რეზონანსი
23.05.2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტი 61 დღიანი კარანტინის შემდეგ, დღეს 23 მაისს გაიხსნა.

ქალაქ ბოლნისში რამდენიმე ადგილობრივმა ისაუბრა თუ როგორ ცხოვრობდნენ კარანტინის დროს.

გია კორტავას ქალაქში, მცენარეთა დაცვის და შხამ-ქიმიკატების მაღაზია აქვს, ამბობს რომ ამ ხნის განმავლობაში მაღაზია არ დაუხურავს, თუმცა ხალხი ნაკლებად მოძრაობდა და კლიენტებიც ნაკლებად ჰყავდა.

„როცა ჩაიკეტა მუნიციპალიტეტი, მოსახლეობა აქ ვინც ვცხოვრობთ, შევშინდით, რამდენიმე ხანი მაღაზიაც დაკეტილი მქონდა, ადამიანები ერთმანეთთან ვერ მივდიოდით, ვერ ვნახულობდით მეგობრებს, ნათესავებს.

მე მაგალითად მარნეულში ბოსტნეულს ვყიდულობ ხოლმე და ამ დროს პომიდვრის, კიტრის, წიწაკის ჩითილებს მაგრამ გზა რომ ჩაკეტილი იყო ვერ დავრგე ბოსტნეული, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია კარანტინში ყოფნა, მაგრამ ახლაც აუცილებლად უნდა დაიცვას ხალხმა რეკომენდაციები", - ამბობს გია კორტავა.

ნანა კულდონაშვილს ქალაქ ბოლნისში ვეტერინარული მაღაზია აქვს, გვიყვება რომ მისთვის ეს 61 დღე საშინელება და დიდი სტრესი იყო.

„ჩემთვის ეს პერიოდი საშინელება იყო, ჯერ ერთი შიში მქონდა ვირუსი არ შემხვდეს თქო. მაღაზია არ დამიხურავს, მაგრამ მყიდველი მაინც ნაკლებად მყავდა. მე ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და თბილისში ვერ წავედი კლინიკაში გამოკვლევებზე.

აქ მარტო ვცხოვრობ, ჩემი შვილი თბილისში, მაგრამ ვერც ის მოდიოდა და ვერც მე მივდიოდი, სულ მარტო ვიყავი ძალიან შეშინებული, ეს 61 დღე კოშმარულად გავატარე", - გვიყვება ნანა კულდონაშვილი.

ამ დროის მონაცემებით, ბოლნისში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 75 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ასევე, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მუშევანისა და გეტას გარდა, ყველა სოფელსა და მუნიციპალურ ცენტრში მოიხსნა.

წყარო: „პრაიმტაიმი"

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×