სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    23.12.2017

    თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში გახშირებულ ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულად აზიანებენ კონკრეტულ სკვერებსა და საახალწლო განათებებს.

    "ძალიან ცუდია ის ფაქტები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამოვლინდა. მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სკვერების, თუნდაც საახალწლო განათებების დაზიანება. ძალიან სამწუხაროა.

    "მინდა, მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რადგან ეს ქალაქი არის თითოეული ჩვენგანის. როგორც საკუთარი ოჯახი, საკუთარი სახლი, ისე უნდა მივუდგეთ და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არც ერთი ჩვენგანი არ მიდის სახლში და არ ამტვრევს რაღაცებს. ასე უნდა მოვექცეთ ამ ქალაქსაც.

    "როდესაც რაღაც კეთდება, რაღაცას რეაბილიტაცია უტარდება, გულდასაწყვეტია, რომ მეორე, მესამე დღეს მიდიან კონკრეტული ადამიანები, არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები და მიზანმიმართულად ხდება დაზიანება. ეს მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება გვერდით დაგვიდგება იმაში, რომ ვაწარმოოთ კამპანია, რათა ქალაქს ყველამ მოვუაროთ", - განაცხადა კალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საახალწლო დეკორაცია დააზიანეს. დაზიანებული დეკორაცია "თბილსერვისის" თანამშრომლებმა გეგმური შემოვლისას აღმოაჩინეს.

    რამდენად დამაჯერებელია მერის მტკიცება, რომ თბილისში საახალწლო განათებებს გარკვეული პირები მიზანმიმართულად აზიანებენ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "თუ ქალაქის მერს კონკრეტული მტკიცებულება აქვს, უნდა თქვას. სხვა შემთხვევაში, ვარაუდის დონეზე ასეთი განცხადება მასაც დააზიანებს და საზოგადოებასაც."

     

     

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "არ ვიცი, ვერ გეტყვით, მიზანმიმართულად ხდება თუ არა, მაგრამ რაც ხდება, სამარცხვინოა. დეკორაციების დამახინჯება ყოველთვის ხდებოდა, დიდად ახალი არაა, თუმცა თუ არის ეჭვი, რომ ამას ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს, ვინც უნდა იყოს, ჩვეულებრივი ვანდალიზმია.

    "თუ ეს პარტიული კუთხით კეთდება, კიდევ უფრო კატასტროფაა, თუმცა ვერ დავდებ თავს, რომ მიზანმიმართულია."

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "ახალი დადგმული საქანელა თავისით რომ არ ტყდება და დეკორაცია თვისით არ ფუჭდება, ამაზე, მგონი, ყველა ვთანხმდებით. რა თქმა უნდა, ვიღაცის გაკეთებულია. კონკრეტული ადამიანების თაობაზე ვერაფერს გეტყვით, არ მყავს არანაირი სამიზნე, მაგრამ ვიღაცებს რომ ეს არ მოსწონთ და მიზანმიმართულად აკეთებენ, ყველამ ვიცით."

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "ახალგაზრდობის სენია, რასაც არამოტივირებული ვანდალიზმი ჰქვია. ახალგაზრდები სპორტზე არ დადიან და ენერგიას ვერსად ხარჯავენ, ეს მიმართულება მისახედია. ბატონი მერი სპორტსმენია და უნდა ესმოდეს, რომ ახალგაზრდულ ენერგიას დაცლა უნდა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (23.12.2017)
    ჩემო კახა, ახლა ამასაც ნაცებს ნუ დაბრალებთ, საქართველოში და კონკრეტულად თბილისში ათეული წლების განმავლობაში ვხვდებოდით ამ საშინელი ვანდალიზმის ფაქტებს, ხშირად ხდებოდა რეაგირება, თუმცა სამწუხაროდ იმ პირების გამოვლინება არ ხდებოდა ვინც ამ საშინელებებს ჩადიოდა. დღეს ხელისუფლებას აქვს ამის გამოვლენის საშუალება, ყოველ ნაბიჯზე კამერებია, ხოდა მიხედეთ ჩემო კარგებო და დაანებეთ ლეგენდების შექმნას.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter