რეზონანსი
14.12.2019

  ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას იხსენებს. კუბლაშვილი ჟურაბ ჟვანიასთან საუბარს აქვეყნებს.

"ჩემი პირველი წარმატება და ჰონორარი წარმოუდგენელი გამარჯვება ერთ ღამეში დაწერილი თავისუფალი თემისთვის - "არის თუ არა კორუფცია ჩემი პრობლემა" და სიცოცხლის ბოლომდე დაუვიწყარი დიალოგი:

ზურაბ ჟვანია: ჩემს სამუშაო მაგიდაზე მექნება საკითხავად მარიამ თქვენი ნაშრომი, ის უნდა ნახოს თაობებმა.

მე: დიდი მადლობა.

ზურაბ ჟვანია: ეს ფული ჭკვიანურად დახარჯე იცოდე, არ გაფლანგო (იცინოდა).

მე: არა, როგორ გეკადრებათ (დავიწვი სირცხვილით)

ზურაბ ჟვანია: მინდა პარლამენტის სხდომაზე მოგიწვიოთ, დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება.

მე: დუმილი. გავშეშდი, ვეღარ ვსაუბრობდი. წარმოუდგენელი რეალობა დამატყდა თავს. მომკიდა ხელი და გამიყვანა გადავსებულ დარბაზში რამდენიმე პოლიტიკური ფიგურის წინ ( ალექსანდრე კარტოზია, ვახტანგ რჩეულიშვილი, ელენე თევდორაძე ვინც ზუსტად მახსოვს), ამ დროს ვფიქრობ ზღაპარში ვარ, ზურაბ ჟვანია მიმართავს იმ დროის განათლების მინისტრ - ალექსანდრე კარტოზიას: გთხოვთ, მოგვიყევით ამ გოგონაზე თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ.

ალექსანდრე კარტოზია: მსურს მადლობა გადავუხადო ახმეტის I საშუალო სკოლის დირექტორს, რომ ასეთი მოსწავლე გაზარდა, მის დამრიგებელს. გადაეცით, რომ მზად ვართ თქვენი სკოლისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. მოგვმართეთ.

მე უკვე ვეღარ ვაზროვნებდი, ხელში მიჭირავს საჩუქრები, ყვავილები, კონვერტი, დიპლომი და პირველი სატელევიზიო ინტერვიუ, აპლოდისმენტი და შექება, მერე ვისგან, ეს ხომ დაუჯერებელია.

ბოლოს, ზურაბ ჟვანია აგრძელებს კვლავ ჩემზე: ახლა კი დროა მარიამი საპატიოდ მივიწვიოთ პარლამენტის სხდომაზე. გთხოვთ, ( მგონი 14:00 ან 15:00 საათი თქვა) არ გახვიდეთ ქალაქიდან და გელით სხდომაზე. ქალაქში გზააბნეული დავდიოდი, ვიტირე სიხარულით, კონვერტი გავხსენი 500 ლარი დევს, რამხელა ფული იყო ეს ჩემთვის რომ იცოდეთ...სამი თვის წინ მართლა ( მეგობრები, მასწავლებელი, დედაჩემი დაადასტურებენ და არ დამცინებენ) ერთ ღამეში ყოველი შემთხვევისთვის დავწერე თემა, თბილისში ჩემმა აღმზრდელმა და ჩემზე უდიდესი ამაგის მქონე - ნელი როსტომაშვილმა ჩამოიტანა და დატოვა პარლამენტში. დაგვიანებულიაო იქ უთქვამთ ან ვინ წაიკითხავსო, მთელი საქართველოს მასშტაბით იყო კონკურსი და იმდენი ნაშრომია ფიზიკურად ვერ შეძლებენ წაკითხვასო. სწორედ ამიტომ, ეს რომ გავიგე, იქვე დამავიწყდა ჩემი თემა და გამარჯვების ( თუნდაც მესამე ადგილის) იმედიც ამომეწურა. სამი თვის შემდეგ გამგებლის ზარი და „ბავშვს იწვევენ პარლამენტში" მიზეზი ვერ გავიაზრე და ვიდრე ჯილდოთი ხელში არ აღმოვჩნდი, ვერც დავიჯერე.

პარლამენტის სხდომა იყო ნამდვილი შოკი, არა ეს იყო შოკი! ზურაბ ჟვანია არვიცი რატომ, რისთვის, თავმჯდომარის სკამიდან ფეხზე დგება და აცხადებს: "კოლეგებო, გთხოვთ, ყველა ფეხზე წამოდგეთ, ჩვენ დღეს გვესწრება მარიამ კუბლაშვილი, მოსწავლე, რომელმაც თავისი ხელით, აბსოლუტურად ბუნებრივი და გულწრფელი ენით, დაწერა თემა: "არის თუ არა კორუფცია ჩემი პრობლემა?" და გირჩევთ თითოეულმა თქვენგანმა წაიკითხოთ და გაიაზროთ იგი. "

მახსოვს პარლამენტი ფეხზე დგას, ტაში და რამდენიმე სახე, შეძახილები - მადლობა მარი, ვამაყობთ მარიამ. ეს სცენა რომ მახსენდება ახლაც არ მჯერა და ვერც ვიაზრებ, მერე აღარაფერი მახსოვს. ემოციებით გავითიშე.

დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. მისი დაღუპვით მარტო მე კი არ დავკარგე იმედი და საყრდენი, არამედ ქართულ პოლიტიკურ მომავალს ხელიდან გამოეცალა კრიტიკული, ჯანსაღი აზრი. ჩემი პირველი სიხარული და პირველი ჰონორარიც მის სახელს უკავშირდება, ყველაზე ძვირფასი დღეს ჩემი შემოქმედებითი წარსულიდან სწორედ ეს ჯილდოა", - წერს მარიამ კუბლაშილი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანია 9 დეკემებერს გარდაიცვალა, მას 56 წელი შეუსრულდებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×