რეზონანსი
05.04.2020

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე მატულობს. ეს იწვევს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას და საავადმყოფოებში მედ-პერსონალის, მკურნალობისთვის საჭირო ინვენტარისა და ადგილების დეფიციტს. ალბათ გაიგებდით ევროპასა თუ ამერიკაში მცხოვრები ნაცნობისგან, წაიკითხავდით ან ტელევიზიით მოისმენდით, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია უკიდურეს შემთხვევებში ხდება. მაგალითად, საფრანგეთში თუ პლევმონიის ნიშნები არ გაქვთ, სამედიცინო დახმარებას მობილურის საშუალებით გიწევთ ექიმი და საავადმყოფოში მისვლის უფლება არ გაქვთ. აღნიშნული მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია ნებადართული.

სტატისტიკის მიხედვით ადამიანთა მხოლოდ 20%-ს სჭირდება ჰოსპიტალური დახმარება, ხოლო დანარჩენ 80%-ს თვითმკურნალობა შეუძლია.

თუ ოჯახის წევრს აღმოაჩნდა ცხელება, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, კუნთების ტკივილი, დაღლილობა ან/და დიარეა, მიმართეთ ექიმს. ამისთვის არ არის აუცილებელი რეკომენდაცია „დარჩისახლშის" უგულვებელყოფა. შეგიძლიათ ექიმს მობილურით გაესაუბროთ. ტესტების სიმცირის გამო თუ თვითიზოლაციისკენ მოგიწოდებენ, დარჩით სახლში, რადგან ამერიკის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის განცხადებით კოვიდ-19-ის უმეტესი შემთხვევა „სახლის პირობებში სამედიცინო ჩარევის გარეშეც განკურნებადია".

არსებობს წესები, რომლებსაც ამჟამადაც უნდა იცავდეთ. გაითვალისწინეთ, რომ სახლშიც კი უნდა დაიცვათ გარკვეული წესები. თუ კორონავირუსის ნიშნები გაქვთ, მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტს და იყავით თვითიზოლაციაში. მოერიდეთ შინაურ ცხოველებსაც, რადგან ბელგიაში შინაური ცხოველის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

განცალკევებული ოთახი

მოათავსეთ ინფიცირებული პირი განცალკევებულ ოთახში და თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, გამოუყავით პერსონალური საპირფარეშო. უმჯობესია, თუ ოთახი კარგად ნიავდება.

საკუთარ ოთახთან ერთად, მნიშვნელოვანია ინფიცირებულ პირს ჰქონდეს პირადი ურჭელი, პირსახოცი და თეთრეული. ყოველი გამოყენების შემდეგ ნივთები კარგად უნდა გაირეცხოს. ნივთებს უნდა შეეხოთ ერთჯერადი ხელთათმანით. როდესაც ხელთათმანს მოიხსნით, დაიბანეთ ხელები საპნით ან ალკოჰოლით დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით. ტანსაცმლის გამშრალების დროს გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალია გამათბობლის ტემპერატურა, მით უფრო მეტად იზღვევთ თავს.

ჰიგიენა

დროა ჰიგიენას დიდი ყურადღება მიაქციოთ. „პაციენტის" მეთვალყურე უნდა მოერიდოს დაუბანელი ხელების სახეზე მოკიდებას. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

პირბადეს შეუძლია ვირუსის გავრცელების შეჩერება. ინფიცირებული ადამიანი მას აუცილებლად უნდა ატარებდეს, როდესაც ის სხვა ადამიანის სიახლოვესაა.

თუ ინფიცირებული ადამიანის ზედამხედველს უწევს პაციენტის სისხლთან, განავალთან, ნერწყვთან, ნახველთან, ღებინების მასებთან ან შარდთან შეხება, მას აუცილებლად უნდა ეკეთოს ხელთათმანი და პირბადე. როდესაც ის დატოვებს პაციენტის ოთახს, პირველ რიგში უნდა მოიხსნას და გადააგდოს ხელთათმანი, შემდეგ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები წესების დაცვით და ამის შემდეგ მოიხსნას და გადააგდოს პირბადე და ისევ დაიბანოს ხელები.

არ დაგავიწყდეთ კარის სახელურების დეზინფექცია.

პაციენტის მონიტორინგი

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა ლეტალური არ არის და მკურნალობას მარტივად ექვემდებარება, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან გარკვეულ შემთხვევებში პაციენტებში ვითარდება პნევმონია ან მწვავე რესპირატორული აშლილობის სინდრომი.

ამერიკის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, თუ პაციენტს უჭირს სუნთქვა, გრძნობს ტკივილს მკერდის არეში, დალუჯრებული აქვს ტუჩები ან სახე, მაშინათვე მიმართეთ ექიმს. შესაძლოა კოვიდ-19-ის სამკურნალო წამალი არ არსებობს, თუმცა გართულებული პაციენტების გამოჯანმრთელება და მათი მდგომარეობის კონტროლი საავადმყოფოებში სხვადასხვა ინვენტარის დახმარებითაა შესაძლებელი.

პალიაციური ზრუნვა და გამოჯანმრთელება

გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია ინფიცირებულის დასვენება და ბევრი სითხის მიღება. თუ პაციენტს ტემპერატურის მატება აღენიშნება, შეუძლია სიცხის დამწევი წამალი დალიოს.

 

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×