
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ დოლართან მიმართებით ლარის კურსის ასეთ ნიშნულზე შენარჩუნების პირობებში კომისიას ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა მოუწევს.
მისივე თქმით, ახლა ლარის კურსი დოლართან მიმართებით მყარია, თუმცა კომისიამ ტარიფი რომ შეცვალოს, წლის ბოლოს ზრდის მიმართულებით ცვლილება მაინც მოუწევს.
„თუ კომისია ვალუტის კურსის [ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით] გაუფასურების შესაბამისად ტარიფებს შეამცირებს, შემდეგ ვალუტის კურსის ცვლილების გამო ისევ ზრდა მოუწევს. ვალუტის კურსის ცვლილებით თუ კომპანია უფრო მეტ თანხას აგენერირებს, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ თანხას ჩვენ სახლში გავატანთ. ეს ასე არ ხდება, ეს თანხა მათ აუცილებლად დაუკორექტირდებათ. იცით, რომ ელექტროენერგიის გადასახადის კორექტირებას უფრო მოკლევადიან პერიოდში ვაკეთებთ. განაწილების ტარიფი კი ხუთწლიან პერიოდზეა დადგენილი, მაგრამ მიწოდების კომპონენტს წელიწადში ერთხელ ვაკორექტირებთ. ამიტომ, წლის ბოლოს ის აუცილებლად დაკორექტირდება",-განაცხადა ნარმანია გადაცემა „წერტილში"
წამყვანის კითხვაზე თუ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება, შემცირდება თუ არა ელექტროენერგიაზე ტარიფი. სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში მარეგულირებელი კომისია ტარიფს გადახედავს.
"„რ გამოვრიცხავ, რომ თუ ეს კურსი შენარჩუნდება კომისიამ ტარიფს გადახედოს. წლის ბოლოს გვიწევს ამ ტარიფის კორექტირება და ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოებაც დაწყებულია. კომისია ტარიფების დადგენის დროს ვალუტის კურსს ითვალისწინებს, თუმცა ყველა სექტორი ვალუტის კურსის მიმართ ერთნაირად სენსიტიური არ არის. ვალუტის კურსი ყველაზე მნიშვნელოვანი გაზის ტარიფის მიმართ არის, ვინაიდან ფაქტობრივად 100%-ით იმპორტირებულ გაზი გვაქვს. შესაბამისად, კურსის ცვლილება მის ფასზე აისახება. ყველაზე ნაკლები გავლენა კურსს წყლის სექტორზე აქვს. ის მხოლოდ მასალების იმპორტისას აისახება, რასაც კომპანია საინვესტიციო ნაწილში ასახავს",- დასძინა ნარმანიამ გადაცემაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



