რეზონანსი
(28.07.2023)

დღეს უკვე ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია საქართველოსთვის სატრანსპორტო დერეფანი საბოლოოდ კომპლექსურ ეკონომიკურ პროექტში გადაიზარდოს, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის მულტიმოდალურ ჰაბად ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

ეკონომისტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტს შეეხო და განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეკონომიკის დივერსიფიკაციის ერთ-ერთ წამყვან ვექტორად, ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდა არის მიჩნეული.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა" - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი ჩინეთის გეოპოლიტიკის სტრატეგიული კონცეფციის ნაწილია და „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა" და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის" შემოკლებული სახელწოდებაა. სიმბოლურია, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის- „ერთი სარტყელი, ერთი გზა" ინიციატივა დროში ემთხვევა მართველი პარტია „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს და ამდენად საქართველოს პრემიერის ჩინეთში უმაღლესი დონის ვიზიტი, დახვედრის ცერომონიალით მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვასაც იღებს.

ზოგადად „ერთი სარტყელი, ერთი გზა" გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას, რაც ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობას, ღია თანამშრომლობას, საბაზრო ორიენტაციას, საერთო ინტერესებს და სარგებელს.

ამასთან, „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივა თავსებადია აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფანთან, რადგან თუ ერთმანეთს შევადარებთ „აბრაშუმის გზის სატრანსპორტო დერეფნის, იგივე TRACECA-ს და „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის" „ცენტრალური აზია-დასავლეთ აზიის ეკონომიკურ დერეფნის" პროექტებს, პირველი პროექტის ინიციატივა წამოვიდა ევროკავშირიდან ხოლო მეორე, როგორც ავღნიშნე ჩინეთიდან. თუ TRACECA გამოკვეთილად სატრანსპორტოა, „ერთი სარტყელი - ერთი გზის" პროექტი გაცილებით კომპლექსურია, რადგან ტრანსპორტის გარდა ეკონომიკის სხვა დარგებსაც მოიცავს.

დღეს უკვე ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია საქართველოსთვის სატრანსპორტო დერეფანი საბოლოოდ კომპლექსურ ეკონომიკურ პროექტში გადაიზარდოს, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის მულტიმოდალურ ჰაბად ჩამოყალიბებას, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის რეგიონალური პროექტიც, აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან ერთად სწორედ საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი - ცენტრალური აზია-ევროპის ეკონომიკური დერეფნის ნაწილი ხდება.

ჩინეთში პრემიერის ვიზიტს, რომ დავუბრუნდეთ ამ ვიზიტს დროში დამთხვევის თვალსაზრისითაც, უმწვავესი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ მნიშვნელობაზე მიუთითებს დახვედრის საზეიმო ცერემონიალიც, და თავად ჩინეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ იმისად მიუხედავად თუ როგორ არ უნდა განვითარდეს გლობალური პროცესები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება და მეტიც, მისივე განცხადებით, ჩინეთში პრემიერის ვიზიტისას გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს კი ნიშნავს, რომ ამ მეტად ტურბულენტურ მსოფლიოში, ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. აქვე დავამატებ, რომ ჩინეთს არასდროს ეჭქვეშ არ დაუყენებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თუნდაც საკუთარი სეპარატისტული რეგიონებიდან გამომდინარე, ყოველთვის ამ სტრატეგიის მხარდამჭერი იქნება.

შემთხვევითი არ არის, რომ ეკონომიკის დივერსიფიკაციის ერთ-ერთ წამყვან ვექტორად, ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდა არის მიჩნეული. ჩინეთის დღეს უკვე არის მსოფლიოს მეორე მეგა ეკონომიკა, და უახლოეს ათ წელიწადში, პრაქტიკულად ყველა საპროგნოზო გათვლით ნომერ პირველი ეკონომიკა გახდება. სტრატეგიული პარტნიორობა კი ნიშნავს, საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ფუქნქციის კიდევ უფრო მეტად გაზრდას, ჩინეთი ახორციელებს მრავალმილიარდიან პროექტებს ცენტრალურ და შუა აზიაში, ენერგეტიკაში, საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ხოლო კოსმოსის ათვისებაში ხდება ქვეყანა ლიდერი, რომელიც მარსზე მარსმავალის და მთვარეზე ე.წ დაფარულ მხარეს მავალის წარმატებით გაშვების შემდეგ, უახლოეს წლებში მთვარეზე კოსმონავტების გაშვებას გეგმავს.

2022 წელს ჩინეთში, რომელიც უმსხვილესი საიმპორტო ბაზარია, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 19.7%-ით და 736.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იმპორტი გაიზარდა 30.2%-ით და 1,126.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან გაიზარდა 25.8%-ით და 1,863.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველო კი იბრუნებს იმ გეოპოლიტიკურ ფუნქციას, რაც მე-18 საუკუნეში საბოლოოდ დავკარგეთ, და ხდება ევროპა-აზიის სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფანი.

მართალია, მოსკოვს სურს შეინარჩუნოს, ზეგავლენა ცენტრალურ აზიასა და ცენტრალურ კავკასიაზე, და სწორედ აქედან გამომდინარე, არც თავის დროზე იყო მოსკოვი დაინტერესებული ცენტრალურ კავკასიაზე გამავალი „აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფნის" რუსეთისაგან დამოუკიდებლად განვითარებით, მაგრამ რუსეთის მონაწილეობა „ერთი სარტყელი - ერთი გზის" პროექტში უკრაინის ომამდეც მიზერული იყო, ხოლო დღეს მით უმეტეს, როდესაც რუსეთი თავად არის დამოკიდებული ჩინეთზე, მით უმეტეს საერთაშორისო სანქციების შედეგად, ტრანსციმბირული დერეფნის ფაქტიურად გაჩერების გამო.

ქართული ოპოზიცია კი რჩება აცდენილი დროსთანაც და რეალობასთანაც, ყოველნაირ პოლიტიკურ კრეატივ დაცლილი, ოდენ უნიჭოდ დადგმული პერფომანსების ამარა, უფრო საფრთხობელას როლში!", - წერს გიორგი ცუცქირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე