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავა, "კვირის პალიტრას" უამბობს:

„მინდა, რომ ეს სიზმარი იყოს, გავიღვიძო და ვიღაცამ მითხრას, დამშვიდდი, ცუდი სიზმარი ნახეო. ცუდად ვართ ყველა, ვინც მას ვიცნობდით. იმიტომ, რომ ტატოსნაირები ცოტანი არიან. მართალია, გარდაცვლილზე ხშირად ვამბობთ, რომ კარგი ადამიანი იყოო, მაგრამ ტატოს მიმართ მხოლოდ ამიტომ არ ვამბობ ასე. ბიჭი ობოლი იყო, 5 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, ჯერ მამამისი ვერ მოგვინელებია და ახლა თავად წავიდა. სულ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში - ასე რატომ მოხდა, რატომ? ის დედამ და ბებიამ გაზარდეს და გაზარდეს საუკეთესო ადამიანად. იცით, როგორი იყო? თვალებში რომ შემოგხედავდა და ამით ხვდებოდა, რაიმე პრობლემა თუ გქონდა, მერე აუცილებლად ჩაგეკითხებოდა, რაც გჭირდა და დახმარებასაც შემოგთავაზებდა, როგორც შეეძლო. მითხარით, ასეთები ბევრნი არიან?!

ემიგრაციაში ტატოს დედა იყო სამუშაოდ წასული. ბიჭი დედის მოსანახულებლად გერმანიაში რამდენჯერმე ჩავიდა და უკანვე დაბრუნდა. ბოლოს, როგორც ვიცი, საერთოდაც წავიდა. საღამოს, შინდაბრუნებულ დედამისს შვილი გარდაცვლილი დახვდა. ამ ეტაპზე, გარდაცვალების მიზეზიც კი არ არის დადგენილი, ექსპერტიზა არ ჩატარებულა ჯერჯერობით. თანაგრძნობის სიტყვები არ მყოფნის, იმიტომ, რომ ასეთი სიტყვები არ არსებობს. ამ შემთხვევაში დედას რა უნდა ვუთხრა? ალბათ ერთადერთი ის, რომ მას საუკეთესო შვილი ჰყავდა..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე